ავტორი:

თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები მიმდინარეობს - რა ხდება დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში? (ფოტო/ვიდეო)

თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები მიმდინარეობს - რა ხდება დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში? (ფოტო/ვიდეო)

თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქციები მიმდინარეობს. ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიძრა 5 ლოკაციიდან რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. რუსთაველი გადაკეტილია.

ევროპის დღესთან დაკავშირებულ მარშს, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნისკენ მიემართება, სტუდენტებიც შეუერთდნენ. მსვლელობის სათავეში ახალგაზრდებს აქციების პერიოდში დაკავებული პირების ფოტოები უკავიათ, უკან კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მიჰყვებიან მოქალაქეები.

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: "საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

როგორც კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა და ევროპის მოედანზე გამართული აქცია, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

"დღეს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის. მარტივი მოცემულობა გაახმოვანა ევროკავშირის ელჩმა, თქვა, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი კი არ განახლდება, ვიდრე ხელისუფლება ევროპულად არ მოიქცევა. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროევროპული ხელისუფლებით, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ეს შანსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, საქართველომ ხელიდან გაუშვა, ნიშნავს ათწლეულობით გადავადებულ ევროინტეგრაციას",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

"ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“ - ამ ლოზუნგით მეტროსადგურ "ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიძრა.

ისინი აღნიშნული ლოკაციიდან "ევროპის მოედნისკენ“ მიემართებიან. მსვლელობა-მარშში ასევე მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლი. მათ დაკავებულთა ფოტოსურათები უკავიათ წარწერით - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას“.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ, მათი გადაადგილება გარკვეული პერიმეტრის ფარგლებში უზრუნველყოთ.

დაპირისპირება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მარშის მონაწილეებს მსვლელობის დროს გზაზე დიდი ბანერის გაშლა უნდოდათ, რაც გზის მოზრდილი პერიმეტრის დაკავებას მოითხოვდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.

"ძირს პოლიციური რეჟიმი“, "საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, "ეთერი ხალხს, ეთერი ჩაგრულებს“, "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - სკანდირებენ მარშის მონაწილეები.

  • გიორგი ჟამერაშვილის და ვანო გორგიშვილის ფოტოები