ავტორი:

უკრაინასა და უნგრეთს შორის "ჯაშუშური ომი" გაჩაღდა - როგორ ვითარდებოდა პროცესები?

უკრაინასა და უნგრეთს შორის "ჯაშუშური ომი" გაჩაღდა - როგორ ვითარდებოდა პროცესები?

ოფიციალურ კიევსა და ბუდაპეშტს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნელოვნად იძაბება.

ყველაფერი დაიწყო ასე:

9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. კერძოდ, მათი მტკიცებით, დააკავეს ორი ეჭვმიტანილი აგენტი, რომლებთანაც დაკავშირებული პირი უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო. SBU-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ გამოავლინა უნგრეთის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრიდა ძირს. სავარაუდო ჯაშუშური ქსელის მიზანი იყო "ინფორმაციის შეგროვება ზაკარპატიეს ოლქის სამხედრო თავდაცვის შესახებ, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი ადგილების მოძიება. ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, "თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ".

SBU-ს თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილია 40 წლის ყოფილი ჯარისკაცი ზაკარპატიეს ბერეგოვეს რაიონიდან, სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ბევრი ეთნიკურად უნგრელია. უშიშროების თქმით, ის 2021 წელს დაიქირავეს და "მძინარე“ რეჟიმში ჰყავდათ, შემდეგ კი, 2024 წლის სექტემბერში, "გააქტიურეს“.

SBU-მ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობისა და სხვა სამხედრო შესაძლებლობების შესახებ.

"მეორე დაკავებული ეჭვმიტანილი ქალია, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყოფილი წევრი, რომელმაც თავისი ქვედანაყოფი წელს დატოვა" - ნათქვამია განცხადებაში.

ეჭვმიტანილების ვინაობა არ გასაჯაროებულა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებიდან რამდენიმე საათში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა გააძევა უკრაინის საელჩოს ორი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა, რომ გაძევების შესახებ შეტყობინება უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცა.

მანამდე, დღის დასაწყისში კი, სიიარტომ უნგრეთის ტელევიზიას უთხრა, რომ უნგრეთს უკრაინისგან ჯაშუშების საქმის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და რომ ამ ეტაპზე "ეს უნდა კლასიფიცირდეს, როგორც პროპაგანდა, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“.

"უკრაინაში ფიზიკური ომის გარდა, პროპაგანდისტული ომიც მიმდინარეობს", - თქვა სიიარტომ. "ნათელია, რომ უკრაინაში ხშირად გამოიყენება ანტიუნგრული პროპაგანდა, რომელსაც ბევრ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია“.

დღის ბოლოსკენ კი ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გაავრცელა. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

"ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, - განაცხადა სიბიგამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ მოქმედებს, ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, არ არის გამორიცხული, შექმნილ ვითარებაში რუსეთის ხელი ერიოს, რომელიც ცდილობს ზაკარპატიეში ეთნიკურად უნგრელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დაძაბულობის გაღვივებას.