ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.
"კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს“, - წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა.
"პირველი, მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ აშშ-თან ერთად ვამუშავებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი დროს აჭიანურებს და წინაპირობებს აყენებს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას, აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე, სუვერენიტეტი - სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. და ბოლოს, მომავალი - უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის და ასევე, იმ ევროპული იდეისთვის, რომლისაც ჩვენ გვჯერა. თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინა ჩვენი მიზანია“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.