რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას და მის მოკავშირეებს 15 მაისიდან "პირდაპირი მოლაპარაკებების" დაწყებას სთავაზობს. ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელმა ლიდერებმა მოსკოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდეს.
პუტინის განცხადებით, რუსეთ სურს "სერიოზული მოლაპარაკებები", რომლის მიზანიც "ხანგრძლივი მშვიდობისკენ სვლა" იქნება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები სტამბოლში უნდა გაიმართოს და ეს უნდა იყოს 2022 წლის მოლაპარაკებების გაგრძელება. პუტინის განცხადებით, დეტალების განსახილველად თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.
“შაბათს, 2025 წლის 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით.
ისინი შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება შეზღუდული იყოს არავითარი პირობებით. თუ რუსეთი ასეთ პირობებს წამოაყენებს, ეს შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ომის გაგრძელებისა და დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.
ისინი მოითხოვენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი იყოს: ცაში, ზღვასა და მიწაზე…
ისინი მიესალმნენ იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ და შინაარსიანი საუბრების ჩატარებისკენ მოწოდებას მხარს უჭერს როგორც ევროპა, ასევე შეერთებული შტატები.
მათ აღნიშნეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების უკიდურესი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი ასევე უნდა გახდნენ საგარანტიო ძალები (კონტინგენტი).
ისინი შეთანხმდნენ: თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, საჭირო იქნება უფრო მკაცრიო სანქციების გამოყენება მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც სამიზნეში ამოიღებენ წიაღისეულ საწვავს, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტს.
ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის ძლიერი სანქციების მე-17 პაკეტის მიღებასა და მისი იმ სანქციებთან კოორდინაციაზე, რომლებიც შემოიღეს დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა.
ისინი შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებაზე და ამ საკითხის “დიდი შვიდეულის” შემდეგ სამიტზე განხილვაზე.
მათ მზაობა გამოხატეს მომავალშიც გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით უკრაინული არმიის. ეს უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვითი სიმყარის დაფინანსებას და ინვესტიციებს შეიარაღების წარმოებაში როგორ უკრაინაში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც ერთობლივი პროექტების ფარგლებში,” - ნათქვამია განცხადებაში.