იაპონიაში, ქვეყნიდან კიბორჩხალების კონტრაბანდით გატანის მცდელობის ფაქტზე, პოლიციამ სამი პირი დააკავა. 24, 26 და 27 წლის ეჭვმიტანილები, იაპონური მედიის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები არიან. ისინი იაპონიის სამხრეთ კუნძულ ამამიზე დააკავეს, სადაც სპირალისებური ნიჟარის მქონე კიბორჩხალები დაცულ სახეობას წარმოადგენს.
პოლიციის თქმით, აკრძალული ტვირთის შესახებ შეტყობინება მათ სასტუმროს პერსონალისგან მიიღეს, რომლებმაც სტუმრების ჩემოდნებში "საეჭვო" შრიალი შენიშნეს. ოფიცრებმა ჩემოდნებში მოგვიანებით ათასობით კიბორჩხალა იპოვეს, რომელთა საერთო წონა 150 კგ-ს აღემატებოდა.

"გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, გასაყიდად სურდათ მათ კიბორჩხალები, თუ საკვებად ან მოსაშინაურებლად",- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბარში.
პოლიციის ინფორმაციით, ნიჟარიანი კიბორჩხალები "ეროვნულ საგანძურს" წარმოადგენენ და ისინი ამამის კუნძულის მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების ნაწილი არიან.
"Japan Times"-ის ცნობით, ნიჟარიანი კიბორჩხალების ღირებულება 20 000 იენამდე (140$-მდე) აღწევს.