ავტორი:

"აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს... რაც ეს დაავადება დამიდგინდა, მას მერე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება..." - რას გვიყვებიან ბიჭები, რომელთა პარიზის მეტროში შესრულებული სიმღერა ინტერნეტჰიტად იქცა?

"აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს... რაც ეს დაავადება დამიდგინდა, მას მერე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება..." - რას გვიყვებიან ბიჭები, რომელთა პარიზის მეტროში შესრულებული სიმღერა ინტერნეტჰიტად იქცა?

რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის "არსენალი“ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სოციალური ქსელი ემოციურმა ვიდეომ მოიცვა. ვიდეოში პსჟ-ს მაისურიანი ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად პარიზის მეტროში "ბინდისფერია სოფელის" აკაპელას მღერის. ambebi.ge-მ გაარკვია ამ ახალგაზრდების ვინაობა, რომელთა შორის არის 20 წლის დუშელი ლუკა ისაშვილი (სოცქსელებში - "პუშკინა“). ლუკა მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული თვითნასწავლი მომღერალია, მესამე წელია პარიზში იმყოფება და მეგობრებთან ერთად ხშირად უწევს ქუჩასა თუ მეტროში ქართული-ხალხური რეპერტუარის შესრულება.

ლუკა ისაშვილი:

- ნახევარფინალის დღეს მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის - ბერდო ჭინჭარაული და გიორგი ღვინაშვილი (რომლებიც ვიდეოში ჩანან) ქართულ რესტორან "ვაზში“ ეკრანზე ვუყურებდით თამაშს და ხვიჩას ვგულშემატკივრობდით.

სხვადასხვა მხარეს მივდიოდით სახლებში და დამშვიდობებისას მეტროს გვირაბში გადავწყვიტეთ გვემღერა. მანამდე, გახარებულებმა რესტორანში, ქუჩაში, მეტროში ჩასვლამდე იმდენი ვიყვირეთ, ვიღრიალეთ და ვიმღერეთ, რომ მართლა ბოლო ხმები ამოვუშვით და ამ სიმღერით დავასრულეთ. დამშვიდობებისას გავძახე ბერდოს, ფანდური გააძრე-მეთქი და იმან იქედან, მოიცა, აკაპელა ვიმღეროთო და "ბინდისფერია სოფელი“ შევასრულეთ. ვიდეო ჩვენმა მეგობარმა ნიკუშა ეთერიშვილმა გადაიღო და ძალიან უხარია, ასეთი დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა. მართლა ძალიან სევდიანი სიმღერაა, არაა საზეიმო, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მამა და ბიძაჩემები მღეროდნენ ხშირად. ოჯახში არავინ მყავს პროფესიონალი მუსიკოსი და მომღერალი. მე და ჩემი ძმა ერთხანობას მუსიკით და ხალხური საკრავებით დავინტერესდით, ფანდურის შესწავლა დავიწყეთ, იქ ელემენტარული ვისწავლე, დანარჩენი - ჩემით.12-13 წლიდან ვმღერი, მოყვარული ვარ, ვუკრავ ფანდურზე და გიტარაზე.

არც ჩემი მეგობრები არიან პროფესიონალები, დროდადრო ასე ვირთობთ თავს - ვმღერით პარიზის ქუჩებში და მეტროში, ძირითადად ხალხურ სიმღერებს. ღმერთმა მოგვცა ნიჭი და სადაც და როგორც გვემღერება, ისე ვმღერით. მესამე წელია, პარიზში ვცხოვრობ და ეს ბიჭები 2-3 თვეა რაც გავიცანი, მალე გამოვნახეთ საერთო ენა. პარიზში საკმაოდ ბევრი ქართველია...

- პარიზში როგორ და როდის მოხვდით?

- საფრანგეთში წასვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე, ნახევარი სემესტრი ვისწავლე, მერე საფრანგეთში მომიწია წამოსვლა და აკადემიური ავიღე. პარიზში 2023-ში ჩამოვედი სამკურნალოდ და ლეიკემიაც დავამარცხე, ყველაფერი იდეალურად მიდის...

@puushkiinaa #foryou #ფორიუ #fupシ #global #viral #myself #fight ♬ som original - ᴀᴇꜱᴛʜᴇᴛɪᴄꜱ 🕊🔱

ამ ეტაპზე მარტო ვცხოვრობ, ენა არ მიჭირს, ავითვისე... ეს პირველი ვიდეო არ იყო და არც უკანასკნელი, რაც აიტაცეს, მეტროში სულ გვიწევს სიმღერა, დავდივართ ფანდურით, საქართველოს დროშით. ხშირად შემხვედრია ასეთი კომენტარი - ეს ფრანგები როგორი ცივები არიანო. რატომღაც ისე ემთხვევა, ვიდეოებში არ ჩანს მათი რეაქციები, მაგრამ ფრანგებს ძალიან მოსწონთ ჩვენი სიმღერები, ხშირად ტელეფონით გვიღებენ, გვეფერებიან, შორიდან გულებს გვიჩვენებენ. ამასწინათ, დროშით მოვდიოდით და ვმღეროდით, ფერადკანიანმა კაცმა ბოლო ხმაზე, განწირული ხმით დაიწყო ყვირილი - კვარაცხელია, კვარაცხელია!. უნდოდა, ჩვენთვის გაეგებინებინა, რომ მიხვდა, ქართველები ვიყავით და უხაროდა. ვფიქრობ, მოსახლეობას და ქალაქს არ ვაწუხებთ, პირიქით, ახარებთ ჩვენი დანახვა და სიმღერა.

- ანუ ფრანგებმა სამ თვეში მოასწრეს ხვიჩას შეყვარება...

- კი, "კვარა" აქ ძალიან უყვართ, სულ მის ქებაში არიან, ძალიან აფასებენ და იმაზე გიჟდებიან, ასეთი თავმდაბალი როგორ არისო. ძალზე იშვიათია ვარსკვლავი და ასეთი თავმდაბალი. "კვარამ" "არსენალთან“ თამაშისას ძელს რომ გაარტყა ბურთი, მანდ ხმა წამერთვა, გუნდი ფინალში რომ გავიდა, ამაზე საერთოდ გადავირიე. მჯერა, პსჟ ფინალს მოიგებს, ისეთ ფორმაშია, ასეთი დალაგებული გუნდი ძველ "რეალს" მახსენებს (ზოგადად, "რეალის" გულშემატკივარი ვარ). ლუის ენრიკეს ძალიან უყვარს "კვარა". ხვიჩა რომ იყოს ის ფეხბურთელი, რომელსაც პასებით ამარაგებენ, ბევრად დიდ შედეგს დადებდა. პირიქით, ხვიჩა ამარაგებს თანაგუნდელებს, დაცვაშიც არის და ფლანგებზეც, ის უნივერსალური ფეხბურთელია.

რეპერ გიმსის "განდაგანა“ ძალიან პოპულარულია საფრანგეთში, ის ფრანგულ "ვოისშიც“ იყო და კლიპიც ჩაწერა, სადაც ქართველი მოცეკვავეები ცეკვავენ აჭარულს. მოცეკვავეებს კარგად ვიცნობთ, ისინიც ჩვენი მეგობრები არიან, პარიზის ქართულ ანსამბლში ცეკვავენ. ხვიჩას გარდა, აქ ყველა წარმატებულ ქართველს იცნობენ - მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას...

საუბარში ლუკას მეგობარი ბერდო ჭინჭარაული ერთვება:

- პარიზი ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი ქალაქია, არ არსებობს ალბათ ქვეყანა, საიდანაც მიგრანტები არ არიან, აქ კულტურების შერწყმა ხდება. ფრანგებისთვის ფანდური უცხოა, არავინ იცის, რა არის და ვცდილობთ, გავაგებინოთ ამ საკრავის მნიშვნელობა.

ჩვენს ვიდეოს ალბათ პსჟ-ს ფინალზეც ნახავთ... "კვარას" იმედი გვაქვს და ძალიან მინდა ფინალი მოიგოს.

ჩვენ ჟორჟ მიქაუტაძეს და მის ოჯახსაც კარგად ვიცნობთ, ჩვენი სამრევლოა, მოძღვარი გვყავს საერთო - მამა ანტონი, წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში წირავს. მამა ანტონს სხვადასხვა ქალაქებში ჰყავს სამრევლო და ჩადის ხოლმე ლიონში, ბორდოში, ნანტში.. ჟორჟი თამაშამდე მამა ანტონს უგზავნის ხოლმე შეტყობინებას, წინასწარ ეუბნება, ერთი გოლი შენ უნდა მოგიძღვნაო და მართლაც, ყოველთვის იტანს. ძალიან საყვარელი ადამიანია ჟორჟი, "კვარამდე" ფრანგები მას იცნობდნენ. როცა ფრანგები იგებენ ქართველები ვართ და "კვარას" და "ჟორჟის" სამშობლოდან, ძალიან მოწიწებით გვექცევიან.

- ლუკა, როდის აპირებ სამშობლოში დაბრუნებას და რა გეგმები გაქვს?

- წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მივხვდი, რომ არაფერი უნდა დაგეგმო, ღმერთს უნდა მიანდო შენი ცხოვრება. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, მიზნები არ გქონდეს. რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ, ჯერ ვმკურნალობ, ყველაფერი იდეალურად მიდის, ფაქტობრივად, განვიკურნე, თუმცა მაინც ვაგრძელებ ქიმიებს. ძალიან გამიმართლა, აქ რომ მომკიდეს ხელი, ყველას არ უმართლებს... ის ვიცი, რომ ჩემთვის საქართველოს გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ძალიან მიყვარს, პათეტიკური არ მინდა ვიყო, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს სამშობლო და ჩემი ქალაქი - დუშეთი, საიდანაც იწყება მთელი საქართველოს სიყვარული. სამუდამოდ რომ დავტოვო საქართველო, ეს გამორიცხულია, თუმცა აქ როგორ ვცხოვრობთ, იცით? - პარიზში ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს და ქართველებს დიდი ერთობა გვაკავშირებს. ისე, მინდა სწავლა აქ გავაგრძელო, მუსიკის განხრით. თბილისში აკადემიური მქონდა აღებული და ვადა გაუვიდოდა. შეიძლება მიმიღონ კიდეც, არ ვიცი, თუმცა რაც ეს დაავადება დამიდგინდა, მას მერე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მოხდა ღირებულებების გადაფასება... თავდაპირველად თეატრალურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მსახიობობა მინდოდა, თუმცა დავაგვიანე... მერე კონსერვატორიას ვფიქრობდი, მეც არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ფსიქოლოგობა, ახლა ვხვდები, რომ ყველაზე ახლოს ჩემთვის მუსიკაა და ჩემს მომავალს მას დავუკავშირებ.