ავტორი:

“მობილური ტელეფონიც გამომართვა, ხელიც კი გამარტყა...“ - “ტვ პირველის“ ჟურნალისტის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა

“მობილური ტელეფონიც გამომართვა, ხელიც კი გამარტყა...“ - “ტვ პირველის“ ჟურნალისტის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა

"ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, შინჯიკაშვილმა მაკასარაშვილს ასევე, მობილური ტელეფონი წაართვა და სატელევიზიო კამერა გაიტაცა.

"სრული განუკითხაობა ქვეყანაში! თავდასხმა "ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა "ტვ პირველის“ სატელევიზიო კამერა.

პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა,“ - წერს მელაძე.

  • თავდასხმის შესახებ "ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა თავად ჟურნალისტმაც. მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა, მას პირადი მობილური ტელეფონი წაართვა, მის ოპერატორს კი - კამერა.

ჟურნალისტის თქმით, შინჯიკაშვილის მამა თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მასთან ინტერვიუ ჩაწერეს და მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდნენ.

"როდესაც ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა და ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიყავი და ჩემი მობილური ტელეფონი მეჭირა ხელში, ეს მობილური ტელეფონიც გამომართვა. გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ“, - განაცხადა მარიამ მაკასარაშვილმა "ტვ პირველთან“.

იხილეთ ასევე: