ავტორი:

"ძალიან რთულია იმ ტკივილით სიარული, რაც ჩვენი ახლობლის დაღუპვას მოაქვს... გთხოვთ, იყოთ ფრთხილად!" - ambebi.ge -ს მკითხველის კითხვებს მევლუდ მელაძე პასუხობს

"ძალიან რთულია იმ ტკივილით სიარული, რაც ჩვენი ახლობლის დაღუპვას მოაქვს... გთხოვთ, იყოთ ფრთხილად!" - ambebi.ge -ს მკითხველის კითხვებს მევლუდ მელაძე პასუხობს

"პალიტრანიუსის“ გადაცემა "სახალხო ინტერვიუ“ - "დაუსვი შეკითხვა“ - ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან ჩვენსავე "ფეისბუქგვერდზე“.

ამჯერად თქვენს დასმულ შეკითხვებს უპასუხა პროფესიონალმა მრბოლელმა, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

- რამდენად მოქმედებს ალკოჰოლის მიღება საჭის მართვისას, როგორია თქვენი გამოცდილება და რა რაოდენობის სასმელს გაუწევდით რეკომენდაციას საჭესთან დაჯდომის წინ?

- საქართველოში ბევრს აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. ელიან ალბათ, რომ რაღაც დაშვებას გავაკეთებ, მაგრამ არანაირ რეკომენდაციას არ გავუწევ არანაირ ალკოჰოლს და მის მიღებას. როცა საჭესთან ნასვამი ვსხედვართ, ასევე დაღლილიც კი, - ეს მომართული იარაღია, რომელიც როდის ამოქმედდება, კაცმა არ იცის. ერთი შეცდომა, ერთი გამოტოვებული ნიუანსიც კი საბოლოო ჯამში შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

- რატომაა მართვის მოწმობის აღება ფულის საშოვნელ დაზგად ქცეული? არცერთ ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდება...

- მაქვს ურთიერთობა ინსტრუქტორებთან, ვინც უშუალოდ მანქანის მართვას ასწავლის და ვიცი, მართვის მოწმობის ასაღებად როგორი რთულია გამოცდების ჩაბარება. არა იმიტომ, რომ მართვა არ იციან, არამედ, რაღაც ხელოვნური ბარიერებია შექმნილი, რაც, ჩემი აზრით, არასწორია.

ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ გამოცდები ქუჩაში გამოსულიყო, რაც სწორია. ცივილურ სამყაროში ყველგან ასეა, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ახლა არის... გამოსაცდელი პირისგან უნდა ველოდეთ იმას, რეალურად იცის თუ არა მართვა ქალაქისა და მაგისტრალის სხვადასხვა სიტუაციაში და არა ის, რომ მას ხელოვნური ბარიერები შევუქმნათ, რომ ვერ ჩააბაროს გამოცდა. ჩემი აზრით, ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც არასწორია... მოკლედ, ის სისტემა, რომელიც ახლა არსებობს, არ არის კარგი, მაგრამ მისი შეცვლა ჩემს ძალებს აღემატება.

- ბატონო მევლუდ, მაინტერესებს, გარკვეულ ადგილებში, როდესაც შუქი ქრება და შუქნიშნები არ მუშაობს, საცობები არაა. რა გამოდის, იქ შუქნიშანი ზედმეტია?

- ასეთ ექსპერიმენტს ჩავატარებდი, - შუქნიშნებს საერთოდ გამოვრთავდი და დავაკვირდებოდი, ბუნებრივად იქ როგორ ხდება მოძრაობა. ყველამ ვიცით, როდესაც შუქი არ არის და შუქნიშნები არ მუშაობს, საცობი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ან მხოლოდ მცირე შეფერხებაა. ეს უსაფრთხო არ არის, მეტი საფრთხის შემცველია, მაგრამ კარგი მაგალითია იმისთვის, რომ როგორ შეიძლება შუქნიშნები გამართულად მუშაობდეს. დაკვირვება გამორთულ შუქნიშნებზე მოგვცემდა ზუსტი ანალიზის გაკეთების საშუალებას, თუ როგორი სისტემით შეიძლება გავმართოთ შუქნიშნები.

რიგ ადგილებში მათ საერთოდ გავაუქმებდი და დავყოფდი შრეებად, გზებს ერთმანეთს ავაცდენდი. ფეხით მოსიარულე და ავტომობილი ერთმანეთთან საერთოდ რომ არ გადაკვეთილიყვნენ. ამის მაგალითი ევროპაში არაერთია, ევროპულ მაგალითებს მოვიტან, რადგან საგზაო უსაფრთხოება ყველზე დახვეწილად მაინც ევროპაშია.

- საცობები სპეციალურად იქმნება, არავინ მალავს ამას და მიზანიც სწორედ ესაა! რას იტყვით?

- დაანონსება ხდება იმის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ, შევზღუდოთ კერძო ავტომობილების მოძრაობა. ამის პარალელურად ხდება იმის აფიშირებაც, რომ სადღაც გზა გაფართოვდა, გზაჯვარედინი მოეწყო და იმ კონკრეტულ გზაჯვარედინზე გამტარუნარიანობა გაიზარდა. სიმართლე გითხრათ, ეს ორი ერთმანეთთან რა კავშირშია, ვერ ვხდები?!. თუ ვზღუდავთ, მაშინ უნდა იყოს გაცხადებული, რომ ვზღუდავთ. თუ არ ვზღუდავთ და გვინდა, რომ განვმუხტოთ, მაშინ უნდა იყოს გაცხადებული, რომ განვმუხტოთ.

ჩემი აზრით, ცოტა დაბნეულია ის ხალხი და ის ჯგუფი, ვინც უშუალოდ ამაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, არავის უნდა საცობი, მათ შორის იმ პირებსაც, ვინც ამაზე მუშაობს. იმ ადამიანებსაც უქმნის ეს ყველაფერი პრობლემებს. ვფიქრობ, რაღაც აცდენასთან გვაქვს საქმე - აქ შესაბამისი სპეციალისტები უნდა იყვნენ ფოკუსირებულები... აქაც ცოდნის დეფიციტი გვაქვს.

- ჩემი შვილი ავარიას შეეწირა. ვიცი, რომ თქვენც დაკარგეთ ოჯახის წევრი, როგორ გაუმკლავდით ამ საშინელ ტკივილს, მინდა, ამისგან სხვისი შვილები მაინც დავიცვა, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი. რას მირჩევთ?

- ძალიან მძიმე კითხვაა ჩემთვისაც... სამწუხარო ისაა, რომ ვერაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტკივილი როგორღაც ჩავაქროთ. არ ქრება, მას საშველი არ აქვს. უბრალოდ, ადამიანები ვპოულობთ რაღაც ხავსს, რომ ჩავეჭიდოთ და როგორღაც ჩავაქროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ის არსებობს... ხოლო კითხვაზე, როგორ შეიძლება, რომ სხვებს მაინც ვუშველოთ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი კითხვებზე პასუხის ამის ნაწილია. ყველგან, სადაც ხმა მიგვიწვდება, გავაფრთხილოთ, ვასწავლოთ, თუნდაც მიმართულება მივცეთ. მოვუყვეთ ამ ტკივილის სიმძიმის შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ის, რითაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ კიდევ ვიღაც არ დაიღუპოს.

მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართო, ძალიან რთულია იმ ტკივილით სიარული, რაც ჩვენი ახლობლის დაღუპვას მოაქვს. შეცდომა მხოლოდ ერთხელ ხდება, მეორე შანსი შეიძლება აღარც იყოს. ამიტომ ამ ინტერვიუს მეშვეობითაც გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! ვიცი, ახალგაზრდობაში როგორც ხდება, - გვიყვარს სისწრაფე, გვინდა, დავამტკიცოთ, რა მაგრები ვართ, მაგრამ მძიმე ფაქტის შემდეგ, ცხოვრებას უკან ვერ დავაბრუნებთ! გთხოვთ, ეს ყველაფერი სარბოლო ტრეკზე გავაკეთოთ და არა ქუჩაში.

- მოგესალმებით, ბატონო მევლუდ. თქვენი აზრით, შესაძლებელია საცობების თავიდან არიდება? და როგორ ფიქრობთ, ბასლაინებმა გაამართლა?

- ბევრს ვმოგზაურობ და მოგზაურობისას მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ დავაკვირდე, კონკრეტულ ქვეყნებში როგორ არის მოწყობილი მოძრაობა, რა საგზაო წესებია - სად უკეთესია, სად - უარესი. ჩემი ნება რომ იყოს, სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო გამოცდილებებს ავკრებდი და სწორედ ისე მოვაწყობდი. იქ, სადაც არ იჭედებოდა გზები, არ იყო საჭირო ბასლაინების მოწყობა. სადაც სივრცე არის, რომ ავტობუსმა თავისუფლად გაიაროს, იქ ამის საჭიროება არ არის, მაგრამ სადაც მოძრაობა იჭედება, სივრცე არ არის, პრიორიტეტული ტრანსპორტი არ უნდა შეფერხდეს. იმას, როგორც ჩვენთან ბასლაინია მოწყობილი, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ხელახლა გადახედვა, გაანალიზებაა საჭირო.