თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ მოსკოვი ფინეთის საზღვარზე სამხედრო განლაგებას ზრდის და ამ ფოტოების ნახვა ექსპერტებს ახსენებს უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდს, როდესაც კრემლი სასაზღვრო ზონებს სამხედრო შენაერთებით აძლიერებდა.
სატელიტის ფოტოები, რომლებიც შვედურმა მაუწყებელმა SVT-მა Planet Labs-სგან მოიპოვა, სავარაუდოდ ასახავს ოთხ ზონას. ესენია - კამენკაში, პეტროზავოდსკში, სევერომორსკ-2-ში და ოლენიაში.

კამენკაში, რომელიც ფინეთის საზღვრიდან დაახლოებით 88 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და აქამდე სამხედრო ინფრასტრუქტურის მხრივ, ეს ადგილი განვითარებული არ იყო, თებერვლიდან მოყოლებული 130-ზე მეტი სამხედრო კარავი განთავსდა, რომლებიც დაახლოებით 2000 ჯარისკაცს იტევს. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლის ოფიციალურმა პირებმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში ბოლოდროინდელ გაწევრიანებას "სამხედრო-ტექნიკური რეაგირების ზომების“ ბუნდოვანი მუქარით უპასუხეს.


ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ, მოსკოვში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კრემლში მაშინ განაცხადეს, რომ კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი არ გამოირიცხებოდა.
პეტროზავოდსკში, ფინეთის საზღვრიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით, აშენდა სამი დიდი საწყობი, რომლებიც ექსპერტების აზრით, ჯავშანტექნიკის შესანახად გამოიყენება.

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ "სევერომორსკ-2“-ის საჰაერო ბაზა, რომელიც ადრე დახურული იყო, ახლა ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ფინეთიდან დაახლოებით 144 კილომეტრის დაშორებით, ოლენიაში საჰაერო ბაზა სრულად აქტიურია და კიევის ცნობით, იქ განლაგებული რუსული ბომბდამშენები უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე რეიდებს ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის ნატოში გაწევრების საპასუხოდ, პუტინმა საზღვართან "ლენინგრადის სამხედრო ოლქის“ შექმნისა და ამ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო დანაყოფების განლაგების შესახებ განაცხადა.
"ჩვენი სამხედრო ტექნიკისა და არმიის ქვედანაყოფების გადაადგილება... მხოლოდ ჩვენი საქმეა. რუსეთი არასდროს არავისთვის დამუქრებია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.