ავტორი:

"ედანს ჩემი გული თან გაჰყვა" - დორონ ზეკსერმა დღეს გული დაიბრუნა: 584-დღიანი ტყვეობის შემდეგ 21 წლის მძევალი თავისუფალია

"ედანს ჩემი გული თან გაჰყვა" - დორონ ზეკსერმა დღეს გული დაიბრუნა: 584-დღიანი ტყვეობის შემდეგ 21 წლის მძევალი თავისუფალია

თელ-ავივის გულში, ე.წ. მძევლების მოედანზე, ყოველ ღამე ადამიანები იკრიბებიან - ისინი არ გამოდიან პროტესტისთვის ან შეძახილებისათვის; ისინი იკრიბებიან, რომ გაიხსენონ, აანთონ სანთლები, იმღერონ, იტირონ და დაელოდნენ...

დაახლოებით ერთი თვის წინ ერთი სწორედ აქ შევხვდით დორონ ზეკსერს - ის ამერიკელ-ებრაელი ჯარისკაცის, 21 წლის ედან ალექსანდერის მამობილია.

2023 წლის 7 ოქტომბერს ედანი "ჰამასის" ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და ღაზაში გაიტაცეს.

ბიჭის უკანასკნელი კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა "ჰამასის" პროპაგანდისტული ვიდეოდანაა, იქ ჩანდა, როგორ მიჰყავთ ბიჭი ღაზის სექტორში. მას შემდეგ დიდი ხანი სიჩუმე იყო...

“რაკეტების ხმა უკვე აღარ გვიკვირდა, მაგრამ ის დღე რაღაც სხვანაირი იყო… უფრო საშიში, უფრო მძიმე. ვერასდროს წარმოვიდგენდით იმას, რაც შემდეგ მოხდა... იმ მომენტში, როცა გავიგე, რომ ედანი "ჰამასმა" წაიყვანა, ჩემი გულიც თან გაჰყვა. ეს იყო განცდა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ”, - გვითხრა თითქმის აცრემლებულმა ბატონმა დორონმა.

ტკივილის გაძლება დორონისთვის ახალი ამბავი არ არის, ის 2019 წელს 15 მეტრის სიმაღლის კლდიდან ჩამოვარდა. გადარჩა, მაგრამ დარჩა შეზღუდული შესაძლებლობებით. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას, ბრძოლას სიმართლისათვის. ბრძოლას მძევლების დახსნისთვის...

“მძევლების მოედანზე" არ ვართ მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის - ჩვენ აქ ვართ ყველასთვის, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა. სანთლები მხოლოდ სინათლე არ არის, ისინი ჩვენი იმედის ნაპერწკლებია", - ამბობდა ერთი თვის წინ დორონი...

მისი იმედი გამართლდა - 584 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის და ამერიკის მოქალაქე მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა.

ის ისრაელის ტერიტორიაზე "წითელი ჯვრის" საერთაშორისო მისიამ გადმაიყვანა. ედან ალექსანდერი დაჯგუფების წევრებმა “წითელ ჯვარს“ ორშაბათ საღამოს გადასცეს.

გათავისუფლების შესახებ განცხადება "ჰამასმა" 11 მაისს გაავრცელა. გადაწყვეტილება ამერიკულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის მიღწევის ფარგლებში მიიღეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს მძევლის გათავისუფლების საქმეში დიპლომატიური ძალისხმევისთვის.

  • ცნობისთვის, "ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა რამდენიმე საათით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები ღაზაში, რათა ტყვის გადაცემის პროცესი გამარტივებულიყო.

მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხუტება ბედნიერი ალექსანდერი თავის მშობლებსა და და-ძმებსა ისრაელის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე.

  • ოჯახის განცხადება და მადლობა ტრამპს

ედანის ოჯახმა განცხადებაში მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებასა და მოლაპარაკებებში ჩართულ პირებს, გააგრძელონ მუშაობა დანარჩენი ტყვეების გასათავისუფლებლად.

"ჰამასმა" გადაწყვეტილება ალექსანდერის გათავისუფლებაზე მიიღო ტრამპის ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, რომელიც დღეს იწყება.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ტყვეების გათავისუფლება ემსახურება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე შეთანხმების მიღწევას, რადგან ეს რეგიონი უკვე 70 დღეა სრულ ბლოკადაშია.

ორშაბათის ღამით დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა ედანის გათავისუფლება და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ტყვე გათავისუფლდება და საომარი მოქმედებები დასრულდება.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ედან ალექსანდერი, ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან ტყვეობაში იმყოფებოდა, ბრუნდება ოჯახში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიულ მოვლენაში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო კეთილი ნების აქტით გადადგმული ნაბიჯი, ამერიკის მხარდაჭერით და კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, რათა დასრულდეს ეს სასტიკი ომი და ყველა ტყვე დაბრუნდეს საკუთარ ახლობლებთან. ვიმედოვნებ, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ კონფლიქტის დასრულებისკენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

  • ედან ალექსანდერის ისტორია

21 წლის ედან ალექსანდერი დაიბადა თელ-ავივში, თუმცა გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. ის მსახურობდა ისრაელის არმიის ქვეითთა ელიტურ ნაწილში, ღაზის საზღვართან, 2023 წლის 7 ოქტომბერს ის ტყვედ ჩავარდა "ჰამასის" თავდასხმისას .

ედანი მძევლობაში მყოფი ბოლო აშშ-ის მოქალაქე იყო.

2024 წლის მარტში, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ედანის გათავისუფლება თეთრი სახლის მთავარი პრიორიტეტი იყო.

იხილეთ ასევე:

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე