„ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.
„კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.
კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“,- წერს ირაკლი კობახიძე წერილში.