გადაღებიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, პრინცესა დაიანასა და პოპის ლეგენდის, დევიდ ბოუის აქამდე უცნობი ფოტოები გამოჩნდა.
სცენის უკან გადაღებული ფოტო, სადაც მოღიმარი დაიანა ასევე აღფრთოვანებული ბოუის გვერდით დგას, ფოტოგრაფმა დენის ო'რეგანმა პოპ ვარსკვლავის 1987 წლის კონცერტზე გადაიღო, რომელიც ვემბლიზე გაიმართა.
MailOnline-თან საუბრისას დენისმა გაამხილა, რომ ლეგენდარულმა მუსიკალურმა პრომოუტერმა, ჰარვი გოლდსმიტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ პოპის მეფესა და უელსის პრინცესას ერთად გადაეღოთ ფოტოები.
"დევიდთან ერთად მის 1987 წლის კონცერტზე ვმუშაობდი. მითხრეს, რომ დაიანა მოვიდოდა. ის ჰარვი გოლდსმიტთან ერთად მოვიდა, მე ჰარვის ვკითხე, შემეძლო თუ არა დაიანას და დევიდის ერთობლივი ფოტოს გადაღება, მან კი მითხრა "მას ჰკითხეო", - ამბობს დენისი.
პასუხად, 25 წლის პრინცესამ მორცხვად იკითხა, სურდა თუ არა ბოუის მასთან სურათის გადაღება, რაზეც დენისმა უპასუხა: "ვფიქრობ, რომ სურს".
თუმცა მიზეზი, რის გამოც ეს სურათები თითქმის 40 წლის განმავლობაში იმალებოდა, არის ის, თუ ვინ იყო კადრს მიღმა. დაიანა კონცერტზე არმიის მაიორ ჯეიმს ჰიუითთან ერთად იმყოფებოდა, რომელთანაც მას 1986-დან 1991 წლამდე ჰქონდა რომანი.

მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები პრესაში იმ დროს ფართოდ ვრცელდებოდა, მაგრამ ფოტოგრაფიული მტკიცებულება არ არსებობდა. დენისის თქმით, ჯეიმსი ფოტოგრაფებისგან "დისტანციას ინარჩუნებდა", რათა დაიანასთან ერთად არ გადაეღოთ.
ფოტოგრაფი არ ნანობს, რომ წყვილის ფოტოები არ გადაუღია.
"არავინ იცოდა, თუ ვინ იყო ის, ასე რომ, მისი გადაღებისთვის არანაირი მიზეზი არ მქონდა. მათი ურთიერთობის შესახებაც ჯერ არავინ ლაპარაკობდა".
ვემბლიში გატარებული საღამო ენდრიუ მორტონის სენსაციურ ბიოგრაფიაში, Diana: Her True Story-შია ნახსენები. მორტონის თქმით, დაიანას მეგობრები, დევიდ უოთერჰაუსი და დევიდ ლინლი ახლდნენ თან.

მორტონთან საუბრისას პრინცესა ამბობს: "ტყავის შარვალში წავედი, რაც, ჩემი აზრით, სწორი იყო, მაგრამ სრულიად გამომრჩა მხედველობიდან, რომ მომავალი დედოფალი ვიყავი და მომავალი დედოფლები საჯაროდ ასე ტყავს არ ატარებენ. ასე რომ, ვფიქრობდი, რომ ეს საშინლად "თანამედროვე" იყო. თუმცა საოცრად კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩემი ასაკის შესაბამისად ვიქცეოდი."
მორტონის თქმით, დაიანა შარვლის გამო გაკიცხეს.
"ის ცდილობდა, ფერგის (მაშინდელი იორკის ჰერცოგინიას) მსგავსად მოქცეულიყო, მაგრამ ბუკინგემის სასახლის კარისკაცებს არ მიაჩნდათ, რომ მისი ჩაცმულობა მომავალი დედოფლისთვის იყო შესაფერისი," - წერს მორტონი.
დენისის ერთ-ერთი ფოტო ბოუისა და დაიანას გამოსახულებით მისი მომავალი ფოტოალბომის - "დევიდ ბოუი დენისის მიერ" - ნაწილია.

დაიანა და ბოუი პირველად 1985 წელს შეხვდნენ Live Aid-ის საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც ასევე ვემბლიზე გაიმართა.
ცნობილ სტადიონზე ისინი კვლავ, 1993 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ბოუიმ საქველმოქმედო კონცერტს - Concert of Hope-ს უმასპინძლა. ეს საქველმოქმედო კონცერტი იყო, ნაწილობრივ ორგანიზებული უელსის პრინცესას მიერ, რათა შიდსის შესახებ აემაღლებინა ცნობიერება.
დაიანას ჯეიმს ჰიუითთან ხუთწლიანი რომანი აკავშირებდა, რაც პრინცესამ საჯაროდ აღიარა 1995 წელს BBC Panorama-ს ინტერვიუში. ის პრინც ჩარლზს 1981 წელს გაჰყვა ცოლად, 1992 წელს წყვილი დაშორდა, 1996 წელს კი - ოფიციალურად განქორწინდა.