ავტორი:

პროფესიით აფთიაქარი, რომელიც შუახევის სოფლის სკოლაში ასწავლის, თან სოფლის მეურნეობას ავითარებს და ექსპერიმენტებსაც არ ერიდება

პროფესიით აფთიაქარი, რომელიც შუახევის სოფლის სკოლაში ასწავლის, თან სოფლის მეურნეობას ავითარებს და ექსპერიმენტებსაც არ ერიდება

შოთა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს. პროფესიით ფარმაცევტია, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1989 წელს დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. 2012 წლიდან სოფლის სკოლაში სამოქალაქო განათლებას და გეოგრაფიას ასწავლის. სოფელში საოჯახო მეურნეობას მიჰყვება. არის აქტიური ადამიანი და რაც მთავარია, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული.

6 მაისს მარეთის ხეობის ყველაზე წარმატებულ ფერმერად დაასახელეს, დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით და ფულადი საჩუქრით.

შოთა ფუტკარაძე:

- სოფელს არ ჰყავდა კადრი და დირექტორმა მთხოვა სკოლას დავხმარებოდი. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასებში ისტორიის სწავლება დავიწყე, რადგან იმ დროს ისტორიის სპეციალისტი არ იყო. 2017 წლიდან სამოქალაქო განათლების პედაგოგად დავინიშნე. 2018-2019 წლებში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, როგორც უნარებში, ასევე საგანში, ორივეში კვალიფიკაცია მივიღე. 2020 წელს კი უკვე გეოგრაფიაში ასევე წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა.

- თქვენს სოფელზეც გვიამბეთ...

- ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საბჭოთა ეპოქაში აქ 120 კომლი ცხოვრობდა. ამჟამად 40-45 კომლია, მაგრამ ძირითადი ნაწილი პენსიონერია. სოფელში 12-წლიანი საჯარო სკოლაა, სადაც 28 მოსწავლე სწავლობს და 17 პედაგოგია. სკოლაში ამ ეტაპზე არ გვყავს 3 კლასი - მეოთხე, მეექვსე და მეათე. მერვესა და მეთორმეტეში თითო-თითო მოსწავლეა. მიწევს ერთ მოსწავლიან კლასში შესვლაც.

- ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასი რომელია?

- მეცხრე - 5 მოსწავლეა. როგორც ვთქვი, მოქალაქეობას ვასწავლი, საგანი მიმართულია მოსწავლეთა სოციალიზაციის უნარების გამომუშავებაზე, არ არსებობს საგაკვეთილო თემა, რომ კლასში არ ითხოვდეს ჯგუფებსა და გუნდებს შორის დისკუსიას.

როდესაც კლასში ერთი მოსწავლეა, ასეთ დროს ძალიან ძნელია სრულყოფილად გაკვეთილის ჩატარება, - გუნდებს შორის შეჯიბრება, დიალოგი და დისკუსიაც არ გამოდის... სამოქალაქო განათლება ძირითადად პროექტული სწავლებით შემოიფარგლება. მოსწავლეები ერთობლივად გეგმავენ რაიმე პროექტს. ამიტომ გადავწყვიტე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები გამეერთიანებინა. ამ საგნისთვის საკმარისია მეშვიდე-მერვე კლასში მიღებული საბაზო განათლება და ბავშვები ერთად რომ მუშაობენ, ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიას, საუბარს ეჩვევიან.

სკოლა თავის შენობა-ნაგებობით, მატერიალურ ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს და ქმნის საფუძველს კარგი განათლებისთვის, მაგრამ სკოლას არ აქვს სასადილო ოთახი, ბუფეტი. დილის 9 საათზე ბავშვი სკოლაში რომ მოდის და 4-მდე რჩება, მას იქ ჭამის საშუალება არ აქვს.

- მკაცრი ზამთარი იცის?

- ზამთარიც მკაცრია, დიდთოვლიანი, მაგრამ ზოგჯერ ისე ჩაივლის, რომ 2 მეტრი თოვლიც არ მოვა და ზოგჯერ 7 მეტრამდე მოთოვს... ამ ყველაფერს კლიმატის ცვლილება იწვევს, ადრე ასე არ იყო...

- რა სამეურნეო მიმართულებებია სოფელში?

- საბჭოთა პერიოდში ძირითადი საქმიანობა მეთამბაქოეობა იყო, რადგან მას ნაკლები მიწის ნაკვეთი სჭირდება. მოგეხსენებათ, მთიანი რეგიონი ვართ, აქ ძირითადად არის ფერდობები და საბალახო საძოვრები. საქართველოს მთის სხვადასხვა რეგიონიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ხალხი გადაასახლა და მათთვის იქ ახალი სოფლები შეიქმნა. ჩვენთან და ასევე სამცხე-ჯავახეთში ხელისუფლებამ მოსახლეობა ადგილზე შეინარჩუნა, რადგან ყოველთვის საზღვრისპირა რეგიონი ვიყავით და აქ მთავრობას მოსახლეობა სჭირდებოდა.

მოკლედ, მცირემიწიანობის გამო რადგან აქ შესაბამისი კულტურა ვერ გამონახეს, შემდეგ მოსახლეობა თამბაქოს მოყვანას მიჰყვა.

2000 კვადრატული მიწის ნაკვეთი საკმარისია, რომ ოჯახი, მთელი წლის განმავლობაში, დასაქმდეს, თუმცა ძალიან შრომატევადი კულტურაა. მასზე მუშაობის მთელი ციკლი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მარტში ჩითილის გამოყვანა რომ დაიწყება, დეკემბერში თამბაქოს ბოლო დაკრეფით სრულდება. მიმღებ პუნქტებს რომ ჩააბარებდნენ და შემდეგ უკვე ახალი სამეურნეო წელი იწყება.

საბჭოთა პერიოდის მერე თამბაქო აღარავის სჭირდებოდა და აქ ჭარბად შენარჩუნებულმა მოსახლეობამ მიგრაცია დაიწყო... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობა საქართველოს 35-მდე მუნიციპალიტეტში გავიდა, რამაც ადგილზე ადამიანების რიცხვი შეამცირა. ახლა სოფელში მეცხოველეობის განვითარებისთვის კარგი პირობებია, სათიბებიც არის, საძოვრებიც, მაგრამ აქ დარჩენილ პენსიონერებს რა შეუძლიათ?! ახალგაზრდებს მეცხოველეობა მაინცდამაინც არ მოსწონთ.

- პირადად თქვენ რა მეურნეობა გაქვთ?

- ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ჩემი პროფესიით სახელმწიფო აფთიაქში 3 წელი ვიმუშავე. მას მერე, რაც სახელმწიფო აფთიაქი მოიშალა, პროფესიულ საქმიანობას, აღარ გავყოლივარ, რადგან სოფელში დავრჩი. ვეწეოდი მეურნეობას, ვთესავდი ხორბალს, თამბაქოც მომყავდა. 2 ერთნაირი მიწის ნაკვეთი მაქვს რეგისტრირებული. 2013 წლის შემოდგომაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თურქეთიდან ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგები შემოიტანა. რეგიონში ავრცელებდა თანადაფინანსების პრინციპით იმის მიხედვით, ვის რამდენი სურდა გაეშენებინა. სადაც ადგილობრივი ნიგოზი კარგად ხარობდა, მოსავალი მოდიოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეგუება არ გაუჭირდებოდა, ძირითადად ასეთი სოფლები შეარჩიეს.

ჩემი თანხმობით, 2013 წლის შემოდგომაზე, ჩემს საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, სადემონსტრაციოდ 100 ძირი ჩანდლერის ჯიში კაკალი გავაშენე. იზრდება 5/6 მეტრზე, ერთ ძირს 30 კვადრატული მიწა უნდა და ჰექტარზე 300-330 ძირი ირგვება. ჩვენს ბაღს მეთვალყურეობას უწევდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები. შუახევის აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ბაკალაძე.

მერე ვიპოვე მეხილეობის სახელმძღვანელო, ჩემი სურვილით დავიწყე კითხვა და აგრონომის დონეზე ამ პროფესიის დავეუფლე. სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევდი. თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვიცოდი მცენარის აგებულება, ბიოლოგია ხომ ნასწავლი მქონდა, ასევე ქიმიაც, სასუქების შეტანისას რა ქიმიური პროცესები მიდის, ვიცოდი და პრობლემა უკვე აღარ იყო.

4 თვის შემდეგ ვნახე, რომ ბაღი წამოვიდა და დანარჩენ 2 ჰექტარზეც, ნიგოზი იმ რეგისტრირებულ ნაკვეთზე ეტაპობრივად გავაშენე. თანადაფინანსების პროგრამა იყო - 30% - ჩემი, დანარჩენი - სახელმწიფოსი. აქ საუბარია მხოლოდ ნერგების შესყიდვაზე. სახელმწიფო წვეთოვან სისტემაზეც დაგვეხმარა (30% ჩემი იყო, 70% - სახელმწიფოსი). მერე რაღაც დამტვერვის ხარისხი არ იყო კარგი და ფუტკრის ჩართვა მინდოდა. ისე აქტიურად რომ დაემტვერა, როგორც ხეხილოვან მცენარეებს, ვაზს მტვერავს.

- საკითხებს დიდად ჩაღრმავებიხართ...

- კი. ქედაში არის აგრარული კოლეჯი "ბლექსი“. ორწლიანი მევენახეობის, მეღვინეობის, მეფუტკრეობის პროგრამაა და იქ დავიწყე სწავლა. პედაგოგიურ საქმიანობას ხელს არ უშლიდა, რადგან შუადღეს მივდიოდი. ამ პროფესიას დღესაც ვსწავლობ. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში საკმაოდ წარმატებულადაც ჩავერთე. პროფესიული უნარების სწავლების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში სტუდენტურ-სამეწარმეო პროექტების შესახებ კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეობას იღებდნენ კოლეჯები და საბაკალავრო-საგანმანათლებლო დონის აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებიც.

30 პროექტი იყო აქედან 20 საუკეთესო პროექტი შეირჩა. იმ 20-ში ჩვენი პროექტიც მოხვდა, რომლის სახელწოდება იყო - "ნიგვზის ბაღების დამტვერვის ხარისხის გაუმჯობესება მეთაფლია ფუტკრის საშუალებით“. 10 დღის განმავლობაში დღეში 3 საათი თბილისიდან სპეციალური ტრენერები ონლაინრეჟიმში პროექტის დაწერას გვასწავლიდნენ. შესრულებული დავალებების, ტრენინგებზე აქტიურობის საფუძველზე 10 საუკეთესო გუნდი შეირჩა. ეს 10 საუკეთესო გუნდი მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში სამი დღით ისევ ტრენინგებზე შეგვკრიბეს. პრეზენტაციებისთვის გვამზადებდნენ. დავწერეთ პროექტი და ჩატარდა პრეზენტაცია. შეირჩა 4 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო გუნდებში მოვხვდით ჩვენც. 9000-ლარიანი ვაუჩერი მოგვცეს, თითოეულს 3000-3000 ლარი. ბათუმში როგორც კი ჩამოვედი, იმ თანხით სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი ვიყიდე.

ახლახან კიდევ მეხილეობის კუთხით ვმონაწილეობდი აგროლოგის კონკურსში. პირველ ადგილზე გავედი...

- ჩანდლერის ჯიშის კაკალი საბოლოოდ თქვენთან თავს კარგად გრძნობს?

- ცოტა კი უჭირს, უფრო სამხრეთ საქართველოში გაამართლებს. მეტი სითბოს მოყვარულია, მშრალი კლიმატი უნდა. კლიმატის ცვლილების გამო, მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველო ტენით გაივსო, ყოველი მეორე დღე ტენიანი...

გასულ წელს მაქსიმალური შრომით 7-8 კილოგრამი ნიგოზი მოვიღე, - ეს მინიმალური მოსავალია. საერთოდ ხეხილის მოსავლიანობა მაქსიმუმ 50-60 წელია. ჩემს კაკლებს ექსპლუატაციის პერიოდის 10 წელი უკვე გაუვიდა და მე-12 წელშია. საშუალო მოსავლიანობა მივიღეთ, ანუ ჯიშისთვის დამახასიათებელი მინიმალური მოსავალი. გამოდის, კარგად ვერ შეეგუა დასავლეთ საქართველოს - ჯერჯერობით ასეა. შეიძლება თანდათან კიდევ გაიაროს ადაპტაცია. ადგილზე აღებული სადედოდან კალმით მოხდეს გამრავლება, ანუ ადგილზე კლიმატთან შეგუებული მცენარიდან ავიღოთ კვირტი. რომ ვაკვირდები, მცენარე ვეგეტაციაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეტს მოისხამ. მოსალოდნელია, რომ საშუალო მოსავალი კიდევ 3-4 წელიწადში მივიღოთ. თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში სხვა შედეგებია. ჩემ წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვრილი მიუძღვის შუახევის აგროსერვისის ცენტრის ხელმძღვანელს ავთო კაკალაძეს. აგრონომია მეხილეობის დარგში, რომლის მადლიერიც ვარ. მოკლედ, ამ ეტაპზე ასეთი ამბებია ჩვენკენ.