ავტორი:

სანდრო თვალჭრელიძე: "ხელისუფლების წევრთა ოჯახის წევრები, შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ უცხოეთში, აი, როდესაც მათი ამ ქვეყნებიდან გამოძევება დადგება დღის წესრიგში, ვფიქრობ, მოეგებიან გონს"

სანდრო თვალჭრელიძე: "ხელისუფლების წევრთა ოჯახის წევრები, შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ უცხოეთში, აი, როდესაც მათი ამ ქვეყნებიდან გამოძევება დადგება დღის წესრიგში, ვფიქრობ, მოეგებიან გონს"

6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო "მეგობარი აქტი" - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი". კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ხელისუფლებისათვის, ჯამში მხარი დაუჭირა 349-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო 42, 42-ს კი ხმა არ მიუცია (კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 - დემოკრატი). ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას. წარმომადგენელთა პალატაში "მეგობარი აქტის" 80%-იანი მხარდაჭერით მიღების შემდეგ აქტის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა იმ პირთა სია გამოაქვეყნა, ვინც აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში მძიმედ დასანქცირდებიან. სიაში სხვებთან ერთად არიან ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი, კახა კალაძე - თბილისის მერი, ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი; შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სპიკერი, ნინო წილოსანი - ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარე. "მეგობარი აქტი" უკვე შეტანილია სენატის საკანონმდებლო კალენდარში და ასეა განმარტებული: „აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად". შეტანის თარიღი 6 მაისია, მისი რიგითი ნომერია 70-ე. როგორც კი წარმომადგენლობითი პალატა და სენატი შეთანხმდებიან "მეგობარი აქტის" საბოლოო დოკუმენტზე, ამის შემდეგ ის სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დამტკიცდება და საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება. საქართველოს ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და მას "მტრულ", "უსამართლო" და „უმადურობის" აქტად მოიხსენიებენ. რა ელის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, თუ "მეგობარ აქტს" ტრამპმა ხელი მოაწერა და მასშტაბური სანქციები და შეზღუდვები რეალობად იქცა, ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩემი აზრით, ამ მძიმე პერსპექტივას ეს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანაც ვერ აიცილებს თავიდან და ეს დოკუმენტი, სამწუხაროდ, კანონად იქცევა.

აქტის მიღება დაჩქარდა კი იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, მოიცალა საქართველოსთვის. თუ გახსოვთ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ტრამპი ჩვენთვის გაზაფხულის ბოლოსკენ მოიცლის-მეთქი და, ფაქტობრივად, ასეც მოხდა.

აქამდე მას უამრავი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ აშშ-ს, მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, რომელთაც მიზანმიმართულად ატარებს, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში. ცნობილი გამონათქვამია, რომ აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. საქართველო სწორედ ამ ინტერესებში შედის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აშშ ვერ შეეგუება თავისი გავლენის დაკარგვას. ეს უნდა ესმოდეს ჩვენს მთავრობას. ბატონ ივანიშვილს ეგონა ის დაალაგებდა ტრამპთან ურთიერთობას ისე, რომ ჩინეთსა და რუსეთთანაც წარმატებით ითანამშრომლებდა. ფაქტია, ეს არ გამოდის, მეტიც, ეს შეუძლებელია.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ეს აქტი დავიწყებას მიეცემა. ჩემი აზრით, დღეს ამ ხელისუფლების გამო შექმნილი ვითარება, უფრო სწორად, ივანიშვილის ბოლო 2 წლის ქმედებების გამო შექმნილი პრობლემები, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზაზე პატარა დაბრკოლებაა. ერთი რამ მინდა ვთქვა სენატის განმარტებაზე, რომელშიც ლაპარაკია ირანზეც ჩინეთსა და რუსეთთან ერთად. პირადად მე ირანის საკითხს ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა, დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა გრძელდება, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა. განსხვავებით, მაგალითად, ჩინეთისგან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს...

ყველაფერი კი 4-5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ამ სტრატეგიული გზების მშენებლობაში ჩინელები შემოიყვანეს და ეს ქვეყანა საქართველოში მთავარი სამშენებლო აქტორი გახდა. სამწუხაროდ, მაშინ აშშ-მა და ევროპამ ამას ყურადღება არ მიაქციეს. თუნდაც ანაკლიის პორტზე, რაც მოხდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად აშშ-ის შეცდომის შედეგიც არის - ის მშენებლობისგან კარგა ხანს იკავებდა თავს. მე თუ მკითხავთ, როდესაც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, მაშინვე უნდა დაწყებულიყო ამ პორტის მშენებლობაც.

- ეს აქტი, ერთი მხრივ, უშუალოდ სანქციებს შეეხება, მეორე მხრივ კი შეიცავს პოზიტიურ გზავნილებსაც: თუ საქართველო დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება, აშშ მზად არის შესთავაზოს მას შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, სავიზო ლიბერალიზაცია, სპეციალური ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტი, ასევე უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა. თუმცა, თუ შევხედავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკასა და ქმედებებს, აშკარად ჩანს, რომ მათ უკან დახევის სურვილი არა აქვთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს "ქართული ოცნებისთვის" ზღვარი, რის მერეც შეეცდებიან ჩვენი პარტნიორებისა და ქართველი საზოგადოების პროტესტანტი ნაწილისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან?

- ჩემი აზრით, ეს ზღვარი იქნება პირადი სანქციები და ამის შედეგად მკვეთრად გაუარესებული მათი ცხოვრება - როდესაც ვეღარ ივლიან აშშ-სა და ევროპაში პირადი ვოიაჟებით, მათი ბევრი ახლობელი, ოჯახის წევრები, შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ უცხოეთში, აი, როდესაც მათი ამ ქვეყნებიდან გამოძევება დადგება დღის წესრიგში, ვფიქრობ, მოეგებიან გონს. ეს შეეხება ივანიშვილის შვილებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ აქტის დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ აქამდე აშშ ისეთი ინერტული იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ამ თვალსაზრისით აქტის იმპლემენტაციასა და შემდგომ ნაბიჯებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. სიმართლე უნდა ითქვას, მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორია აშენდა საქართველოში, ამერიკელებს აქ მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ ჩაუდვიათ. ამაში არ ვგულისხმობ „"იუესაიდის" პროგრამებს, მე ვგულისხმობ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. ანაკლიის პორტზე უკვე გითხარით, რომ აშშ-ის ბრალიც არის, რაც ამ პორტთან დაკავშირებით მოხდა.

- ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ტრამპი აქტს ხელს არ მოაწერს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თუ მაინც მოაწერა, ეს "დიფ სთეითთან" მისი დამარცხებით იქნება განპირობებული.

- რა არის ეს „"დიფ სთეითი", ამიხსნას ვინმემ, ვინ არიან მისი წარმომადგენლები, სად აქვთ შტაბბინა? ეს ტერმინი ამათი მოგონილიც კი არ არის, ბენამიან ნეთანიაჰუმ ახსენა, მერე რუსეთმა აიტაცა და ახლა ესენი ყველა კომენტარში აკვეხებენ. სინამდვილეში „"დიფ სთეითი" არის აშშ-ის ხანგრძლივი, მდგრადი პოლიტიკა დემოკრატიისკენ - მეტი არაფერი. პროპაგანდა საკმაოდ ძლიერი აქვთ და ხალხის ნაწილს ეს დააჯერეს. იყო დრო, ხალხს ბაყბაყ დევისაც სჯეროდა და მისი ეშინოდა. აგერ ახლახან დაიჯერეს ვიღაცის ხუმრობა, რომ რომის პაპის მამა, დედა თუ ბებია ქართველიაო. ახლა „"ქართულმა ოცნებამ" იქნებ რომის პაპის იმედიც იქონიოს, რომ ის დაიცავს „"დიფ სთეითისგან", ქართველი ყოფილა, ფაქტობრივად... ხუმრობა იქით იყოს და, "ქართული ოცნების" იმედს ვერ გავიზიარებ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი აქტს ხელს მოაწერს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებაზეც. არც ისეთი ადვილი ყოფილა მშვიდობის დამყარება, როგორც ბატონ ტრამპს ეგონა. გააგრძელეთ კითხვა