ავტორი:

85 ქვეყნიდან მიღებული პაციენტები და მკურნალობის უნიკალური გზები - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარი ექთანი ია ქუთათელაძე

85 ქვეყნიდან მიღებული პაციენტები და მკურნალობის უნიკალური გზები - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარი ექთანი ია ქუთათელაძე

თუ ერთხელ მაინც გისარგებლიათ, სამედიცინო მომსახურებით, მაშინ გეცოდინებათ რამხელა როლი აქვს ამ პროცესში ექთანს. ის გახლავთ ჯანდაცვის სისტემის რგოლი, რომელთანაც პაციენტი საკმაოდ დიდ დროს ატარებს და დიდწილად სწორედ ექთანი განსაზღვრავს კლინიკაში მიღებული სერვისის ხარისხს.

თანამედროვე ექთანი არ არის რუტინული საქმის შემსრულებელი ადამიანი. ის აქტიურად მონაწილეობს ანამნეზის შეგროვებაში, მკურნალობის პროცესში, რეაბილიტაციასა და პაციენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში. დიდი, თუმცა ხშირად დაუფასებელი როლიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დღეს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარი ექთანი ია ქუთათელაძე გაგაცნოთ.

ია, მოგვიყევით თქვენი და ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის შესახებ

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ამჟამინდელი სახით 2009 წლიდან არსებობს. ის წარმოადგენს მულტიპროფილურ ამბულატორიულ კლინიკას, სადაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმები მუშაობენ.

თავად მე ამ გუნდს 15 წლის წინ შემოვუერთდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

მოგეხსენებათ, ფაგოთერაპია ბაქტერიული ინფექციების ფაგური საშუალებებით მკურნალობას გულისხმობს. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემა გლობალურ საფრთხედ დაასახელა. მას შემდეგ კლინიკაში უცხოელი პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამოსული პაციენტების უმრავლესობას სწორედ ანტიბიოტიკების მიმართ სრული რეზისტენტობის პრობლემა აქვს. მათი ჩვენ ბოლო იმედი ვართ.

გეოგრაფიულ არეალს რომ გადახედოთ, გაოცდებით. 85 ქვეყნიდან გვყოლია პაციენტი. განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიან ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ავსტრალიიდან და ა.შ. დაავადებების სპექტრიც საკმაოდ ფართოა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს ვემსახურებით.

ყველაზე ხშირად რა პრობლემის მქონე პაციენტებთან გიწევთ ურთიერთობა და რა ტიპის ჩარევები სჭირდებათ ხოლმე მათ?

ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს ქირურგიული პრობლემებით, დაჩირქებული ჭრილობებით, პოსტოპერაციული გართულებებით. ასევე, ხშირია მომართვიანობა კანის და რბილი ქსოვილის ინფექციებით, როგორიცაა: ფურუნკულები, კარბუნკულები, აკნეს გართულებები, ჰიდრადენიტები, აბსცესები და სხვა. ასეთ შემთხვევებში ფაგური პრეპარატებით ჭრილობის დამუშავება საკმაოდ ეფექტურია.

პარალელურად, კლინიკაში ასევე მაღალია უროლოგიური, გინეკოლოგიური, ყელ-ყურ-ცხვირის, სასუნთქი სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით მომართვიანობა.

რა სახის პროცედურების დროს გამოიყენება ფაგები?

ფაგოთერაპია პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდია. მათ შესაბამისი პროფილის ექიმი დიაგნოზის სპეციფიკის, დაავადების მიმდინარეობის, ასაკის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით ნიშნავენ. ზოგადად, შესაძლებელია როგორც ფაგის დალევა, ისე მისი ადგილობრივად გამოყენება ამოსარეცხად, ჭრილობის დასამუშავებლად და სანთლების სახით.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტურია ფაგებით მკურნალობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, 15 წელია ამ საქმეს ვემსახურები. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს კლინიკას უამრავი პაციენტი ჰყავს ნამკურნალევი. ფაგოთერაპიის წარმატებებზე უპირველესად კმაყოფილი პაციენტების დიდი არმია მეტყველებს. მათ გააქვთ ჩვენი სახელი საზღვარგარეთ და კლინიკას ხშირად სტუმრობს უცხოური ტელევიზიები. კმაყოფილი პაციენტები სოციალურ ქსელებშიც გვანებივრებენ მადლიერი გამოხმაურებებით, რაც ჩვენ, სამედიცინო პერსონალს, კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს.

ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა ჩვენი, ფაგოთერაპიული კლინიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ პროცესში კი ექთნის როლი ერთ-ერთი საკვანძოა.

აქვე საინტერესოა, რას იტყოდით დღეს ზოგადად სამედიცინო სფეროში ექთნის როლზე?

ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო დროს ექთნის რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ახალმა რეგულაციებმა და სასწავლო აქტივობებმა. სამედიცინო მომსახურების პროცესში ექთანი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩვენი კლინიკის მაგალითზე ეს საკმაოდ კარგად ჩანს. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი მუდმივად მიმართულია სიახლეებსა და განვითარებაზე. ამ პროცესში კი ექთნის როლი განსაკუთრებულია.

პირადად მე ძალიან ვამაყობ ჩემი პროფესიით, ჩვენი გუნდით და ჩვენი საქმით.

R