ბრიტანელი პიტერ სალივანი, რომელმაც მიმტანის მკვლელობის ბრალდებით ციხეში თითქმის 40 წელი გაატარა, ახლახან უდანაშაულოდ ცნეს და ციხიდან გაათავისუფლეს.
მას შემდეგ, რაც ძველ საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა, სააპელაციო სასამართლომ სალივანს განაჩენი გაუუქმა.
1986 წელს, 21 წლის დაიან სინდალი სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას გააუპატიურეს და მოკლეს. საზარელი შემთხვევა დასავლეთ ინგლისში, ბირკჰენდში მოხდა.
საქმე CCRC-მა, (სპეციალურმა კომისიამ, რომელიც იძიებს მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს) სააპელაციო საჩივარში გასულ წელს, მას შემდეგ დააბრუნა, რაც დანაშაულის ადგილიდან აღებულ სპერმის ნიმუშებში აქამდე შეუსწავლელი დნმ-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ის უცნობ თავდამსხმელზე მიუთითებდა.
სალივანი სააპელაციო სხდომას ციხიდან ვიდეოკავშირის საშუალებით ესწრებოდა. როდესაც განაჩენის გაუქმების შესახებ გაიგო, ის ცრემლებს ღვრიდა და პირს ხელით იფარავდა.
აღნიშნული შემთხვევა, ბრიტანეთის იურიდიულ ისტორიაში ცოცხალ პატიმართან დაკავშირებული სამართლიანობის ყველაზე ხანგრძლივი ხარვეზია.
სალივანის ადვოკატის განცხადებით, გათავისუფლებული „არ არის გაბრაზებული ან განაწყენებული“.
„უკიდურესად უსამართლოდ მომექცნენ, მაგრამ ეს არანაირად არ ამცირებს მომხდარი საზარელი, საშინელი მკვლელობის ხარისხს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სალივაის ადვოკატები ავრცელებენ.
მოსმენის დასრულებისას, მომხდარზე კომენტარი გააკეთა სალივანის დამ, კიმ სმიტმა. მისი თქმით, „ამ საქმეში ყველა წაგებულია“.
„ისინი ქალიშვილის გარეშე დარჩნენ და მისი დაბრუნება შეუძლებელია. მაგრამ პიტერი დავიბრუნეთ, ამიტომ ახლა მისი ცხოვრების ნულიდან აღდგენა უნდა ვეცადოთ“, - თქვა სმიტმა.
როგორც გამომძიებლებმაც და პროკურორებმაც ერთხმად განაცხადეს, მკვლელობის დროს სპერმის ნიმუშების ანალიზისა და შედარებისთვის საჭირო ტექნოლოგიები იმ დროისთვის უბრალოდ არ არსებობდა.
ერთ-ერთმა მოსამართლემ, ლორდ ჰოლროიდმა, განმარტა, რომ მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებების ბუნება „ცხადად მიუთითებს თავდასხმის სექსუალურ ასპექტზე“ და დიდი ალბათობით, ნაპოვნი ბიოლოგიური მასალა ნამდვილმა მკვლელმა დატოვა.
პიტერ სალივანი მოსმენისთანავე გაათავისუფლეს. მან ციხეში 38 წელი და თითქმის რვა თვე - სულ 14,113 დღე გაატარა.