ავტორი:

"მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი" გარდაიცვალა - ხოსე მუხიკას ცხოვრება ფერმაში, ქველმოქმედება და სიცოცხლის აზრი: "ღარიბები არიან ისინი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სიმდიდრეში იცხოვრონ"

"მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი" გარდაიცვალა - ხოსე მუხიკას ცხოვრება ფერმაში, ქველმოქმედება და სიცოცხლის აზრი: "ღარიბები არიან ისინი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სიმდიდრეში იცხოვრონ"

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე "პეპე“ მუხიკა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად იცნობდნენ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ცნობილი იყო თავისი უკიდურესად მოკრძალებული ცხოვრებით:

პრეზიდენტობისას უარი თქვა ოფიციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და თავის მშობლიურ ფერმაში დასახლდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობდა. სახლისკენ ერთადერთი გრუნტის გზა მიდიოდა, პრეზიდენტი და მისი ცოლი კი გასაყიდ ყვავილებს აშენებდნენ. დაქირავებული მუშები მათ არ ჰყავდათ. არც დაცვისთვის იხარჯებოდა ბევრი ფული - მისი დაცვა ორი პოლიციელისგან შედგებოდა. ამბობდნენ, რომ ცოლ-ქმრის ვეგეტარიანული სუფრა ძალიან ასკეტური იყო. მუხიკა ქველმოქმედებისთვის თავისი ხელფასის 90%-ს გასცემდა. ხელფასი კი პრეზიდენტს არც ისე მცირე, თვეში 12 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა. პრეზიდენტობისას ეხმარებოდა მცირე ბიზნესს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ღარიბებს.

"მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ, - ამბობდა მუხიკა, - ჩემს ბაღში ძველ სკამზე ვზივარ. სკამზე ძველი ბალიში დევს, რომელიც მანუელმა დაღრღნა: - მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს".

2010 წელს პრეზიდენტის ქონება წარმოადგენდა 1987 წელს გამოშვებულ 1800 დოლარად ღირებულ "ფოლკსვავენ გოლფს".

ამ წელს მუხიკამ დეკლარაციაში მეუღლის ქონების ნახევარი შეიტანა - ეს არის მიწა, რამდენიმე ტრაქტორი და სახლი. შედეგად მისი ქონება 215 ათასი დოლარით გაიზარდა.

ურუგვაის პრეზიდენტ იამანდუ ორსის თქმით, მუხიკა არა მხოლოდ ლიდერი, არამედ იდეალებისათვის მებრძოლი ადამიანი და ქვეყნის სიმბოლო იყო.

"ძალიან დაგვაკლდები, ძვირფასო მოხუცო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგვიზიარე და იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც შენს ხალხს მიუძღვენი“, - აღნიშნა მან.

მუხიკა 1960-იან წლებში მემარცხენე პარტიზანულ მოძრაობაში იბრძოდა, რამდენჯერმე დაიჭრა და 14 წელი გაატარა ციხეში, უმეტესად – მარტო საკანში. 1985 წელს დემოკრატიის აღდგენასთან ერთად გათავისუფლდა.

  • ხოსე მუხიკას ბიოგრაფია

ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო დაიბადა 1935 წლის 20 მაისს, მონტევიდეოში.

ახალგაზრდობაში, 1960–70-იან წლებში, იგი იყო მემარცხენე რადიკალურ მოძრაობა "ტუპამაროსის“ წევრი, რომელიც შთაგონებული იყო კუბის რევოლუციით და იყენებდა პარტიზანულ მეთოდებს მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლისას.

მუხიკა ექვსჯერ დაიჭრა და 14 წელი გაატარა ციხეში, მათ შორის დიდი ხნით იყო სამარტოო საკანში. ის 1985 წელს, მას შემდეგ გათავისუფლდა, როდესაც ურუგვაიში დემოკრატია აღდგა.

2005-დან 2008 წლამდე მუხიკა ურუგვაის სასაქონლე მეურნეობის, მიწათმოქმედებისა და მეთევზეობის მინისტრი იყო, შემდეგ - სენატორი.

2005 წელს მუხიკამ სენატში თავის კოლეგასა და სახალხო მონაწილეობის ისტორიულ ლიდერ ლუსი ტოპოლანსკიზე იქორწინა.

2009 წელს აირჩიეს ურუგვაის პრეზიდენტად და ქვეყანას 2010–2015 წლებში მართავდა.

"მთელი დღე მყარ განვითარებაზე ვლაპარაკობდით, იმაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს. მაგრამ ჩვენ რაზე ვფიქრობთ? ნუთუ ჩვენ გვინდა მდიდარი ქვეყნების ცხოვრებისა და მოთხოვნილებების დონეს მივაღწიოთ? მე თქვენ გეკითხებით: რა დაემართება ჩვენს პლანეტას, თუკი ინდიელების ყველა ოჯახს ეყოლება იმდენივე მანქანა, რამდენიც გერმანიაში ჰყავთ? მაშინ რამდენი ჟანგბადი დარჩება დედამიწაზე? არის ჩვენს დედამიწაზე საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ შვიდმა თუ რვა მილიარდმა ადამიანმა ისე უთავბოლოდ ვანიავოთ ყველაფერი, როგორც ამას მდიდარი ქვეყნები აკეთებენ? სწორედ ასეთი ჰიპერ მოხმარება აზიანებს ჩვენს პლანეტას", - განაცხადა ურუგვაის იმჟამინდელმა ლიდერმა ერთ-ერთ სამიტზე.

2024 წლის მაისში მუხიკას დაუდგინდა საყლაპავის კიბო, რომელიც მოგვიანებით ღვიძლზეც გავრცელდა.

ა.წ. იანვარში მან საზოგადოებას განუცხადა, რომ უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, დაავადების პროგრესირების გამო და თანამემამულეებს გამოეთხოვა.

  • "მე ძალიან კარგად ვცხოვრობ"

"მე ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მიწოდებენ, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ღარიბები არიან ისინი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ სიმდიდრეში იცხოვრონ. მათ სულ უფრო და უფრო მეტი უნდათ... თუ თქვენ ცოტა ნივთი გაქვთ, მაშინ აზრი არ აქვს, მთელი ცხოვრება მონასავით იშრომოთ ამ ნივთების შესაძენად. შედეგად გამოგივათ, რომ ყველაზე დიდი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. შეიძლება, მე შეშლილ მოხუცს ვგავარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი, ეს თავისუფლების საკითხია", - ამბობდა ის.