ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურიას შემდეგი მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირა იქნება. ბრძოლა გაიმართება 29 ივნისს, UFC 317-ზე. ქართველი და ბრაზილიელი მებრძოლები იჩხუბებენ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვისს (70კგ). ამის თაობაზე 3 მაისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა. დაპირისპირება ლას ვეგასში გაიმართება.
ქამარი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ისლამ მახაჩევმა გადაინაცვლა ქვესაშუალო დივიზიონში, სადაც ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა.
აღნიშნულ ამბავს თოფურია სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა:
"კიდევ ერთი ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევმა ბრძოლას თავი აარიდა. 17:0". - დაწერა ილია თოფურიამ შეხვედრის ოფიციალურად ჩანიშვნის შემდეგ.