შონ "დიდი" კომბსის ყოფილი შეყვარებული მის სასამართლოზე წარსდგა.
მისი ფედერალური სასამართლო პროცესის მეორე დღეს, სამშაბათს, ვენტურამ იძულებითი ორგიების შესახებ მისცა ჩვენება, რომლებსაც კომბსი Freak-off-ებს უწოდებდა. ვენტურას თქმით, ეს მისი და მუსიკალური პროდიუსერის 10-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში გრძელდებოდა.

55 წლის კომბსს ხუთი სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტული შეთქმულება, სექს-ტრეფიკინგი ძალის გამოყენებით და ტრანსპორტირება პროსტიტუციაში ჩასაბმელად.
ამჟამად რვა თვის ორსული კესი ემოციურად საუბრობდა კომბსთან ტოქსიკური ურთიერთობის შესახებ, რომელიც 2006 წელს დაიწყო.
ვენტურას თქმით, მათი ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ის Freak-off-ებს უხალისოდ დასთანხმდა. ამ დროს მომღერალი 22 წლის იყო და ნარკოტიკებით სავსე სექს-წვეულებებმა მის მუსიკალურ კარიერასთან შედარებით პრიორიტეტი მალევე მოიპოვეს.

მან სასამართლოს წინაშე ატირებულმა განაცხადა, რომ წვეულებებზე სიარულის დასრულება სურდა, რადგან თავს "დამცირებულად" გრძნობდა, ვინაიდან კომბსი მას აიძულებდა, მამაკაც სექს-მუშაკებთან ჰქონოდა სექსი, სანამ თვითონ პროცესს უყურებდა. აღნიშნული იმ დროსაც ხდებოდა, როდესაც ვენტურას მენსტრუალური ციკლი ჰქონდა ან ნარკოტიკების ზემოქმედების გამო მოწამლულს გული ერეოდა.
"ამ სცენარში ობიექტი ვიყავი, თავიდან ბოლომდე ობიექტივიზირებული მამაკაცების მიერ," - განაცხადა მან.
როგორც ვენტურამ გაიხსენა, ერთხელ ყოფილმა შეყვარებულმა მას აიძულა, სრულად ჩაცმული, სასტუმროს ოთახში, ბავშვის ზეთითა და ლუბრიკანტებით სავსე გასაბერ აუზში შესულიყო, რადგან მოითხოვდა, რომ კესის მისი ფანტაზიებისთვის უნდა "ებრწყინა".

კესიმ ასევე გაიხსენა, რომ კომბსი მამაკაც სექს-მუშაკებს ქირაობდა და ავალებდა, ვენტურას პირში მოეშარდათ.
"ეს საზიზღრობა იყო, მეტისმეტი გახდა," - განაცხადა მან და დაამატა, რომ ერთხელ კომბსმა მას დახრჩობა დაუწყო იმიტომ, რომ პროცესის შეჩერება ითხოვა.
მისივე თქმით, კომბსისთვის დაუსრულებელ მოთხოვნებზე უარის თქმის ეშინოდა, რადგან შიშობდა, რომ შეყვარებული მას ვიდეოების გავრცელებით დააშანტაჟებდა. გარდა ამისა, "დიდი" ვენტურაზე ფიზიკურად ისედაც ძალადობდა.
"ის თავში მცემდა, მაგდებდა, მათრევდა, მირტყამდა ფეხებს" - ხაზი გაუსვა მან.
კესიმ თქვა, რომ სენსაციური ვიდეო, რომელშიც კომბსი მას სასტუმროს დერეფანში სცემს, ლოს-ანჯელესში, 2016 წელს, Freak-off-ის შემდეგ მოხდა.

როგორც მან განაცხადა, კომბსის თანამშრომლები, დაცვისა და პერსონალის ჩათვლით, პროდიუსერს მასზე კონტროლის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ - მუდმივად ურეკავდნენ ვენტურას, ართმევდნენ ტელეფონსა და ლეპტოპს, როდესაც კომბსს ასე მოუნდებოდა.
ყველა ბრალდების საპასუხოდ, "დიდი" თავს უდანაშაულოდ აცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასამართლოს მეორე დღეს საკმაოდ უემოციოდ გამოიყურებოდა, გარდა იმ მომენტისა, როდესაც მან საკუთარი ოჯახის მისალმებისას ხელებით გული გამოსახა.

თავისი ადვოკატების მეშვეობით კომბსი ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ ზრდასრულებთან, მონაწილეობაზე სრული შეთანხმებით ჰქონდა სექსი.