როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეებში რამდენიმე ახალგაზრდა ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა. მართალია, ამაზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა საუბრობენ ნარკოლოგები - ზურაბ სიხარულიძე სოცქსელით ხშირად აწვდის ინფორმაციას ადამიანებს, თუ როგორ იმოქმედონ ზედოზირების დროს.
- ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. საქართველოში, როგორც ყოველთვის, მალავენ, ვინმე ზედოზირებით რომ დაიღუპება. არადა, ქალაქი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ფაქტია, კლინიკებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის რიცხვი მაღალია, ამიტომ ვეჭვობ, ეს "ფენტანილის" ზედოზირების შემთხვევები იყო. "ფენტანილი" ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდია, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს. როგორც ვიცი, ახლა ნარკოტიკების ახალი პარტიაა შემოსული, რომელიც, სავარაუდოდ, "ფენტანილს" შეიცავს.
- ამბობენ, კოკაინის სახელით შემოდისო.
- მეც მითხრეს, რომ ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკი კოკაინის სახელით. სწორედ მის გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა. რეალურად ის არ არის კოკაინი. სავარაუდოდ, "მეტადონის" კრისტალისა და "ფენტანილის" ნარევია, რომელიც უკიდურესად საშიშია.
საქართველოსთვის კოკაინი არ იყო დამახასიათებელი, ბოლო პერიოდში გაჩნდა. რუსეთში ის ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით მოსკოვსა და დიდ ქალაქებში.ჩვენთან შემოსული კოკაინი სინთეზურია თუ ნამდვილი, კაცმა არ იცის. ეს უნდა გვითხრან შსს-მ და ექსპერტიზის ბიურომ. როცა ექსპერტიზა ტარდება, კანონით ინფორმაცია დახურულია, მარტო ოჯახს აცნობენ შედეგს, ოჯახი კი, როგორც წესი, არ ასაჯაროებს. როგორც შარშან გომელაურმა თქვა, 40 შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირებით გარდაცვალების. ეს იყო სენსაცია, რადგან არასოდეს თქმულა კონკრეტული ციფრი.
სხვათა შორის, ბოლო დროს აჭარაში ამოღებული ნარკოტიკი "კლეფედრონიც" არ არის დამახასიათებელი საქართველოსთვის. ის ბევრად ტოქსიკურია, ვიდრე "მეფედრონი" და "ალფა პვპ". "კლეფედრონი" ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთ-ერთი სახეობაა. ამ მასშტაბის ნარკოტიკები ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია.
- საიდან შემოდის?
- ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა. გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები და "დარქნეტი". მსოფლიომ არ იცის, რა ქნას. ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, უბრალოდ, ჩვენი უნიკალურობა იმაშია, რომ ბევრი მომხმარებელი გვყავს. როცა მოთხოვნა ძალიან მაღალია, საქონელი შემოდის...
კლინიკებიდან ბევრი ექიმი მირეკავს, როცა არ იციან, რა ნივთიერებაა და რა გააკეთონ. ვინ იცის, რამდენი დაიღუპა იმიტომ, რომ შეეშინდათ თუნდაც "სასწრაფოში" დარეკვა. ეს სტიგმაა და ამიტომ დამალვა დამღუპველია. თუ დავმალეთ, უარესი და უარესი მოხდება...წაიკითხეთ სრულად