უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე - რაც 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად ხდება - თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, დელეგაცია გაგზავნა.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. რუსულ დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, გენშტაბის მთავარი სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელი ადმირალი იგორ კოსტიუკოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და ოთხი ექსპერტი თავდაცვის სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
მოგეხსენებათ, ზელენსკი ანკარაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ერდოღანთან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის “არასერიოზულ დამოკიდებულებაზე” მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რუსეთში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.
“ამის მიუხედავად, რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე - და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით - გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.
“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა.
“ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა თავისი ლიდერობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს და თუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებია საჭირო რაიმე პირობებისა და მსგავსის გარეშე. მოდით შევხვდეთ.
ახლა ანკარაში ვართ, ამის შემდეგ ჯგუფს ვაგზავნით სტამბოლში. ის აქ არ არის, სტამბოლში ის არ არის. არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ…
ვთვლი, რომ აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის უპატივცემლობას გრძნობენ. არც შეხვედრის დროს, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემლობაა. არ ვამბობ, რომ რუსები ჩვენ არ გვცემენ პატივს, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის ეს სარკისებრია…
ერდოღანის უპატივცემლობა, ტრამპის უპატივცემლობა. ტრამპი ხალხის დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს აგზავნის. ომის მხარეები ვინ არიან? რუსეთი და უკრაინა. სახელმწიფო მდივანი რუბიო - არის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას უპატივცემლობაა, უპირველეს ყოვლისა თურქეთის, ვინაიდან, აქ არის შეხვედრა”.
მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ".
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობა დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, ხოლო მათი გამგზავრების ფაქტი მხოლოდ საღამოს დადასტურდა.
Reuters-ის წყაროს თანახმად, კიევი განიხილავდა სტამბოლში შესაბამისი დონის წარმომადგენლის გაგზავნის შესაძლებლობას.
საბოლოოდ, უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელად თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დაინიშნა. ზელენსკიმ ეს არჩევანი იმით ახსნა, რომ უმეროვი ფლობს ყველა საჭირო ენას შეხვედრისთვის: უკრაინულს, რუსულს, ინგლისურსა და თურქულს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინელი წარმომადგენლები რუსულ მხარესთან მხოლოდ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ: როგორ უნდა განხორციელდეს იგი და როგორ უნდა მოხდეს მისი შესრულების მონიტორინგი.
ზელენსკიმ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მთავარი საკითხი მოლაპარაკებებზე.
მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კონფლიქტის "ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა". ამასთანავე, პუტინმა არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს,
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში ჟურნალისტებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ პუტინმა წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე დასახა ამოცანები და განსაზღვრა მოლაპარაკებების პოზიციები.
რუსეთი მოლაპარაკებებს 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებად განიხილავს.
მედინსკის თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებების ამოცანაა "დროთა განმავლობაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება", "კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრით".
მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი დრო მედინსკიმ არ დააკონკრეტა. ზელენსკიმ ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი შეიძლება 15 მაისს ან მომდევნო დღეს დაიწყოს.
თავდაპირველად, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა 11 მაისის ღამეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესთავაზა - უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ მოთხოვნილი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად.
დონალდ ტრამპმა მაშინვე მოუწოდა ზელენსკის, დათანხმებოდა ამ შეთავაზებას, უკრაინის პრეზიდენტმა უკვე 11 მაისს განაცხადა, რომ პირადად გაემგზავრებოდა სტამბოლში და იქ დაელოდებოდა ვლადიმირ პუტინს. მომდევნო დღეებში ზელენსკიმ არაერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად უნდა მივიდეს მოლაპარაკებებზე, რათა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნა.
რუსული დელეგაციის შემადგენლობა მხოლოდ 14 მაისის გვიან საღამოს გამოცხადდა და პუტინი მასში არ შედიოდა.
"ახლა ვართ ძალიან რთულ წერტილში და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამ ომს დაასრულებს მოლაპარაკებების გზით და მოახდენს ომის პრევენციას მომავალში - ისეთ მშვიდობას, რომელიც არა მხოლოდ ამ ომის დასრულებას უზრუნველყოფს, არამედ თავიდან აგვაცილებს ახალი ომის დაწყებას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 მაისს ანტალიაში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დაწყებამდე.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან, გამძლე და ხანგრძლივ მშვიდობამდე".
მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის, კონსტრუქციულად მიუდგეს ყველა მექანიზმსა და პროცესს, რომლებიც უკრაინაში ომს დაასრულებს.
მანვე გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ "არ არსებობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სამხედრო მოგვარება. ეს ომი დასრულდება არა სამხედრო მოგვარებით, არამედ დიპლომატიური გზით და რაც უფრო მალე მოხერხდება ამ ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა, ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოოდ ეს არის პრეზიდენტის მიზანი".
როგორც უკვე ვთქვით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ანტალიაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარკო რუბიოს.
სტამბოლში მოლაპარაკების წინ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 15 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 110 დრონით.
იხილეთ ასევე: