ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მაშველებმა გუშინ მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა და ორი ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის უტა ელიავას, რაც შეეხება მეორე ცხედარს, ის ეკუთვნის მგზავრს, რომელიც ბიჭებთან ერთად ტრაგედიის დროს იმყოფებოდა ავტომობილში. ამ დრომდე ეძებენ გიორგი შამუგიას ცხედარს.
"მთელი საქართველო(და არა მარტო) შეძრა ამა წლის 15 მაისის გამთენიისას მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ.საავარიო დარტყმის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ოთხი მგზავრიდან ერთი მალევე ამოიყვანეს მაშველებმა, მანქანა ადიდებულ მდინარეში გაუჩინარდა.სამაშველო სამსახურის სამდღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი,სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ ხერხდება მეოთხე ახალგაზრდის პოვნა. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ გამწარებულ ოჯახს დაკარგული ბიჭის ძებნაში, რამეთუ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურები უძლური აღმოჩნდნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა ქარი და წვიმა. ორივე სანაპირო ზოლზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება, ვარჯიშობენ, თევზაობენ, სეირნობენ, ფოტოებს იღებენ. გთხოვთ ყურადღებას, იქნებ სულაც უბრალო გამვლელმა მოკრას თვალი რაიმე საეჭვოს წყალში და აცნობოს 112-ს" - წერს გიორგი შამუგიას ახლობელი.
"2014 წელს მოვიდა "სარკმელში" (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი). 5 წელი, კვირაში ორჯერ, ვხვდებოდით ძალიან საინტერესო ჯგუფებთან ერთად და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებდით. მტკვარში გადაჩეხილ მანქანაში, ერთ-ერთი, გიორგი იყო. ამ წუთამდე, ოფიციალური ინფორმაცია მასზე არ არსებობს, - ეძებენ! რომ იცოდეთ, როგორ მინდა, როგორ მინდა, როგორ მინდა ისევ შევხვდე ამ "ორმეტრიან კაცს", რომ ხუთწლიან "სარკმელურ" თანაცხოვრებაზე" კვლავ ვისაუბროთ ხალისით, იუმორით და ბევრი ვიცინოთ იმ ბიჭზე - თვალებში ეშმაკუნებიანი რომ მოვიდა კლუბში, მერე, ნელ-ნელა, დიდი კაცი რომ ჩაისახლა სულში და გულში... მერე... ხალხსაც მოვუყვებით ამ ამბებს და იმაშიც დავაჯერებთ, რომ სასწაულებიც ხდება... მოხდეს სასწაული, სასწაული მოხდეს!" - წერს გიორგი შამუგიას ახლობელი.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: