ამერიკელმა ჯინ და ბობი ჰოლმსებმა 42 წელი იცხოვრეს ერთად. როცა ბობი 2020 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ჯინის მთელი სამყარო დაინგრა. გარდაცვალებამდე ბობი მეუღლის დამშვიდებას ცდილობდა და ხშირად უმეორებდა, - სადაც არ უნდა ვიყო ფიზიკურად, მე სულ შენთან ვიქნები მაინცო...

სწორედ ამ სიტყვებმა უბიძგა ჯინის კრემაციის შემდეგ ქმრის ფერფლისგან მემორიალური ალმასი შეექმნა.
ალმასი ლურჯი ფერის გამოვიდა, რომლისგანაც ქალმა ყელსაბამი დაამზადებინა.
"ის ზუსტად ბობის თვალების ფერია, ხელით ვეხები ალმასს გულზე და ვგრძნობ, რომ ისევ აქ არის. ეს არ არის უბრალოდ ქვა - ეს მისი არსებობის გაგრძელებაა ჩემთან ერთად“, - ამბობს ჯინი.
ეს და მსგავსი ისტორიები აჩვენებს, რომ მემორიალური ალმასი მხოლოდ ნივთი არ არის - ის ადამიანისთვის ემოციური ღუზაა, ძალიან პირადი და ინტიმური კავშირი დაკარგულთან, რომელიც მატერიალურ სიმბოლოდ იქცევა.
ეს არის ლაბორატორიაში შექმნილი ალმასი, რომელიც მიიღება ადამიანის ან ცხოველის ნეშტისგან დარჩენილი ნახშირბადიდან. ეს პროცესი ძირითადად გამოიყენება მიცვალებულის ხსოვნისთვის, როგორც ალტერნატიული გზა ტრადიციული დაკრძალვის ან კრემაციის პროცესის შემდეგ.
კრემაციის შემდეგ, ფერფლიდან გამოეყოფა ნახშირბადი.
ეს ნახშირბადი იწმინდება და გადამუშავდება, რომ მიღებულ იქნეს გრაფიტი.

შემდეგ ლაბორატორიულ პირობებში მაღალი წნევის და ტემპერატურის (HPHT - High Pressure High Temperature მეთოდი) მეშვეობით გრაფიტი გარდაიქმნება ალმასად - ეს პროცესი იმიტირებს ბუნებრივად ალმასის წარმოქმნის პირობებს.
საბოლოოდ, მიღებული ალმასი იჭრება და ფორმირდება როგორც ჩვეულებრივი ძვირფასი ქვა.
მემორიალური ალმასი ხშირად გამოიყენება საგვარეულო მემკვიდრეობის, სიყვარულის ან სულიერი კავშირის სიმბოლოდ.
მას ხშირად იყენებენ ბეჭდის თვლად, კულონებში ან სხვა სამკაულში.


შესაძლებელია ალმასს მიეცეს სხვადასხვა ფერი - ყვითელი, ცისფერი, გამჭვირვალე - ეს დამოკიდებულია გამოყენებულ ქიმიურ ელემენტებზე.
ფასი დამოკიდებულია ზომაზე, ფორმაზე და მწარმოებელ კომპანიაზე, და ჩვეულებრივ მერყეობს რამდენიმე ათასი დოლარიდან.
მემორიალური ალმასი პირველად შეიქმნა 2002 წელს შვეიცარიაში, კომპანია Algordanza-ის (ლათინურად ნიშნავს "მეხსიერებას") მიერ.
ეს ინოვაციური იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა იაპონიაში, შვეიცარიაში, აშშ-ში და გერმანიაში, სადაც ალტერნატიული მემორიალური პრაქტიკები უფრო მიღებულია.
მემორიალური ალმასების შექმნის სერვისს მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი კომპანია სთავაზობს.