2024 წლის მონაცემებით აკნე მსოფლიოს მოსახლეობის 20,5%-ს აწუხებს. დაავადება ყველაზე მეტად 16-დან 24 წლამდე ასაკშია გავრცელებული, თუმცა არანაკლებ მაღალია მისი მაჩვენებელი 25-დან 39 წლამდე პირებშიც. შესაბამისი კვლევა Pierre Fabre Laboratories-მა გამოაქვეყნა. მათთვის, ვისაც აკნე აწუხებს, ერთი მხრივ პრობლემურია დაავადებასთან მკურნალობა, რადგან რიგ შემთხვევებში ის ქრონიკულ სახეს იღებს ხოლმე და მეორე მხრივ, სერიოზული გამოწვევაა ჰიპერპიგმენტაცია და ნაწიბურები, რომლებიც ცხოვრების ხარისხზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები უკვე შესაძლებლობას იძლევა, ჩამოთვლილ პრობლემებს ეფექტურად ვებრძოლოთ, მთავარია, დროულად მოხდეს სპეციალისტის ჩართვა და დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდები. აკნეს დამარცხების შემდეგ ჰიპერპიგმენტაციისა და ნაწიბურების სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ადგილობრივი პრეპარატები, ისე პროცედურები, რომელთა შესახებაც დეტალურად საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, პოდოლოგი და ტრიქოლოგი თამარ კარელიძე, რომელიც კლინიკა „პანდერმაში“ გაგიწევთ კონსულტაციას:

ქალბატონო თამარ, ნაწიბურებისა და აკნეს შემდგომი ლაქების საწინააღმდეგოდ ხშირად მიმართავენ ქიმიურ პილინგებს. რამდენად უწევთ რეკომენდაციას აღნიშნულ პროცედურას და არის თუ არა ზამთარი საუკეთესო სეზონი მათ ჩასატარებლად?
პილინგი კანის გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა და რადგანაც ზამთრის პერიოდში კანის მზისგან დაცვა უფრო მარტივია, ამიტომ პაციენტებს სწორედ აღნიშნულ სეზონზე ვურჩევთ მის ჩატარებას.
როგორც წესი, პილინგს მივმართავთ რამდენიმე შემთხვევაში: როდესაც გვაქვს მსუბუქი აკნე, აკნეს შემდგომი ნაწიბურები და ლაქები და პიგმენტაციის დარღვევის დროს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ აკნეს ინტენსიური გამოვლინება ხდება გარდატეხის ასაკში, 15-16 წლიდან შეგვიძლია, ეს პროცედურები მსუბუქი ფორმით დავიწყოთ. დამოკიდებულები ვართ აკნეს გამოვლინების სიმწვავეზე.
გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში უნდა შევწყვიტოთ აგრესიული მჟავის შემცველი პროდუქტების გამოყენება, რადგან პილინგი ისედაც გულისხმობს კანის აქერცვლასა და განახლებას, დამატებითი საშუალებები კი აღდგენის პროცესის დარღვევას გამოიწვევს. კანი აუცილებლად უნდა დავიტენიანოთ დღეში 2-ჯერ და უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი 50 ან უფრო მაღალი ფაქტორით.
რა ტიპის სახის პილინგები არსებობს და რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური?
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალია რისკი, გარკვეული პილინგის გამოყენების შემთხვევაში, განვითარდეს ალერგიული რეაქცია, თავდაპირველად ვამოწმებთ, აქვს თუ არა პაციენტს რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობა და მისი ჩვენებისა და რეაქციის მიხედვით ვარჩევთ მას.
არსებობს სხვადასხვა სიღრმეზე მოქმედი პილინგები, რომლებიც როგორც წესი შეიცავს გლიკოლისა და სალიცილის მჟავის თანაფარდობებს. გლიკოლის მჟავა ყველაზე ეფექტურია, როდესაც პრეპარატში შედის 20-დან 70%-მდე, სალიცილის მჟავა კი - 30%-მდე. ამბულატორიულ პირობებში აღნიშნული პროცენტულობით მჟავების გამოყენება შეგვიძლია. ასევე ვიყენებთ ტრიქლორაციდის მჟავას, რომელიც ასევე ეფექტურად ებრძვის ჩამოთვლილ გართულებებს.
ღრმა ნაწიბურების, ჰიპერპიგმენტაციისა და დაბერების ნიშნების სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ღრმა პილინგებიც, რომლებიც გაუტკივარებით ტარდება და რეაბილიტაციის პროცესიც საკმაოდ რთული და ხანგრძლივია.
საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ქიმიური პილინგებითა და სხვა პროცედურებით სრულად აღმოვფხვრათ აკნეს შემდგომი ნაწიბურები და ლაქები?
ნაწიბურის განკურნება დიდწილად მის სიღრმესა და ხანდაზმულობაზეა დამოკიდებული. თანამედროვე კვლევების მიხედვით, პილინგის პროცედურები პაციენტების 30-60%-ში გვაძლევს შედეგს, თუმცა დასაშვებია რეციდივის არსებობაც. როგორც ნაწიბურის, ისე ჰიპერპიგმენტაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დროულად დავიწყოთ მკურნალობა.
აკნეს შემდგომი პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ნაწიბურის ხანდაზმულობისა და სიღრმის მიხედვით არის დამოკიდებული მაგალითად, რამდენად ღრმად განვითარდება ანთებითი პროცესი, კონკრეტულ უბანზე იყო თუ არა გაერთიანებული ორი ან მეტი ელემენტი, რაც უფრო სერიოზული დაზიანებას იწვევს.
იმ შრეში, სადაც ხდება კოლაგენის, ელასტინის გამომუშავება, აუცილებელია მკურნალობის პროცესის დროული დაწყება, რომ განახლდეს და ის ჩონჩხი, რაზეც კანი არის დაშენებული. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია პილინგით „ვაიძულოთ“ მას კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება და აღდგენის პროცესის დაწყება და მეორე მხრივ, შევიყვანოთ რომელიმე პრეპარატი. შეიძლება აღნიშნულმა მეთოდებმა შესამჩნევად დადებითი შედეგები მოგვცეს ან შეიძლება, კიდევ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა გახდეს საჭირო. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მონდომებაზე, მის ჩართულობაზე და რამდენად მიჰყვება ამ პროცედურებს, რამდენად დაიცავს ყველა წესს, მათ შორის ყოველდღიურად მზისგან დამცავი კრემის მოხმარებას.
ნაწიბურების მკურნალობის პროცესში შეგვიძლია გარკვეულ ეფექტს მივაღწიოთ, ისეთი გარეგანი გამოყენების საშუალებებით, როგორიც გახლავთ რეტინოიდები, A ვიტამინის წარმოებული პრეპარატები, ამქერცლავი საშუალებები, რომელიც ზომიერად პროვოცირებს კანის აქერცვლას და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. თუ მათ მოხმარებას დროულად დავიწყებთ, ნაწიბურის ან დაზიანებული უბნის აღდგენის შანსი მაღალია.
როგორ მოვამზადოთ კანი გაზაფხულისთვის? რა რეკომენდაციებს მოგვცემთ, როგორ მოვუაროთ კანს განსაკუთრებით მაშინ, თუ პოსტ-აკნე მკურნალობის პროცესს გავდივართ?
ყველაზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კანს აუცილებლად სწორი შეფასება სჭირდება. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა პაციენტი არასწორად შერჩეული საშუალებებით უვლის კანს და შემდეგ პრობლემა იჩენს თავს, იქნება ეს აკნე, სიმშრალე თუ სხვა. გასათვალისწინებელია, რომ კანის მდგომარეობა იცვლება ასაკთან ერთადაც, ამიტომაც დერმატოლოგთან კონსულტაცია და თავის მოვლის რუტინის მისი დახმარებით შედგენა ბევრ გართულებას აგვარიდებს თავიდან.
რეკომენდებულია, ერთი და იგივე სამკურნალო, დასაბანი თუ მოვლის საშუალება როგორც თმაზე, ასევე კანზე არ გამოვიყენოთ 8 თვეზე დიდი ხნით. აუცილებლად უნდა შევიტანოთ რუტინაში მზისგან დამცავი საშუალება, განსაკუთრებით მაღალ დაცვაზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი მაშინ, თუ ნაწიბურებისა და აკნეს შემდგომი ლაქების მკურნალობის პროცესში ვართ.
მნიშვნელოვანია, სეზონურად ერთხელ მაინც ჩავიტაროთ ერთი დამატენიანებელი პროცედურა მაინც, რომელიც კანის სინოტივეს შეგვინარჩუნებს. 25 წლის ასაკიდან ამ რუტინის შესრულება საშუალებას მოგვცემს, შევანელოთ დაბერების პროცესი და დავიცვათ თავი სხვადასხვა გართულებისგან.
R