თუ წელს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმდება, რუსეთი შესაძლოა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი თავდასხმებისთვის უკვე 2027 წლისთვის იყოს მზად
როგორც უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრი აცხადებს, რუსეთი შესაძლოა, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი თავდასხმებისთვის უკვე 2027 წლისთვის იყოს მზად, თუკი წელს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმდება.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის ეკონომიკისა და მრეწველობის საომარ მდგომარეობაში გადაყვანა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია, ახალი კონფლიქტისთვის ორი წლის განმავლობაში აღიდგინოს ძალები.
IISS-ის ანგარიში ნავარაუდებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შეიძლება, NATO-დან გავიდეს ან ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნა შეამციროს, რათა ყურადღება ჩინეთიდან მომავალ საფრთხეზე გადაიტანოს.
"ევროპელ მოკავშირეებს აღარ შეუძლიათ ივარაუდონ, რომ რუსული აგრესიისგან კონტინენტის დასაცავად საჭირო სამხედრო მხარდაჭერას აშშ უზრუნველყოფს, თუ აშშ-ის ძალები 2025 წლის შუა პერიოდიდან ევროპული თეატრიდან გავლენ, ევროპის დაუცველობის ფანჯარა სწრაფად გაიხსნება.
ანგარიშის თანახმად, რუსეთი „შეიძლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ნატოს მოკავშირეებს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, უკვე 2027 წლისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო გამოწვევა შეუქმნას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ექსპერტების გაფრთხილებით, დასავლელ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ვარაუდი, რომ მათ რუსეთთან კონფლიქტისთვის მოსამზადებლად წლები ექნებათ.
როგორც ერთმა ექსპერტმა განმარტა: "თუ რუსეთი გადაწყვეტს რეკონსტრუქციას, ის ამას გააკეთებს... რუსეთს არ აწუხებს შემდეგი არჩევნები და შესწირავს ჯანდაცვას და სხვა სოციალურ შეღავათებს, რათა რესურსები სამხედრო რეკონსტრუქციაზე გადაიტანოს... რუსეთში ომი პოლიტიკურ სისტემად იქცა“.
NATO-ს მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ რუსეთმა შეიძლება, NATO-ს ტერიტორიის ნაწილის დასაკავებლად მცირე მასშტაბის ოპერაცია განახორციელოს, რაც ალიანსს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. NATO შესაძლოა, იძულებული გახდეს, გადაწყვიტოს, პატივს სცემს ურთიერთდაცვის აქტს თუ რუსეთს ტერიტორიის მიტაცების უფლება მისცემს, რათა ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი აიცილოს თავიდან.
რუსეთის საფრთხისა და ტერორიზმის საპასუხოდ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო 7 წლის განმავლობაში, თავდაცვის ინვესტიციების გაზრდას მშპ-ს 5%-მდე განიხილავენ.
მაგალითად, თანამგზავრული გამოსახულებები აჩვენებს, რომ მოსკოვი ფინეთის საზღვართან სამხედრო განლაგებას ზრდის, რეგიონში ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს და ჯარებს ათავსებს.
ფინეთის მთავრობის ანგარიში ნათქვამია, რომ ფინეთზე, ნორვეგიაზე, შვედეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი დასრულდება.
NATO-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმის რეპეტიციას ახორციელებს, წყაროების თანახმად, კოორდინირებული შეტევა, რომელშიც რამდენიმე რუსული ქვედანაყოფი იქნება ჩართული, შესაძლოა, ერთდროულად ნორვეგიის სანაპიროზე, ფინეთის სამხრეთსა და ლაპლანდიის რეგიონზე, შვედეთის კუნძულ გოტლანდიაზე და ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიაზეც კი განხორციელდეს.
თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი უფრო მეტად მცირე მასშტაბის თავდასხმებს აირჩევს, რომლებიც NATO-ს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, რადგან ბლოკი იძულებული იქნება, ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის სრულმასშტაბიან ომში შესვლის რისკები და ხარჯები შეაფასოს.
რუსეთის თავდაცვითი ხარჯები მიმდინარე წელს მშპ-ს 6%-მდე გაიზარდა - 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენდა.