13 ადამიანი დაშავდა ბარსელონაში მას შემდეგ, რაც ფეხბურთის გულშემატკივრების ხალხმრავალ ბრბოს, სტადიონის მახლობლად მანქანა დაეჯახა. ინციდენტი "ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის "ლა ლიგის" მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით მოხდა ადრე.
თვითმხილველთა თანახმად, ზოგიერთმა გულშემატკივარმა აკრძალულ ტერიტორიაზე მანქანის ყოფნის გამო პროტესტი გამოთქვა, რა დროსაც მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და რამდენიმე გულშემატკივარს დაეჯახა. მანქანის მძღოლი წინ და უკან, ბრბოსგან თავის დასაღწევად მოძრაობდა. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი დაზარალებული ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით რამდენიმე მეტრის მანძილზე გაათრიეს.
უსაფრთხოების ძალების განცხადების თანახმად, ცხრა ადამიანმა მსუბუქი, ოთხმა კი - უფრო სერიოზული დაზიანებები მიიღო. პოლიციის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ხუთ ადამიანს კვლავ მკურნალობდნენ, მაგრამ არც ერთი არ იყო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა, თუმცა თავდაპირველ შეფასებაში მათ ინციდენტი უბედურ შემთხვევად დაასახელეს და არა - განზრახ აქტად. პოლიციის წყაროებმა აღნიშნეს, რომ მანქანის მძღოლს, რომელიც სავარაუდოდ, 45-55 წლის ქალია, ნასამართლობა არ ჰქონდა. მას სავარაუდოდ, გაუფრთხილებელ მართვას და დაზიანების მიყენებას წაუყენებენ ბრალად. შოკის გამო მძღოლსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მატჩის დაწყებიდან შვიდი წუთის შემდეგ, როდესაც ინციდენტის შესახებ გაკეთდა განცხადება, სტადიონზე თამაში დროებით შეჩერდა. მსაჯმა, სტადიონის მენეჯერთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მატჩი გაგრძელდებოდა. ესპანიოლის ზოგიერთმა გულშემატკივარმა პროტესტი გამოთქვა, რომ მატჩი უნდა შეჩერებულიყო. ბარსელონამ მატჩი ანგარიშით 2-0 მოიგო, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ სეზონის ლა ლიგის ჩემპიონები არიან, მეორე ადგილზე კი მათი მთავარი მეტოქე, რეალ მადრიდია.