ავტორი:

108 608 დაღუპული სამხედრო, მათგან 5 ათასი ოფიცერი: რა არის ცნობილი რუსეთის დანაკარგებზე უკრაინასთან ომში?

108 608 დაღუპული სამხედრო, მათგან 5 ათასი ოფიცერი: რა არის ცნობილი რუსეთის დანაკარგებზე უკრაინასთან ომში?

BBC-მ, გამოცემა "Медиазона"-მ და მოხალისეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ღია წყაროების საფუძველზე შეძლეს დაედგინათ 108 608 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპნენ. მათ შორის 5 ათასზე მეტი ოფიცერია - მათგან 10 გენერალი, 524 კი - პოლკოვნიკის ან ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მქონე.

  • ყველაზე მტკივნეული დანაკარგები

რუსული არმიისთვის ყველაზე მძიმე დანაკარგად ითვლება ქვედა რგოლის ოფიცერთა სიკვდილი. ომის პირველ წელს ყოველი მეხუთე დაღუპული ოფიცერი იყო, უმეტესად - ლეიტენანტის ან კაპიტნის წოდებით.

რუსეთის არმიის სპეციფიკის გამო ქვედა რანგის ოფიცრებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ ბრძოლის ველზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვედანაყოფების მომზადებაზე და უშუალოდ განსაზღვრავენ, როგორ იმოქმედებენ ჯარისკაცები ფრონტზე.

ბრიტანეთის დაზვერვის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია:

"ქვედა რგოლის ოფიცრებს უწევთ ყველაზე დაბალი ტაქტიკური დონის მართვა, რადგან რუსეთის არმიას აკლია კვალიფიციური და უფლებამოსილი სერჟანტები, რომლებიც ამ ფუნქციას დასავლურ არმიებში ასრულებენ. ლეიტენანტებისა და კაპიტნების მასობრივმა დაღუპვამ გამოიწვია სარდლობის პარალიზება, ლოჯისტიკური პრობლემები და არტილერიასთან ურთიერთობის შეფერხება. შედეგად, დანაყოფები დამატებით დანაკარგებს განიცდიდნენ. კოორდინაციის ნაკლებობის გამო რუსული ძალები ხშირად ხვდებოდნენ საკუთარივე არტილერიის ცეცხლის ქვეშ.

დადასტურებული მონაცემებით, ქვედა რგოლის ოფიცრების დანაკარგები 4 ათას ადამიანს უახლოვდება.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში კი წერია:

"გადაწყვეტილების მიღების პროცესის დეცენტრალიზაციის სურვილის არარსებობა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უუნარობა - ეს სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული პრობლემებია, რამაც გამოიწვია რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბალი ეფექტიანობა ომში.

ბრიტანეთის დაზვერვაც მიუთითებს, რომ რუსული ოფიცრების მომზადება ხდებოდა მკაცრი, მყარი გეგმის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალი თანამდებობის პირებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ასეთმა სისტემამ ჩაკლა ინიციატივა და ხელი არ შეუწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას".

  • ოფიცერთა აღდგენა და ვეტერანები

მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, რუსული არმია, განსაკუთრებით კი ოფიცერთა კორპუსი, სწრაფად გადაეწყო და ცდილობდა დანაკარგების შევსებას. თუმცა ახალი ოფიცრები ხშირად არ ფლობდნენ დაღუპულების ცოდნასა და გამოცდილებას.

ქვედა რანგის ოფიცრების სიმცირის გამო, მობილიზებული იქნა რეზერვისტები, მათ შორის - ავღანეთში, ჩეჩნეთსა და სირიაში მებრძოლი ვეტერანები. ეს დაეხმარა სწრაფად შევსებულიყო ვაკანსიები, ხოლო ახალგაზრდების მომზადება კვლავ გაგრძელდა სამხედრო სასწავლებლებში.

თანდათან, გამოცდილმა ვეტერანებმა დაიწყეს ახალწვეულების და მომავალი ოფიცრების მომზადება.

ომის დასაწყისში ოფიცრების წილი დაღუპულებს შორის 20%-ს შეადგენდა. ელიტური ნაწილების ჩართვის შემცირებისა და ტაქტიკის ცვლილებების შემდეგ ეს მაჩვენებელი 10%-მდე დაეცა. 2025 წლის გაზაფხულისთვის ოფიცრების წილი უკვე მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს.

ეს ორი მიზეზით აიხსნება:

ტაქტიკის შეცვლა - მცირდება გამოცდილ ოფიცერთა გამოყენება ფართომასშტაბიან ოპერაციებში.

ძალის შევსების ძირითადი წყარო - მასობრივი მოხალისეთა რეკრუტირება, რომლებიც ჩვეულებრივ ჯარისკაცებად მსახურობენ და ბევრად უფრო ხშირად იღუპებიან.

  • პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები

ომის განმავლობაში დაიღუპა 144 პოლკოვნიკი და 380 ვიცე-პოლკოვნიკი. მათგან ბევრი ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების და ელიტურ ნაწილებს და პირველივე თვეებში დაიღუპა.

  • გენერლები - ფრონტზე და ზურგში დაღუპულები სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ

რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 10 გენერალი.

პირველი ოთხი გენერალი (სუხოვეცკი, ფროლოვი, ბოტაშევი, კუტუზოვი) ომის პირველ ოთხ თვეში დაიღუპნენ. ისინი ფრონტთან ახლოს იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ ლოჯისტიკური და კომუნიკაციური ხარვეზების კომპენსირებას.

2022 წლის ზაფხულისთვის რუსეთმა ნაწილობრივ მოახერხა კომუნიკაციისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება და გენერლები ზურგში გადაიყვანეს.

2023 წლის ზაფხულში ორი გენერალი (გორიაჩევი და ცოკოვი) დასავლური იარაღით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ.

2023 წლის ნოემბერში კიდევ ორი გენერალი დაიღუპა დაიღუპა ზურგში: ზავადსკი ნაღმზე აფეთქდა, კლიმენკო კი, ოფიციალური ინფორმაციით, მოტოციკლეტიდან ჩამოვარდა, როდესაც მტრის დრონისაგან გაქცევას ცდილობდა, მეორე ვერსიით, ის ნასვამი იყო და ეს გახდა ჩამოვარდნის მიზეზი.

2024 წლის ბოლოს დაიწყეს გენერლებზე ორგანიზებული თავდასხმები.

გენერალი იგორ კირილოვი 2024 წლის დეკემბერში მოკლეს მოსკოვში, როცა ის სადარბაზოდან გამოდიოდა აფეთქდა დისტანციური მართვის ბომბი, რომელიც სკუტერზე იყო დამაგრებული.

გენერალი კრილოვი

გენერალ-მაიორი იაროსლავ მოსკალიკი 2025 წლის აპრილში დაიღუპა ავტომობილის აფეთქების შედეგად.

ასევე დაიღუპა სამი ყოფილი გენერალი კი, რომლებიც მსჯავრდადებული იყვნენ და პატიმრობისას გამო მოხვდნენ ფრონტზე.

  • ზოგადი ტენდენციები

რუსეთის არმიის დანაკარგები უკრაინაში კვლავ მაღალი ტემპით იზრდება. დანაკარგების პიკი დაფიქსირდა ომის დასაწყისში და ბახმუტის შეტევისას.

  • დამატებითი სტატისტიკა

ყოველი მეოთხე დაღუპული - ომის შემდეგ გამხდარი კონტრაქტორია.16% -ს პატიმრები შეადგენენ. 12% კი - მობილიზებულები.

გარდაცვლილთა უმაღლესი მაჩვენებლები - ბაშკირეთის, თათრეთისა და სვერდლოვსკის ოლქის მცხოვრებლებზე მოდის.

ყველაზე დიდი დანაკარგები მოსახლეობის რაოდენობის პროპორციით, ტუვისა და ალთაის რესპუბლიკებსა და ბურიატიაშია.

  • დასკვნა:

"დაღუპულთა მინიმუმ 52%-ს ომამდე რუსულ არმიასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ომში გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ ზუსტად ვერ დავადგინეთ, როგორ მოხვდა ფრონტზე დაღუპულთა 29%, ვისი ვინაობაც ვიცით. მათი უმეტესობის ნეკროლოგებს თან ახლავს ფოტოები, რომელშიც ისინი გამოსახულნი არიან სამოქალაქო ტანსაცმელში. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ისინი ფრონტზე მობილიზაციის შედეგად ან საკუთარი სურვილით ხელმოწერილი კონტრაქტით მოხვდნენ. თუმცა, ამას სრული დარწმუნებით ვერ ვიტყვით", - ვკითხულობთ სტატიაში.