"საკუთარ თავს გამარჯვებულ პაციენტს ვუწოდებ. თუმცა კიბომდე სიცოცხლე არ მიხაროდა, დეპრესიაც წამოვიდა, მაგრამ ის, რაც უკვე კიბომ ჩემს ცხოვრებაში მოიტანა, ტრაგედია აღარ ყოფილა" - ამბობს გამარჯვებული პაციენტი მეგი თედეევი. გადატანილს ახლად დაბადების პროცესი დაარქვა. მეგი თედეევი ამჟამად "ევროპა დონა საქართველოს" და კავკასიის ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" ბორდის წევრია.
ის თავისი გამარჯვებისა და ახლად დაბადების ამბავს გვიყვება:
- პანდემიის პერიოდი იყო, ჩემი დიაგნოზის შესახებ რომ გავიგე - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა დამისვეს. პირველი სტადია იყო. ხელით გასინჯვისას როგორც კი ვიგრძენი უცხო სხეული, ვიყოჩაღე და მალევე წავედი, რომ გამეგო, რა იყო... საერთოდ მომთმენი ვარ, მაგრამ ეს იყო ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დროული, სწრაფი რეაგირება მქონდა. სანამ ექიმთან წავიდოდი, მანამდე სახლში ვთქვი, არაფერი იქნება საშიშიო, - მითხრეს. მეგობრებსაც ვუთხარი, ექიმთან ვაპირებ წასვლას-მეთქი, მათაც დამამშვიდეს, ცუდი რა უნდა იყოსო?! ექიმთან შიშით არ წავსულვარ, უბრალოდ დადგენა და გამორიცხვა მინდოდა. კლინიკაში მარტო მივედი. ცუდის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ექიმისგან რომ გამოვედი და დიაგნოზი გავიგე, შოკისგან ტირილი დავიწყე. კაბინეტთან ქალბატონები ისხდნენ და დამამშვიდეს. მეუბნებოდნენ, - ნუ გეშინია და მანდ დაშვების დონეზე დავუშვი, რომ მორჩა, ეს არის დასარული-მეთქი. პირველი წუთები უმძიმესი იყო.
- ალბათ მარტო არ უნდა წასულიყავით...
- კი, ჩემს მაგალითზე ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთ დროს არ შეიძლება ექიმთან მარტო წასვლა. მე უბრალოდ შევძელი და ვმართე იმ მომენტში თავი, ხელში ავიყვანე, თუმცა რთული იყო, უმწეობა და მარტოსულობა - მაგ დროს ეს განცდა მოვიდა. თან კიბოს შესახებ ცნობიერებაც არ მქონდა.
- არც გენეტიკური განწყობა ყოფილა?
- არა... ჩემს დიაგნოზამდე, 5 წლით ადრე, დავქვრივდი. ეს იყო ჩემთვის დიდი სტრესი, რის შემდეგაც ჩემი ყოველდღიურობა მხოლოდ სტრესით იყო მოცული. 33 წლის მეუღლე დავკარგე, მე 26 წლის ვიყავი. უმცროსი შვილი მაგ დროს 5 თვე-ნახევრის მყავდა, უფროსი - 4-ის ჯერ არ იყო. ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლა აღმოჩნდა...

- მეუღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა?
- ხანგრძლივად ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც იტანდა, სერიოზული არაფერი ეგონა, ფიქრობდა, რომ გადაღლის ბრალიაო. ექიმს როცა მიმართა, უკვე დაგვიანებული იყო. ჰიდრო ცეფალია დაუსვეს. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და სამწუხაროდ ყველა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. სამ თვენახევრის განმავლობაში საავადმყოფოს ვიყავით მიჯაჭვული.
- როგორ გაუმკლავდით ასეთ მოულოდნელ და მძიმე ტალღას?
- ეს იყო უმძიმესი პერიოდი - საკუთარ თავზე უარის თქმის, პროტესტი და მიუღებლობა... სიცოცხლე არ მიხაროდა, დეპრესიაც წამოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სასიცოცხლოდ და გადასარჩენად ჰაერივით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შვილები მყავდა - მათთვის უნდა მეცოცხლა...
- კიბოს დიაგნოზი მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენი ხნის შემდეგ დაგისვეს?
- ჩემი დიაგნოზის მიზეზად ჩემი მეუღლის გარდაცვალებას არასდროს ვასახელებ. როდესაც შენში მიდის პროცესი და გჭამს, რომ სიცოცხლე არ გინდა, მაგრამ შვილები გყავს გასაზრდელი, არ იცი, ცხოვრება როგორ ააწყო, რა მომავალი გექნება. ეს ჩემში მუდმივად და უწყვეტად მიდიოდა... მხოლოდ მგლოვიარე არ ვიყავი, სტატუსით ბევრი რამ უნდა ვყოფილიყავი. შესაბამისად ჩემი სტრესები მოდიოდა და მოდიოდა. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირდაპირ სტრესს უკავშირდებოდა. აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, დალაგებული ცხოვრების მქონე ადამიანმაც შეიძლება ერთხელაც თქვას, - გამარჯობა, მე კიბო მაქვს... ამას ბევრი ფაქტორი - არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება და ა.შ. განსაზღვრავს. ჩემ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ალბათ უფრო ის იყო, რომ სამყაროს გავებუტე. საკუთარ თავს რასაც ჩავძახებთ, აუცილებლად იმას წარმოვადგენთ... სამაგიეროდ, ჩემი მეუღლის ტრაგედიის შემდეგ კიბო ჩემთვის ტრაგედია აღარ ყოფილიყო.
პირველი ფიქრები, რაც წამოვიდა, ის იყო, რომ არ უნდა მოვკვდე, უნდა ვიცოცხლო. ეს განცდა ტალღასავით მოვარდა, მთლიანად დამიარა... უკვე არც ერთი წამით აღარ დამიშვია, რომ ამ სამყაროში აღარ უნდა ვყოფილიყავი. იქვე წამოვიდა მთელი სია ჩემი გასაკეთებელი საქმეების, შესასრულებელი ნატვრების, ოცნებების, - იმ გამოტოვებული წლების ანაზღაურება მომინდა. ძალ-ღონე ასე მოვიკრიბე. არ ვიყავი ისეთი პაციენტი, რომელსაც დაუსვეს დიაგნოზი, იმკურნალა და მორჩა. საბედნიეროდ აღმოვჩნდი იმ წრეში, სადაც ძალიან ბევრი გამარჯვებული ქალი გავიცანი. იქ ონკოპაციენტებისთვის იყო ასევე ფსიქოსოციალური ხელშეწყობა, ფსიქოლოგები პაციენტებს უანგაროდ ეხმარებოდნენ და მეც ერთ-ერთი ასეთი ბედნიერი ვიყავი. იქ ჩემი მეგობრის რჩევით მივედი. ოღონდ, იმის გამო, რომ ფინანსური პრობლემის წინაშე დავდექი... მითხრა, რომ არის ორგანიზაცია, რომელიც ძუძუს კიბოს პაციენტებს ეხმარებაო. დიდხანს მეგონა, რომ ეს იყო ორგანიზაცია, სადაც მივიდოდი და ჩემი დიაგნოზისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას აღმომიჩენდნენ. ისე მოხდა, რომ სრულიად სხვა სამყაროში ამოვყავი თავი.

- როგორც ჩანს, იქ კიდევ მეტი სტიმული მოგცეს...
- კი. გავიცანი გოგოები, რომლებიც ჰყვებოდნენ, როგორ დაამარცხეს კიბო, რა ასწავლა ამ დიაგნოზმა, როგორ შეცვალეს ცხოვრება და მიდგომა თავიანთ შეხედულებებთან, პრიორიტეტებთან… მეგონა, რომ ვიყავი მეგი საოცრებათა სამყაროში. მანამდე დიაგნოზი ხელში მეჭირა და ნაბიჯს ვერ ვდგამდი, ვიღაც მჭირდებოდა, ვინც გზას მანახებდა. მოკლედ, აქედან დაიწყო ჩემი შემართება.
- თქვენი დიაგნოზის შესახებ, ოჯახის წევრებიდან პირველს ვის უთხარით?
- კლინიკიდან რომ გამოვედი, 9 ივნისი იყო, ჩემი მაქსიმეს დაბადების დღე. ამიტომ ცრემლები შევიშრე და ვთქვი - ბავშვს დაბადების დღე უნდა ჰქონდეს და ტორტზე წავედი... სახლში რომ მივედი, პირველად ჩემს დედამთილს ვუთხარი. დედისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა... ორგანიზაციის გოგოების გაცნობის მერე, ახალი სუნთქვა დავიწყე, მივხდი, რომ დაუმარცხებელ რამესთან არ მქონდა საქმე.
- ოპერაცია საქართველოში ჩაიტარეთ?
- რასაკვირველია, არც მოვიაზრებდი სხვა ქვეყანას, პირველი ჩემი ფინანსური მდგომარეობის გამო და მერე აბსოლუტური ნდობა გამოვუცხადე იმ ონკოლოგებს, ვინც ჩემს დიაგნოზში გამათვითცნობიერა. ოპერაციით მერე იყო ქიმიოთერაპიების, ჰორმონოთერაპიების, სხივების კურსები - ყველაფერი გავიარე.
- ქიმიოთერაპია ახსენეთ და თქვენი ვიდეოები მაქვს ნანახი, როცა ქიმიოთერაპიებისას ზეიმივით ამბებს აწყობდით...
- ყველაფერი ტრავმებს ტოვებს, მაგრამ ჩემი ქიმიოთერაპია იყო რაღაც ზღაპარი, სასწაული. 14 გავიკეთე და ყოველ ჯერზე ისეთი განცდით და ემოციით მივდიოდი, - მისვლა მიხაროდა. მოდიოდნენ სხვადასხვა პაციენტები, ლაივებს ვრთავდი. ჩემს შეგრძნებებს ვაზიარებდი, ვამბობდი და ვამტკიცებდი იმას, რომ ნახეთ, კარგად ვარ, შემიძლია, რომ კარგად ვიყო. ეს იმხელა სურვილს მაძლევდა, რომ არ დავნებებულიყავი, - ქიმიოთერაპიაზე წვეულების კაბებით დავდიოდი.

- ამ დიაგნოზის შემდგომ მიიღეთ ძალა, რომელმაც ასე პოზიტიურად გმართათ, ხომ?
- როდესაც დიაგნოზს სვამენ, ორი არჩევანია, - ან უნდა გადარჩე, ან უნდა დანებდე. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ გავრჩენილიყავი. დანარჩენი ყველაფერი იყო ის, რაც პროცესში მეხმარებოდა. მეხმარებოდა ჩემი ორგანიზაცია, მეხმარებოდნენ ჩემი შვილები, რომლებიც ქიმიოთერაპიაზე დამყავდა.
- რატომ?
- ამაზე არგუმენტირებული პასუხი მქონდა, - შვილებს ეს უნდა სცოდნოდათ. ერთ დღეს უთმოდ და უწამწამოდ რომ დამინახავდნენ, არ მინდოდა, მათთვის ტყუილი მეთქვა.
- მაგრამ ისინი რაღაც დოზით სტრესს ხომ იღებდნენ?
- სტრესს არ იღებდნენ, რადგან ისეთ დედას არ ხედავდნენ, რომელიც იყო მოდუნებული, უენერგიო და მძიმე მდგომარეობაში. პირიქით, შვილებს საუკეთესო მაგალითი მივეცი იმის, რომ პატარა რაღაცაზე არ განწყობა არ გაიფუჭონ. გარკვეულმა შეფერხებამ იმედები არ დაუნგრიოთ. ინფორმაცია მათი ასაკისთვის შესაფერისად მივაწოდე - რაღაც ცუდი მაქვს, მაგრამ ამას მოვერევი. რაღაცები უნდა გავიკეთო, რომ ეს დავძლიო. ზრდასრული ადამიანებივით მიიღეს, სხვანაირად ვერც წარმომედგინა. მოკლედ, დიდი ბრძოლა ვანახე კარგი შედეგით.
- საოცარია ასეთი მხნეობა და სიმტკიცე... როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც მკურნალობის შემდგომ თმა აღარ გქონდათ?
- ონკოლოგმა გამაფრთხილა, რომ მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს თმის ცვენა დამეწყებოდა. ზუსტად მე-13 დღეს თმაზე ხელი რომ მოვიკიდე, ხელში ბღუჯა შემრჩა და ვიდეო ჩავწერე. იმ ქალებს, რომლებსაც იმაზე გიტირიათ, რომ თმის ფერი არ მოგწონთ, ან ვარცხნილობა, ამას შეხედეთ და მიხვდებით, რომ ყოველი თმის ღერი ძვირფასია-თქო. ამას ჩემი ახლად დაბადების პროცესი დავარქვი. იყო რთული დღეები, როდესაც ქიმიის შემდეგ შევშუპდებოდი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, რომ სარკეში ჩავიხედე და ტირილი დავიწყე, მაგრამ მერე თავი გავილამაზე. მაკიაჟი გავიკეთე, განწყობა ავიმაღლე, გამოვიპრანჭე. მაგ დროს რაც არ უნდა საკუთარ თავს უმტკიცებდე, რომ მაინც ლამაზი ხარ, ქალისთვის არ არის ეს ყველაფერი მარტივი. თუმცა ძალიან დიდ რესურსს ვდებდი იმაში, რომ გარეგნულ იმიჯზე მეზრუნა.

- იმან, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, თქვენს ხასიათში რა შეცვალა?
- ყველაფერი. როგორც გითხარით, საკუთარი ცხოვრება დავამთავრე სიცოცხლეშივე - მეუღლის გარდაცვალების დროს. კიბოს დროს კი ვუხმე ყველა სასიცოცხლო ენერგიას. დავიწყე ხატვა, სწავლა, ონკოპაციენტების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებში ვყიდი ჩემს ნამუშევრებს. მეოთხე წელია პროფესიულად ვეუფლები ფსიქოლოგიას. მართლა თავიდან დავიბადე. ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავი. ერთხელ მეგობარს ვუთხარი, თავს გული არ ატკინო-მეთქი. მართლა მეც ასე დავიწყე ცხოვრება, საკუთარ თავს გულს არ ვტკენ. იმ გოგოს, ვინც დღეს ვარ, არაფერზე ვტკენ გულს. არაფერზე ვანერვიულებ... ჯანმრთელობას რაც შეეხება, სტაბილურად არის ყველაფერი, არის გარკვეული კვლევები, რაც მუდმივად უნდა ჩავიტარო, რომ ვაკონტროლო.
- ბავშვებმა საბოლოოდ როგორ შეაფასეს ეს ყველაფერი?
- საერთოდ გვაქვს დედაშვილური და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენი პატარა ოჯახით ვცხოვრობთ. აღებული გვაქვს სრულად იმაზე პასუხისმგებლობა, როგორი ცხოვრება გვექნება იმიტომ, რომ მე და ჩემი შვილები მარტოები ვცხოვრობთ. ჩემი მხარდამჭერები არიან, დადიან ღონისძიებებზე. ცნობიერება კიბოს შესახებ ამაღლებული აქვთ. მანდ ვხდები, რომ სწორად მიმოქმედია და კვლავ სწორად ვმოქმედებ. კიბოს მერე ჩემს ცხოვრებაში უამრავ მრავალფეროვნებასთან ერთად, მოგზაურობაც შემოვიდა, რადგან წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელიც 44 ქვეყანაშია. მუდმივად ამ 44 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს ვხდები. მილანში გავიარე პაციენტთა ადვოკატირების სპეციალური კურსი. ასე რომ, თუკი რამე შეიძლებოდა, რომ კიბოს მერე კარგი მომხდარიყო, მოხდა.