ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ულამაზესი ვიდეო გავრცელდა - პატარძალი ჟესტურ ენაზე გია ყანჩელის „ყვითელ ფოთლებს“ ასრულებდა. ამ არაჩვეულებრივი გოგონას ვინაობით დავინტერესდით. ის 19 წლის ბარბარე ნარჩემაშვილი აღმოჩნდა. ბარბარეზე საუბარი კი მის დედას, ხათუნა რაზმაძეს ვთხოვეთ.
ქალბატონი ხათუნა 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. ბარბარე მისი მეხუთე შვილია. 30 წელია, დაწყებითი კლასების მასწავლებელია, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია. ასევე არის რამდენიმე წიგნის და არაერთი საგანმანათლებლო, სასწავლო-მხიარული რესურსისა და ბევრი საინტერესო აქტივობის ავტორი. ამბობს, რომ ბავშვებთან მუშაობა მისი კრედოა. ახლა თავის არაჩვეულებრივ გოგონაზე უნდა გვესაუბროს.
- თქვენი გოგონას ჟესტურ ენაზე შესრულებული „ყვითელი ფოთლები“ გასაოცარი სანახავი იყო... ეს ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა... ვიდეო მისი ქორწილიდან იყო...
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო დღე იყო. ეს იყო ინტეგრირებული ქორწილი, სადაც ერთად იყვნენ შეკრებილი როგორც ყრუ და სმენის დარღვევის მქონე, ასევე მოლაპარაკე ადამიანები. კი, საინტერესო თავშეყრა გამოვიდა.
ჩემი გოგონა - ბარბარე ნარჩემაშვილი სმენის დარღვევის მქონე, ყრუ, იმპლანტირებულია და ტოტალურად ყურს, რამაზ მასურაშვილს გაჰყვა. ჯვრისწერა ორ ენაზე ჩატარდა - მოძღვარი მოლაპარაკე იყო, მაგრამ ჟესტურ ენაზეც წარმართა ჯვრისწერა. ჩვენი სტუმრებიდან, ვინც ამ ცერემონიას და შემდგომ სუფრას ესწრებოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ასეთი სანახაობრივი ჯვრისწერა ნანახი არ ჰქონდა... შთამბეჭდავი იყო, ყრუ პირები ვიბრაციაზე თუ როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ...
- ბარბარე მაინც გამორჩეული იყო...
- ბარბარემ ჟესტურ ენაზე ტექსტი სინქრონში ისე ჩასვა და ისე არტისტულად შეასრულა, რომ დარბაზში სხვა ჯვრისწერის სუფრიდან ხალხი (ყველა მოლაპარაკე) წამოიშალა და ჩვენკენ გადმოერთო. ძალიან ემოციური იყო ყრუ პირების უხმო ტაშიც. ორივე ხელი ზემოთ აწეული და ჰაერში დატრიალებული გაშლილი მტევნები. მერე მთელი დარბაზი ხელაღმართულები იდგნენ და მტევნებს ჰაერში ატრიალებდნენ. ზუსტად ეს არის ინტეგრირება, მრავალფეროვნება. ერთ სივრცეში სხვადასხვა ენობრივი კულტურის მქონე ადამიანები ასე გაერთიანდნენ.
- მითხარით, რომ ბარბარესა და მისი მეუღლის სტუმრები, ახალგაზრდები ცალკე მაგიდასთან ისხდნენ...
- კი, ტოტალურად ყრუ ადამიანების იქ ყოფნას ჩუმი ჟრიამული დავარქვი - კისკისებდნენ, მხიარულობდნენ, გაბრწყინებული თვალებით სადღეგრძელოებს ამბობდნენ, ახალდაქორწინებულებს ულოცავდნენ, სადღეგრძელოს თავიანთი მაგიდიდან ჩვენც გვთავაზობდნენ.
საოცარი იყო სცენაც, როცა ბარბარემ თაიგული გადააგდო და ყრუ პირმა დაიჭირა...
- სულ თავიდან როგორ აღმოაჩინეთ ის, რომ ბარბარეს სმენის დეფექტი ჰქონდა?
- ბარბარე 19 წლისაა და ჩემი მეექვსე შვილია. 7 იანვარს დაიბადა, შობის დღესასწაულზე. მისი დაბადებით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი სხივი შემოიტანა... დაბადებიდან 5 თვე საავადმყოფოში იყო. როდესაც მივდიოდი, ექიმები მეუბნებოდნენ, აღარ მოხვიდე, რადგან ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს.
ცოტა ნაადრევიც იყო და ინკუბატორში ჰყავდათ. ვერაგი, ოქროსფერი სტაფილოკოკი ჰქონდა. 2 თვე აპარატზე იყო შეერთებული. ამას ემატებოდა ის, რომ სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკს უკეთებდნენ, ყოველკვირა უცვლიდნენ, ორგანიზმი რომ არ შეჩვეოდა. საბოლოოდ ანტიბიოტიკების ფონზე მოხდა მისი სმენის დეფექტი. იმედს არ მაძლევდნენ, მაგრამ რომ მივდიოდი, ჩემს ჩემს გოგონას ველაპარაკებოდი და მჯეროდა, რომ კარგად იქნებოდა. გარდამტეხი სხივი მოიტანა-მეთქი, რომ ვთქვი, იმას ვგულისხმობ, რომ მჯეროდა, გადარჩებოდა. ბავშვი გადარჩა, მაგრამ სასმენი ნერვი დაუზიანდა.
- რა პერიოდში აღმოაჩინეთ, რომ მას არ ესმოდა?
- როდესაც საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ, 5 თვის იყო, არც ერთ ექიმს არ უთქვამს, რომ ბავშვს არ ესმოდეს. თურმე სასმენ ნერვს ახასიათებს, - ნელ-ნელა კვდება. იმ დროისთვის, გამოდის, რომ ნარჩენი სმენა ჰქონდა, რადგან სხვადასხვა ხმაზე იხედებოდა... პერიოდულად დავდიოდით ექიმებთან, ვასმევდით წამლებს, ვიტამინებს, ნევროპათოლოგი და პედიატრი მეუბნებოდნენ, რომ ბავშვს რადგან ასეთი სირთულეები ჰქონდა გადატანილი, ლაპარაკს გვიან დაიწყებდა და გვიან განვითარდებოდა.
წლინახევრის იყო, როცა გავიგე რომ სმენის დეფექტი ჰქონდა. საუკეთესო ექიმებთან დავდიოდით. მერე ნევროპათოლოგი შევიცვალეთ და პოლიკლინიკის ნევროპათოლოგთან მივედით, რომ ახალი წამალი დაენიშნა. გასინჯა, ისეთი ნივთები მისცა, რაც წლინახევრისას არ უნდა სცოდნოდა. ყველა ნივთს დანიშნულება მოუძებნა. ექიმმა თქვა, რომ არანაირი ინტელექტუალური დარღვევა არ ჰქონდა, უბრალოდ არ ესმოდა. ეს ჩემთვის შოკი იყო. ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი... ამდენი შვილი მყავდა მანამდე გაზრდილი, როგორც მასწავლებელს უამრავ მოსწავლესთან მქონდა კონტაქტი და როგორ ვერ მივხვდი, რომ ბავშვს არ ესმოდა...
მერე ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო. ვთქვი, მზად ვარ მივიღო ისეთი, როგორიც არის. ეს ამბავი ძალიან შეგნებულად გადავხარშე. მალე გავიგეთ, რომ არსებობს კოხლეარული იმპლანტი, რომელიც იმ პერიოდში 38.000 ღირდა. ამდენი შვილის დედას, მასწავლებელს, ასეთი თანხა საიდან უნდა მქონოდა?! მერე დავფიქრდი, არსებობს ასეთი შესაძლებლობა და შვილს ეს არ გავუკეთო იმიტომ, რომ ამის საშუალება არ მაქვს?! მოკლედ, დღეიდან ჩავიცვამ რკინის ქალამნებს და ყველგან მივალ, რომ ეს ოპერაცია გაკეთდეს-მეთქი! დავდიოდი და არაერთი დაკეტილი კარი მეღებოდა, რაღაც ფონდების, დაწესებულებების, მერიის...
- შეგროვდა თანხა და ოპერაცია გაკეთდა, ხომ?
- კი, უფალმა ხელში აყვანილი მატარა... დღემდე ბარბარეს შემომწირველებს ლოცვებში ვიხსენიებ, მათ შორის იყვნენ ნაცნობები და უცნობები - უამრავი ადამიანი. ოპერაცია საქართველოში საუცხოო სპეციალისტმა შოთა ჯაფარიძემ ჩაატარა. მანამდე ბევრი ადამიანი ჩავრთეთ, სხვა ქვეყნებსაც მივწერეთ, მაგრამ ასეთი პასუხი მოგვივიდა, რომ თქვენ გყავთ საუკეთესო ქირურგი, რომელიც ამ ოპერაციას აკეთებს, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც იწვევენო...
3 წლის ბარბარე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ერთ დღესაც ბავშვმა სამყაროს ხმა გაიგონა. ის დღე ჩემთვის დაუვიწყარია. სამყაროსთან კავშირი აღდგა და თვითონაც გაოცებისგან თითქოს დამრგვალდა. საოცრად შთამბეჭდავი იყო მისთვის პირველი დაჭერილი ბგერები.
წარმატებული ოპერაციის შემდგომ პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ იმ პერიოდში საქართველოში შესაბამისი რეაბილიტაცია არ იყო. არადა, სხვა ქვეყნებში კოხლეარული იმპლანტით ბავშვები ჩვეულებრივად საუბრობენ, ესმით...
- სანამ ამ იმპლანტს ჩაუდგამდნენ, როგორ ეკონტაქტებოდით?
- რადგან მანამდე ჟესტური ენა არ ვიცოდით, საკუთარი ჟესტების ენა შევიმუშავეთ და ასე ვურთიერთობდით. მიუხედავად იმისა, რომ იმპლანტი ჰქონდა, მეხუთე კლასამდე წერა-კითხვა ვერ ისწავლა. რანაირი ტიპის მოსწავლე არ მყოლია და ურთულეს ბავშვებთან გამიმარჯვია, რითაც მიამაყია, შვილს ვერაფერს ვუკეთებდი.
მეხუთე კლასამდე ბავშვი საჯარო სკოლებში დადიოდა, 15-16 ასო-ბგერა არ ესმოდა. როგორც კი 203-ე სკოლაში გადავიყვანე (ყრუთა სკოლაში) აქედან დაიწყო წერა-კითხვა და განვითარება. ბავშვმა მეტი განვითარებისთვის ძვირფასი წლები დაკარგა იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო რეაბილიტაციის პროცესი...
ამ ეტაპზე სამყაროსთან კავშირი აქვს, მაგრამ საუბრობს ძალიან მოკლე, ორსიტყვიანი წინადადებებით. ესმის მარტივი ინსტრუქციები - მოდი, წადი, მიყვარხარ... ძირითადად ტუჩებში გიყურებს და აზრს ასე იგებს, რას ეუბნები.
ყრუ ადამიანებთან რომ მოხვდა, გადაწყვიტა, რომ აპარატი იშვიათად გამოეყენებინა. იქ უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე მოლაპარაკეთა საზოგადოებაში. ორმაგი ცხოვრებასავითაა. დავრჩით ღამურას ამბავში - არც ბოლომდე მოლაპარაკეა და საზოგადოებაშიც ასე ვერ იღებენ, რადგან მოკლე, მარტივი წინადადებები სოციალიზაციის პროცესში არ ჰყოფნის.
- როგორი გოგონაა?
- ძალიან მიზანდასახული, თუ იტყვის, აუცილებლად გააკეთებს და საოცრად დიდი ვიზუალური მეხსიერება აქვს. კარგად მღერის ჟესტურად და ცეკვავს. არის აქტიური და შინაგანად ლიდერი... დამოუკიდებელი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა, 5 წლისას მაღაზიაში ვუშვებდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება თავისუფლად და დამოუკიდებლად შესძლებოდა სამყაროსთან ურთიერთობა. რაც მთავარია, შეძლო. ბარბარეს შემდეგ სხვანაირად დავიწყე ფიქრი. ის, რომ მე დღეს სმენის დარღვევის მქონე ადამიანთა ორგანიზაცია მაქვს, ეს ბარბარეს დამსახურებაა. ამ ადამიანებს სხვა შემთხვევაში ვერც გავიცნობდი, რაც დასანანი იქნებოდა.
- ოპტიმისტურად კი იყავით განწყობილი, მაგრამ ემოციურად როგორი იყო ის, რომ შვილს ასეთი პრობლემა ჰქონდა?
- სასწორივით აქეთ-იქით გადაწევ-გადმოწევაში ვიყავი. ჩემი საახლობლოსთვის უცხო იყო ეს ყველაფერი, სხვანაირად უყურებდნენ, სხვანაირად მსჯელობდნენ, ბავშვს რომ არ ესმის, რა უნდა ქნათ? მე ვამბობდი, რომ ჩვენ ხომ გვესმის ერთმანეთის?! როგორც გითხარით, მე და ბარბარეს ჩვენი ჟესტური ენა გვქონდა, მაგრამ როცა რეალურად ჟესტური ენის შესწავლა დავიწყე, ძალიან გამიჭირდა, სპეციალურ ტრენინგებზე დავდიოდი. დღესდღეობით უკვე ვფლობ ამ ენას, რომელიც განსხვავდება ქართული მოლაპარაკე ენისგან. ისინი ხშირად ზმნების გარეშე საუბრობენ. ზმნას დრო, პირი, რიცხვი არ აქვს, პატარა ჟესტს უმატებენ და ხვდებიან რაზეა საუბარი.
- მითხარით, რომ ბარბარეს დღეს ძალიან საინტერესო სამყარო აქვს. რას გულისხმობდით?
- ეს ადამიანები საოცარ სამყაროში ცხოვრობენ. ეს არის სიკეთე, შინაგანი ფერადოვნება, ერთგულება, მხარდაჭერა, - ერთმანეთი საოცრად ეძვირფასებათ. მათთან ურთიერთობა ერთი საინტერესო წიგნის წაკითხვის ტოლფასია.
- 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ხართ. ჯილდოდ მიღებული თანხა, 10.000 ლარი მოახმარეთ საქმეს, რომელიც ბარბარესა და მისი მსგავსი ადამიანების დახმარება აღმოჩნდა. მოგვიყევით ამაზე.
- ამ ეტაპსაც ჩემი ცხოვრების გარდამტეხი სხივი დავარქვი. შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია. მოვიფიქრე ლოგო, რომელსაც ჰქვია „ჰეი“. აბრევიატურაა, „გაიფართოვე ჰორიზონტი, დაეუფლე ენას, აიმაღლე ინტელექტი“. 27 ყრუ და სმენის დარღვევის მქონე ადამიანი შევკრიბე. ბავშვები ამ ცოდნის შეძენაში არაფერს იხდიან. მათ სჭირდებოდათ კომპიუტერი, ტექნიკით აღჭურვა, ეს ყველაფერი შევუძინე - ასევე საჭირო იყო ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელიც ავიყვანეთ და ხელფასს ვუხდიდით. პროექტის მიზანი იყო, რომ ბარბარეს და მის მეგობრებს, ძირითადად 203-ე სკოლის მოსწავლეებს, შესაბამისი პირობები ჰქონოდათ შექმნილი. ვიწვევდით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეს მასწავლებლებთან ერთად და იყო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ძალიან კარგი მაგალითი. ყრუ პირები მათ ჟესტურ ენას ასწავლიდნენ, ისინი - პირიქით. ყოველი შაბათი-კვირა დატვირთული იყო საგანმანათლებლო, შემეცნებითი, განმავითარებელი, ინტელექტის ასამაღლებელი, ჰორიზონტის გამაფართოებელი აქტივობებით. რაც მთავარია, ორიენტირებულები ვიყავით ენის დაუფლებაზე. ამის გარდა ეუფლებოდნენ სხვადასხვა ხელსაქმეს, ხეზე, თექაზე მუშაობას, სხვადასხვა ნივთის, სამკაულის დამზადებას. კარგი შედეგი ჰქონდათ. საოცარ ნამუშევრების ქმნიდნენ. ჩატარდა არაერთი გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა, მათვე უნაწილდებოდათ. საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ყიდდნენ. ამბობდნენ, რომ ყოველი დღე მათთვის ბედნიერი იყო. ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, ინტეგრაციას, განვითარებას და თვითრწმენის ამაღლებას ემსახურებოდა. ამ პროექტის დახმარებით გარემოსთან კარგად ადაპტირდნენ. სამი წელია, ვარსებობთ. ახლა არდადეგები გვაქვს და სექტემბრიდან ისევ განვაგრძობთ საქმიანობას.
- რას ეტყოდით დედებს, ვისაც რაიმე ტიპის პრობლემის მქონე შვილები ჰყავთ.
- ალბათ ყველა დედა განიცდის თავიდან იმას, თუ რატომ არის მისი შვილი ასეთი?! ხშირად თავის თავს აბრალებს, მიაჩნია, რომ რაღაც სწორად არ გააკეთა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ყოჩაღად იყვნენ, პირიქით, ამ ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ იმაში, რომ სწორად ვაპოვნინოთ გზა და საკუთარი შესაძლებლობები, რაც კარგად გამოსდთ. ვფიქრობ, რომ ნამდვილი მზის სხივია, ვის ოჯახშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ან შშმ პირი შედის, იბადება. პირიქით, რწმენა და იმედი უნდა გვქონდეს, რომ მათი სამყარო უფრო ფერადი, საინტერესოა.