ავტორი:

რა არის ცნობილი თაუ და ლიზა ბაგრატიონებზე? - სამეფო გვარის დების საინტერესო ცხოვრება, რომელიც კვლავ აქტუალურია

რა არის ცნობილი თაუ და ლიზა ბაგრატიონებზე? - სამეფო გვარის დების საინტერესო ცხოვრება, რომელიც კვლავ აქტუალურია

ლიზა ბაგრატიონი - სახელი, რომელიც ქართულ სცენასთან ასოცირდება, ამასთანავე მისი ცხოვრების ისტორია უამრავი საინტერესო დეტალით არის სავსე. რაც არა მხოლოდ მის პროფესიულ, არამედ პირად ცხოვრებას, დედმამიშვილს და ცნობილ ოჯახს უკავშირდება.

სამეფო გვარის წარმომადგენლის წინაპრებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ თავიანთ გარემოცვაში.

მისი ცხოვრება ერთი მხრივ, მშვიდი და სტაბილური ჩანს, რადგან არასოდეს ლაპარაკობს თავად პირად ცხოვრებაზე და ღიად სკანდალებშიც არ ეხვევა, თუმცა მეორე მხრივ, მისი ცხოვრება საკმაოდ ბობოქარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მის პირად ურთიერთობებს შეეხება. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ადევნებს თვალს მის სასიყვარულო ისტორიებს, რომლებშიც სამი გამორჩეული მამაკაცი ფიგურირებს…

"ბაბუას მამა თავადი კონსტანტინე ბაგრატიონი გახლდათ, დედა - თავადიშვილი ოლღა ამირეჯიბი. მხოლოდ მათი ფოტოები შემომრჩა. შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი პიროვნებები იყვნენ. ქარელის რაიონში ცხოვრობდნენ და გარშემომყოფნი მხოლოდ თავადური წარმომავლობის გამო არ სცემდნენ პატივს.

ისინი მთელი სოფლის იმედი და პატრონები იყვნენ. ვინმეს თუ უჭირდა, იცოდნენ, რომ იმავე სოფელში ოლღა ამირეჯიბი ცხოვრობდა, რომელიც ფულით, პროდუქტითა თუ უბრალო დარიგებით დაეხმარებოდა. ბაბუაც ასე იყო, აზრს ყველა მას ეკითხებოდა. ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი ადამიანები ჩამოყალიბებულიყვნენ", - ამბობდა ლიზა ჟურნალ "ბომონდთან“ ინტერვიუში.

"ბაბუაჩემმა საოპერო მომღერლის კარიერა რომ აირჩია, დიდი ბაბუა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. მსახიობები გამრთობებად ითვლებოდნენ და ბაგრატიონს არ ეკადრებოდა. მხოლოდ პრემიერის დღეს ოპერის თეატრში უჩუმრად მივიდა. ბაბუას დიდი წარმატება ხვდა, - დიდი ოვაცია დაიმსახურა. მოგვიანებით, მასთან ერთი ქალბატონი მივიდა და უთხრა: კულისებთან ვიღაც მამაკაცი გელოდებაო. მამამისი აღმოჩნდა. გაკვირვებით უკითხავს: მამა, რატომ არ გამაფრთხილეო. რაღაც რომ არ გამოგსვლოდა, უნდა გავპარულიყავიო - უთქვამს... შემდეგ კი გზა დაულოცია.

გავიდა წლები და იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, - თავადაც ძალიან მინდოდა მსახიობის პროფესია, მაგრამ მამა წინააღმდეგი წავიდა.

ალბათ უფრო ინტელექტუალური საქმიანობისთვის მამზადებდა. არა, დანამდვილებით გეტყვით, რომ მედიდურობა არ ყოფილა: მამამისმა, უფროსმა ჯანო ბაგრატიონმა პროფესიის გამო იმდენი სტრესი და ნერვიულობა გადაიტანა, ამისთვის არ გამიმეტა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძაც და მამაც კარგად ცეკვავენ და მღერიან, უფროსმა ჯანომ არც ერთს მისცა სცენაზე ყოფნის უფლება. მაგრამ, ბიძაჩემმა, ჯანო ბაგრატიონმა მაინც ვერ ჩაკეტა ნიჭი და მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-კვარტეტში მღეროდა. გაცილებით თამამი და გახსნილი აღმოჩნდა“.

ლიზა და თამარ ბაგრატიონების დედა

ინტერვიუში ლიზა მშობლებზეც ჰყვება, ამბობს, რომ მკაცრად ექცეოდნენ. მამა თურმე ბიჭზე ოცნებობდა თუმცა ოჯახში ორი ქალიშვილი იზრდებოდა, უფროსი თამარი და უმცროსი ლიზა.

დები ბაგრატიონები ტყუპ ძმა არველაძესთან ერთად

"დღემდე ვსაყვედურობ დედას, რომ არ იცოდა მოფერება, ვუთხარი, ერთხელ ხომ შეიძლება დედა გენაცვალოს გეთქვა - მეთქი. მამაც ძალიან მკაცრი იყო რაღაც ასაკამდე, მხოლოდ ნასვამობის შემთხვევაში ლოგინში გვიძვრებოდა შვილებს და გვეფერებოდა. მაგრამ მე მყავდა ბებია, დედის დედა, თავადი მარიამ ჩხეიძე, რომელიც იყო ძალიან ლამაზი და ბებია თუ შეიძლება ადამიანს წარმოდგენაში ჰქონდეს, ასეთი ბებია მყავდა. სულ ჩემს მხარეს იყო, სულ მეფერებოდა, ამბობდა, რომ მე ვარ განსაკუთრებული და ასეთი არ დაბადებულა. სულ ვამბობ, რომ რაღაც დონეზე თვითშეფასება მაქვს, ეს არის მისი დამსახურება. ბებია რომ არ მყოლოდა და მხოლოდ მშობლებს გავეზარდე, აქ არ ვიქნებოდი..." - ამბობს ლიზა.

  • პირადი ცხოვრება

პირველად ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, მისი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო. წლების წინ ის "პირველი არხის“ გენერალური დირექტორი. მეორედ ცნობილ გინეკოლოგ ირაკლი სინაურიძეზე იქორწინა. წყვილი 2000-იანი წლების ჟურნალების გარეკანზე ყველაზე ხშირად ხვდებოდნენ. მაშინ ლიზას კარი მედიისთვის გაიღო, თუმცა მაშინვე დაიხურა, როდესაც ეს ქორწინებაც დაინგრა. თუმცა ამ ქორწინებაში შეეძინა ერთადერთი ვაჟი - ირაკლი სინაურიძე.

ლიზა ბაგრატიონმა მესამედაც იქორწინა - მისი მორიგი რჩეული ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დათო ნოზაძე გახლდათ, თუმცა ეს ქორწინებაც რამდენიმე წელიწადში დასრულდა. წარუმატებელი ქორწინებების შემდეგ, ლიზა ბაგრატიონი 2014 წლიდან ურთიერთობაში იყო 12 წლის უმცროს ალტისტ გიორგი ცაგარელთან. ამ კავშირმა რამდენიმე წელს გასტანა, თუმცა წყვილი დაშორდა. მოგვიანებით ცაგარელმა ცოლად ლელა კილაძე მოიყვანა და წყვილი საერთო შვილს ზრდის.

ლიზა და გიორგი ცაგარელი

ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზას ცხოვრებაში სიმშვიდის ხანა დაიწყო. მის პირად ცხოვრებაზე მედია არაფერს აღარ წერდა. თუმცა სპორტსმენ მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკური აღმასვლის შემდეგ, ბაგრატიონების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - მოგეხსენებათ, მისი მეუღლეა ლიზას და, თამარი.

"ჩემზე ადრე მოვიდა ამ ქვეყნად. ხან წინ მიძღვება რომ გზა გამინათოს და ხან უკან მომყვება ჩემი გაფუჭებულის დასასუფთავებლად. ყველაზე დიდია ჩემთვის - როგორც დედა, მეუღლე, შვილი, ბებია და მეგობარი! ოთხი საოცრება გამიზარდა მე და ჩემ ქვეყანას... ვერ დავემსგავსე, არ გამომივიდა, მაგრამ დღესაც ვცდილობ!!! ჩემი ძალა ხარ და სინდისი... არასდროს მითქვამს როგორ მიყვარხარ“, - ასე მიულოცა 2021 წელს ლიზამ უფროს დას 50 წლის იუბილე.

ლიზა და თამარ ბაგრატიონები

ოჯახის წევრები და მეგობრები თამარ ბაგრატიონს თაუს ეძახიან. ქალი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში როდესაც მისი მეუღლე "ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

თაუს და მიშას ყაველაშვილს სამი შვილი - მარიამი, გურამი და ელისაბედი ჰყავთ. თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი გიორგი ივანიშვილი. ცნობილია, რომ თამარი პირველ ქორწინებაში დაქვრივდა.

მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ყაველაშვილის გვერდით ცოლი იშვიათად ჩნდება. მათ შორის, გამონაკლისია რომის რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია, სადაც თამარი მეუღლეს თან ახლდა.

წაიკითხეთ ასევე: