ავტორი:

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც ა.წ. 12 იანვარს, დუბაიში ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა, აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს - "ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ"

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც ა.წ. 12 იანვარს, დუბაიში ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა, აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს - "ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ"

აქტივისტ ლაშა გაბიტაშვილის ინფორმაციით, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს და მიზეზად ორმაგი მოქალაქეობა დაუსახელეს.

როგორც მან განმარტა, მეუღლესთან ქორწინების შემდეგ მან ისრაელის მოქალაქეობაც მიიღო, რის შემდეგაც იუსტიციის სახლს მიმართა, რომ ამის გამო მისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ შეეწყვიტათ.

"იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა. მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ იუსტიციის სახლს მივმართე, რომ შენარჩუნება მომხდარიყო ჩემი მოქალაქეების. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. სამწუხაროდ მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა.

ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. ისინი ვერ წამართმევენ ქართველობას და მოქალაქეობას. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში ქართველობა აღარ დარჩეს. მე მყავს ორი ბავშვი, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და არიან საქართველოს მოქალაქეები. ველოდებით ასევე მესამე ბავშვს და ისიც საქართველოში დაიბადება. არ ვაპირებთ რაღაც დავთმოთ "ქართული ოცნების" გამო" - ამბობს გაბიტაშვილი.

ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც 12 იანვარს იანვარს დუბაიში "ქართული ოცნების" წევრებს, კერძოდ ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობდა, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს "რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.