“პალიტრანიუსის“ გადაცემა „სახალხო ინტერვიუ“ - „დაუსვი შეკითხვა“ - ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს. შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან ambebi.ge-ს „ფეისბუქგვერდზე“.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად გადაცემის ნახვა კი შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
- რამდენიმე დღის წინ 44 წელი გავიდა იმ ლეგენდადქცეული მატჩიდან, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი მოიგო. რა თარიღია ეს თქვენთვის?
დავითი
- იქამდე ასეთი გამარჯვება არც ქართველ ფეხბურთელებს და არც ქართულ საკლუბო გუნდს არ რგებია. მეც იმ წარმატების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და იმ დიდ გამარჯვებაში ჩემი პატარა წვლილი მიმიძღვის. ყველანი ვამაყობთ იმით, რომ თბილისის „დინამომ“ 1981 წელს ამხელა ევროპის თასი მოიპოვა. მაშინ ძალიან რთული იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გეთამაშა და ასევე იმ დიდ ჩემპიონატში, როგორიც ევროპის შესარჩევი ტურნირი იყო. თან მოგეგო.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ ტურნირში. მე, თენგიზ სულაქველიძე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამაში წვლილი მიმიძღვის.
- რის და ვის დამსახურებად მიიჩნევთ იმას, რომ 1981 წელს ასეთ წარმატებას მიაღწია თბილისის „დინამომ“?
ბესო
- უპირველესად დიდი წვლილი მწვრთნელს, ნოდარ ახალკაცს მიუძღვის, რადგან უკარგესი მწვრთნელი გვყავდა, ძალიან მაგარი პიროვნება. გუნდს ჰყავდა ასევე მწვრთნელების შტაბი - გივი ნოდია, ხერგო კუტივაძე, კახი ასათიანი, ექიმი - ზაქარია თელია, - დიდი ჯგუფი იყო. უდიდესი ღვაწლი აქვთ ფეხბურთელებს - დათო ყიფიანს, საშა ჩივაძეს, ვოვა გუცაევს, რამაზ შენგელიას, თამაზ კოსტავას და მთლიანად მთელ გუნდს.
როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს, იქ 14-15 ფეხბურთელი აუცილებლად მაღალი კლასისაა. ეს განსაზღვრავდა ჩვენი გუნდის ძალიან დიდ წარმატებას. თითოეული ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე ძალიან მაგარი იყო. იმ ტურნირში რომ ვთამაშობდით, იმ პერიოდში თბილისის „დინამოდან“ 7 კაცი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ეს დიდი რაოდენობა იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებისთვის. ვინც იქ ვიყავით, თითოეულს ნაკრების თამაშიც გვიადვილდებოდა. მოკლედ, ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი იმან ითამაშა, რომ ასეთი გუნდი შევიკრიბეთ.
- პირადად თქვენთვის, როგორც ფეხბურთელის კარიერაში, რა შეცვალა 1981 წელმა?
გულშემატკივარი
- იმ დიდი გამარჯვების შემდეგ იყო წარუმატებლობა, მაგრამ ჩვეულებრივად ვემზადებოდით ხოლმე შემდეგი წარმატებისთვის, რაც სამწუხაროდ არ მოხდა...
მერე მოვიდა ახალი თაობა, მოხდა თაობათა ცვლა, მაგრამ შემდეგი წლები თბილისის „დინამო“ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიტყოდი რომ გუნდში ის ახალგაზრდები ვერ მოვიდნენ, რომ კიდევ დიდი წარმატებისთვის მიგვეღწია...
მაგრამ ბოლოს, რაც ახლა საქართველოს ნაკრებმა გააკეთა, ევროპის ჩემპიონატზე რომ ითამაშეს, ეს იყო იმ ჩავარდნილი წლებიდან ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება.
- როგორ გაიხსენებთ „კარლ ცაისთან“ მნიშვნელოვანი გოლის ავტორს, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ტრაგიკულად დაღუპულ ვიტალი დარასელიას?
ნინო
- მადლობა ამ შეკითხვისთვის. ვიტალი დარასელია იყო ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობდა. მისი ამ ცხოვრებიდან წასვლა, შესაბამისად თბილისის „დინამოდან“ გამოკლება უდიდესი გულისწყვეტა იყო. ახალგაზრდა კაცის ასეთი დაღუპვა უმძიმესი აღმოჩნდა. ვიტყოდი, რომ რაც ვიტალი დარასელია დაიღუპა, თბილისის „დინამო“ დაიშალა -ვიტალის არყოფნამ ეს გამოიწვია. ჩვენთვისაც მის გარეშე თამაში ძალიან ძნელი იყო... ბედნიერი კაცი ვარ, რომ ვიტალი დარასელიასთან მომიწია მინდორზე ერთად ყოფნამ.
- თბილისის „დინამოში“ მოხვედრა თქვენი ოცნება იყო, როგორ მოხვდით „დინამოში“ და ვინ აგიხდინათ ეს ოცნება?
ნიკოლოზი
- როდესაც პატარა ბავშვი ხარ და ფეხბურთის თამაშს იწყებ, მე ქუთაისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, იქ მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ქუთაისის „ტორპედომდე“ მივსულიყავი. ეს იყო ჩემი პირველი ოცნება. ეს ქუთაისის „ტორპედოში“ შემისრულდა. 18 წლის ვიყავი ამ გუნდში რომ ამიყვანეს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ ყოფილა. მერე ალბათ მაკვირდებოდნენ მწვრთნელები და მათი დიდი დამსახურებაა ჩემი მომავალი კარიერაც...
მადლობა ნოდარ ახალკაცს, რომ ჩემზე გააკეთა აქცენტი და თბილისის „დინამოში“ გადმომიყვანა. ღმერთმა აცხონოს მისი სული და არასდროს დამავიწყდება ჩემ მიმართ გაწეული მისი დიდი ღვაწლი.
- ბატონო თენგიზ, გწყდებათ თუ არა გული რაიმეზე სპორტულ კარიერაში?
ვასო
- მადლობა ამ კითხვისთვის. ყველაფერი ნათამაშევი მაქვს, ევროპის ჩემპიონატი, „მსოფლიო“, „ოლიმპიადაც“, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული. ბედნიერებაა, როდესაც საქართველოს მაისურით გამოდიხარ მაყურებლის წინაშე... ეს ჩემს კარიერას ნამდვილად დააკლდა.
- რომელი ადამიანების და მოვლენების გარეშე და ვერ შედგებოდა დიდებული ფეხბურთელი სულაქველიძე ასეთი წარმატებული კარიერით?
ნიკა
- მინდა მადლობა ვუთხრა იმ მწვრთნელებს, რომლებიც ბავშვობაში მყავდა. თავიდან 10-12 წლის ვიყავი, ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში რომ ვვარჯიშობდი და პირველი მწვრთნელი მიხეილ ლოსაბერიძე იყო. 14 წლის ასაკში უფრო მოზრდილებში გადამიყვანეს და კარლო ხურციძე მწვრთნიდა. ყველაზე დიდი წვლილი ჩემზე გიგა ნორაკიძემ იქონია, რომელმაც ქუთაისის ძირითად შემადგენლობაში პირველად ამიყვანა და დამაყენა. იქ 5 წელი ვითამაშე. მადლობა ბატონ გიგას და მის სახელს სამუდამო ხსოვნა არ დავიწყება ჰქონდეს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გზა გამიკვალა თბილისის „დინამომდე“.
- მარადონას რამდენჯერ შეხვდით მოედანზე - გაიხსენეთ ეს ეპიზოდები. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ლეგენდამ?
მაკა
- მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო და ჩემს ცხოვრებაში 4-ჯერ შევხდით. სამჯერ - მოედანზე როგორც მოქმედი ფეხბურთელები და ერთხელ თბილისში, როგორც ვეტერანები. მასთან სურათიც კი მაქვს გადაღებული. ლეგენდარული ფეხბურთელი იყო.
როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელმა ბესკოვმა მითხრა, რომ მარადონა აიყვანე, შემეშინდა. ამბობდნენ, რომ ბესკოვს ქართველები არ უყვარდა, მიშა მესხი და სლავა მეტრეველი ნაკრებში არ გამოიძახაო. ამიტომ შემეშინდა, იმ 22 რუს ფეხბურთელში რაღა მე ამომარჩია-მეთქი, რომ მარადონა პერსონალურად მე უნდა ამეყვანა. ამხელა ფეხბურთელთან რომ თამაშობ, პერსონალური თამაში ძალიან ძნელია. მოკლედ, გამიმართლა, ნორმალურად ვეთამაშე და იმის მერე 6 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდი. ე.ი. მარადონას წინააღმდეგ სამივეჯერ კარგად ვითამაშე.
- როგორ აფასებთ ხვიჩა კვარაცხელიას? მწვრთნელის თვალით რა რჩევას მისცემდით მას - რას მიაქციოს ყურადღება?
დიმა
- ხვიჩა კვარაცხელია მოვლენაა, დიდი ფეხბურთელია, პროფესიონალი. აქედან წახვიდე და „ნაპოლში“ ამ დონეზე ითამაშო, მერე გადახვიდე „პარი სენ-ჟერმენში“ და ასეთ დრონზე ითამაშო, ეს უნიჭიერეს ფეხბურთელს შეუძლია და ის უნიჭიერესია. უკვე ისეთი პროფესიონალია, მას რჩევა არ სჭირდება, კარგად იცის, როგორ მოემზადოს! ძალიან მიხარია, რომ ის ჰყავს ფეხბურთს. წარმატებას ვუსურვებ და მჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.