ავტორი:

მსოფლიო ინტერნეტის გარეშე? - ბრიტანელი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ურჩევნია იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ინტერნეტი არ იარსებებს

მსოფლიო ინტერნეტის გარეშე? - ბრიტანელი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ურჩევნია იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ინტერნეტი არ იარსებებს

მსოფლიო ინტერნეტის გარეშე? - ბრიტანული კვლევის თანახმად, თურმე სწორედ ესაა ახალგაზრდების თითქმის ნახევრის სურვილი.

როგორც ახალმა გამოკითხვამ გამოავლინა, კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ურჩევნია იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ინტერნეტი არ იარსებებს.

კვლევამ აჩვენა, რომ 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდების თითქმის 70% სოციალურ მედიაში გატარებული დროის შემდეგ თავს უარესად გრძნობს.

ნახევარი (50%) მხარს უჭერს "ციფრულ კომენდანტის საათს", რომელიც შეზღუდავს მათ წვდომას გარკვეულ აპლიკაციებსა და საიტებზე საღამოს 10 საათის შემდეგ, ხოლო 46%-მა განაცხადა, რომ ურჩევნია, ახალგაზრდობა ისეთ სამყაროში გაატაროს, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არსებობს.

რესპონდენტების მეოთხედი დღეში 4 ან მეტ საათს ატარებს სოციალურ მედიაში, ხოლო გამოკითხულთა 42%-მა აღიარა, რომ მშობლებს ატყუებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ონლაინ.

42%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტში თავისი ასაკის შესახებ იტყუებოდა; 40%-მა აღიარა, რომ ჰქონდა სათადარიგო ანგარიშიც; ხოლო 27%-მა თქვა, რომ სრულიად სხვა პიროვნებად ასაღებდა თავს.

შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და ტექნოლოგიების მდივანმა, პიტერ კაილმა, მიანიშნა, რომ მთავრობა გარკვეული აპლიკაციებისთვის, როგორიცაა TikTok და Instagram, სავალდებულო გამორთვის დროის დაწესებას განიხილავდა.

რანი გოვენდერმა, ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების პოლიტიკის მენეჯერმა, განაცხადა, რომ ციფრული კომენდანტის საათი, მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლოა, სხვა ზომების გატარების გარეშე, ბავშვების მავნე მასალებთან დაკავშირებას ვერ შეაჩერებს.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მარტო ციფრული კომენდანტის საათი ვერ დაიცავს ბავშვებს იმ რისკებისგან, რომლებსაც ისინი ონლაინ აწყდებიან. მათ დღის სხვა მონაკვეთებში შეეძლებათ ყველა ამ რისკის ნახვა და მაინც იმავე გავლენის ქვეშ მოექცევიან", - აღნიშნა მან.

გოვენდერმა დასძინა, რომ კომპანიებისა და მთავრობის მთავარი ფოკუსი იმის უზრუნველყოფაა, რომ ბავშვები "გაცილებით უსაფრთხო საიტებს" იყენებდნენ.

ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 1 293 ახალგაზრდა გამოიკითხა, აღმოაჩინა, რომ რესპონდენტების 27%-ს ერთხელ მაინც გაუზიარებია უცხო პირებისთვის თავისი ადგილმდებარეობა.

იმავე გამოკითხვაში, სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად უფრო მეტი დრო გაატარეს ონლაინ, ხოლო 68%-მა თქვა, რომ ინტერნეტში გატარებული დრო უარყოფითად მოქმედებდა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

როგორც ენდი ბეროუზმა, თვითმკვლელობის პრევენციის საქველმოქმედო ორგანიზაციის, Molly Rose Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაუსვა ხაზი, "ახალგაზრდები ინტერნეტში ყოფნის რისკებს აცნობიერებენ და, უფრო მეტიც, სურთ, ტექნოლოგიური კომპანიები მათ დასაცავად ამოქმედდნენ".

მან დასძინა, რომ "სასწრაფოდ ახალი კანონებია საჭირო, რათა საბოლოოდ, რეგულირების გზით დაინერგოს უსაფრთხო მიდგომა, რომელიც ბავშვებისა და საზოგადოების საჭიროებებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესებზე წინ დააყენებს".

წყარო