ორმოცდაათზე მეტი ნამარხის შესწავლისას, პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს პატარა, სამთვალიანი მტაცებელი არსება, მეტსახელად, "ზღვის ჩრჩილი", რომელიც ოკეანეებში 506 მილიონი წლის წინ არსებობდა.
სახეობა Mosura fentoni, მიეკუთვნება ე.წ. რადიოდონტების ჯგუფს - რაც თავის მხრივ ფეხსახსროვანი ცხოველების ევოლუციური ხის ადრეულ განშტოებაა.
მიუხედავად იმისა, რომ რადიოდონტები ახლა გადაშენებულია, მათი გაქვავებული ნაშთების შესწავლამ შეიძლება, გამოავლინოს, თუ როგორ განვითარდნენ თანამედროვე ართროპოდები, როგორიცაა მწერები, ობობები და კიბორჩხალები.
კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-შია გამოქვეყნებული. კვლევის მთავარმა ავტორმა, ჯო მოისიუკმა განაცხადა, რომ ცხოველთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფის წარმომადგენლები, ართროპოდები სავარაუდოდ ცოცხალ არსებათა სახეობების 80%-ზე მეტს შეადგენენ.
Mosura fentoni-ის კარგად შენახული კვალი ასევე ავლენს იმას, რაც სხვა არც ერთ რადიოდონტში არასდროს უნახავთ: მას ჰქონდა მუცლის მსგავსი სხეული 16 სეგმენტით, რომლებიც უკანა ნაწილში ლაყუჩებს შეიცავდა. ეს თვისება, სავარაუდოდ, გარემოდან მეტი ჟანგბადის მისაღებად გამოიყენებოდა.
მოისიუკის თქმით, დღეს არც ერთი ცხოველი არ გამოიყურება Mosura fentoni-ს მსგავსად. მას ჰქონდა თანამედროვე მწერებისა და კიბოსნაირების მსგავსი სახსრიანი კლანჭები. Mosura-ს თავის შუაგულში დიდი და თვალში საცემი მესამე თვალი ჰქონდა.
ზრდასრული ადამიანის საჩვენებელი თითის ზომის Mosura და მისი საცურაო ფრთები ცოტათი ჩრჩილისას ჰგავს, რამაც მკვლევარებს უბიძგა, მისთვის "ზღვის ჩრჩილი" ეწოდებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ რას ჭამდა Mosura, ვიცით, რომ ის ცხოვრობდა ისეთ ცხოველებთან ერთად, როგორიცაა რკოს ჭიები, ჯაგრიანი ჭიები და პატარა კიბორჩხალისებრი ართროპოდები, რომლებზეც რადიოდონტს ნადირობა შეეძლო. თავის მხრივ, Mosura შესაძლოა, სხვა უფრო დიდი რადიოდონტის მსხვერპლი ყოფილიყო, როგორიცაა კრევეტისებრი Anomalocaris canadensis, ან უზარმაზარი მედუზა Burgessomedusa phasmiformis.
პირველი Mosura fentoni-ს ნიმუში XX საუკუნის დასაწყისში პალეონტოლოგმა ჩარლზ უოლკოტმა აღმოაჩინა. მის მიერ ნაპოვნი ნიმუშის შესახებ არასდროს გამოქვეყნებულა კვლევა და იმ დროისთვის რადიოდონტების შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი.
დანარჩენი 60 ნამარხი სამეფო ონტარიოს მუზეუმის მკვლევრების მიერ, 1975-დან 2022 წლამდე შეგროვდა.
"მხოლოდ დროის მსვლელობითა და მონათესავე სახეობების შესწავლით გახდა ნათელი ამ ნამარხების მნიშვნელობა. ახლახან, ჩვენმა გუნდმა დაიწყო დამატებითი ნიმუშების აღმოჩენა ბურგესის ფიქალის ახალ ადგილებში, რამაც ამ პუბლიკაციას შეუწყო ხელი." - განაცხადა მკვლევარმა.

იხილეთ ასევე: