ავტორი:

100 ახალი სანქცია რუსეთს და ოფიციალური მოსკოვის პასუხი დიდ ბრიტანეთს - “რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“

100 ახალი სანქცია რუსეთს და ოფიციალური მოსკოვის პასუხი დიდ ბრიტანეთს - “რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

  • ახალი სანქციების სამიზნეს რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებს, დიდი ბრიტანეთი 100 ახალი სანქციის დაწესებით ზეწოლას აძლიერებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს „ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

“მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროპა მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენების საშუალების მიცემაა.

„აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა.

„გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ მოლაპარაკებების გადადება მოსკოვს აიძულებდა, უარი ეთქვა მათ ჩატარებაზე. შედეგად, ზელენსკის მიერ დადგმული სპექტაკლი სავალალოდ ჩაიშალა. იძულებული გახდა, 16 მაისს დელეგატები დაენიშნა და რუსეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად გაეგზავნა“, - განაცხადა ზახაროვამ.

წყარო