ავტორი:

დაცვა ხმელეთიდან, წყლიდან, კოსმოსიდან - როგორ იქნება და რა დაჯდება საჰაერო თავდაცვითი სისტემა "ოქროს გუმბათი", რომლის შექმნასაც ტრამპი იწყებს?

დაცვა ხმელეთიდან, წყლიდან, კოსმოსიდან - როგორ იქნება და რა დაჯდება საჰაერო თავდაცვითი სისტემა "ოქროს გუმბათი", რომლის შექმნასაც ტრამპი იწყებს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია იწყებს პროექტს სახელწოდებით "ოქროს გუმბათი“ ("Golden Dome") - ეს იქნება გიგანტური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც შედგება სახმელეთო, საზღვაო და კოსმოსური კომპონენტებისგან.

ტრამპის თქმით, პროექტი დაეფუძნება "მომავალი თაობის ტექნოლოგიებს“ და სისტემას ექნება უნარი, ჩამოაგდოს ნებისმიერი რაკეტა, მათ შორის ჰიპერბგერითი, რომელიც შესაძლოა გაშვებული იყოს "დედამიწის მეორე ბოლოდანაც კი“.

"ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. "ოქროს გუმბათი“ რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა "ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო პროექტის ხელმძღვანელად აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი, მაიკლ გეტლეინი დანიშნა.

მაიკლ გეტლეინი

  • ფასი და ვადები

პირველადი შეფასებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 175 მილიარდი დოლარია, თუმცა კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა დაასახელა გაცილებით მაღალი რიცხვი: მათი გათვლით, მხოლოდ კოსმოსური კომპონენტი შეიძლება დაჯდეს 524 მილიარდი დოლარი,

პირველი ეტაპისთვის უკვე გამოყოფილია 25 მილიარდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ სისტემა უნდა ამოქმედდეს ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე, ანუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

  • რა შედის "ოქროს გუმბათში“?

კოსმოსური სეგმენტი:

ორბიტაზე, (დაბალ ან საშუალო სიმაღლეზე) განთავსდება ხელოვნური თანამგზავრები, რომლებიც: აღმოაჩენენ მომავალი თავდასხმის ნიშნებს; გაფრთხილებენ ამერიკის სარდლობას რეალურ დროში, რომ საფრთხე მოახლოებულია. ანუ კოსმოსური ნაწილი მისცემს აშშ-ს საშუალებას, მტრის რაკეტა შეამჩნიოს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მიწიდან აფრინდება.

საზღვაო და ხმელეთის ინფრასტრუქტურა:

აშშ განალაგებს სარაკეტო გამანადგურებლებს როგორც ხმელეთზე, ისე გემებზე (მაგ. სამხედრო ფლოტის ხომალდებზე). მათ ექნებათ ახალი თაობის სენსორები, რათა დაინახონ და სწორად დაადგინონ მტრის რაკეტის კურსი და სიჩქარე; გამანადგურებელი რაკეტები, რომლებიც სხვა რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენება.

ამ სისტემას ექნება ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების, ასევე კოსმოსიდან გაშვებული საფრთხეების განეიტრალების შესაძლებლობა.

ტრამპის თქმით, სისტემა იქნება "ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე შექმნილა", და იგი რაკეტებს გაანადგურებს ყველა ფაზაში - შესაძლოა, გაშვებამდეც კი.

მოგეხსენებათ, მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს ისრაელს, რომელსაც "რკინის გუმბათი" ჰქვია, თუმცა აშშ-ის პროექტი გაცილებით მასშტაბური და მრავალმილიარდიანია.

იხილეთ ასევე: