“არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ უნდა ამოქმედდეს,“- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID , "ნედი" და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად, ეს ხდებოდა საქართველოშიც. ვხედავდით, როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID, „ნედი“ და ამერიკის საელჩო რევოლუციური სცენარის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება. არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს, კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმის, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული „ფარას“ მიმართ, ეს დამოკიდებულება იგივე არის. ათასგვარი სპეკულაცია იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. „ფარას“ კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო. საქართველოში, ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ამის პირობა შემიძლია ყველას მივცე. თავის დროზე, ყალბი განცხადებები კეთდებოდა, რომ თითქოს, დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად, დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, „ნედი“ და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის. გახსოვთ, მასკმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში“,- აღნიშნა პრემიერმა.