ავტორი:

მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ნეშტი 83 წლის შემდეგ ნახეს -  ვინ და როგორ იპოვა სევასტოპოლთან ლევან ხაჯალია?

მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ნეშტი 83 წლის შემდეგ ნახეს -  ვინ და როგორ იპოვა სევასტოპოლთან ლევან ხაჯალია?

არიან ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიაც მათი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ერთი მათგანია სენაკელი ფარმაცევტი ლევან ხაჯალია, რომელიც სამამულო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა. მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს უწყება არ მოსვლია, შესაბამისად, იყო დაბრუნების მოლოდინი... ახლობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაციას 83 წლის განმავლობაში ელოდნენ, ეძებდნენ, თუმცა ამაოდ...

რამდენიმე დღის წინ კი, სევასტოპოლიდან ხაჯალიების ოჯახს შეტყობინება მოუვიდა, რომ სამძებრო რაზმმა "ყირიმის საზღვარმა“ აღმოაჩინა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის ნეშტი. მისი იდენტიფიცირება მოხდა ე.წ.სიკვდილის მედალიონის (ებონიტის მედალიონი) მეშვეობით, რომელშიც აღმოჩნდა ხელით შევსებული ფაქიზად გადანახული ქაღალდი: "ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, რიგითი. დაბ.1907. საქართველოს სსრ, ქალაქი ცხაკაია.“ სავარაუდოდ, მებრძოლი 1941 წლის დეკემბერში ან 1942 წლის იანვარში, სევასტოპოლის მეორე შტურმისას დაიღუპა.

"83 წლის განმავლობაში მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით და ახლა ერთ პატარა მედალიონში მთელი მისი ისტორია გაცოცხლდა. სევასტოპოლის მახლობლად, მაკენზიეს მთებზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, სადაც ოდესღაც გამანადგურებელი ბრძოლები მძვინვარებდა, დღეს სამძებრო რაზმები მუშაობენ. მათ 120-მდე დაღუპულის ნეშტი აღმოაჩინეს და მათგან მხოლოდ ბაბუას იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი“, - გვიყვება ლევან ხაჯალიას შვილიშვილი, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა:

- ყოველ 9 მაისს სოციალურ ქსელში ვდებდი ინფორმაციას, რომ ვეძებდით მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუას. 83 წლის განმავლობაში ვერავინ გაიგო ლევან ხაჯალიას ადგილსამყოფელი. მისი ძმა - უფროსი ლეიტენანტი კოტე ხაჯალია ომიდან დაბრუნდა, იურისტი იყო და დიდი კავშირები ჰქონდა, ძმას ყველგან კითხულობდა და ეძებდა, ცნობებს აგზავნიდა საზღვარგარეთ, ყველა არქივი გაიხსნა, საძმო სასაფლაოები, მაგრამ ამაოდ... აღმოჩნდა, რომ ბაბუა იბრძოდა ჩაპაევის 25-ე მსროლელთა დივიზიაში, რომელმაც ჯერ ოდესის, შემდეგ კი სევასტოპოლის დაცვაში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, ის 1941 წლის ბოლოს ან 1942 წლის იანვარში სევასტოპოლის მეორე შტურმისას, არტილერიულ დაბომბვას ემსხვერპლა. მთელი დივიზია განადგურდა, ამიტომ იყო, რომ ამბის მიმტანიც არავინ დარჩა.

წელსაც, მორიგ 9 მაისსაც დავდე სოცქსელში ინფორმაცია.

ამ სამყაროში ხანდახან მართლაც ხდება სასწაულები. ამბობენ, როცა რაღაც მთელი გულით გსურს, სამყარო ამაში გეხმარება. 10 მაისს მოვიდა შეტყობინება, სევასტოპოლში საძიებო სამუშაოებისას აღმოაჩინეს ჯარისკაცის ნეშტი და "სიკვდილის მედალიონი“ და წარწერა: "ხაჯალია ლევან ზაქარიას-ძე, დაბ. 1907 წ. ქ. ცხაკაია“.

10 მაისს ჩემმა დამ დამირეკა, რომ ამ სიახლის შესახებ ინფორმაცია სენაკის ჯგუფში დაიდო - საქართველოში არის ორგანიზაცია "დაბრუნება“, რომლის უფროსიც არის ზაზა მილაძე და მას დაუდია სენაკის ჯგუფში, სევასტოპოლში აღმოჩენილია ნეშტი და ხომ არავინ იცით ლევან ხაჯალიას ნათესავებიო. პოსტი ჩემმა დამ ნახა შემთხვევით, დაგვირეკა და წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი რეაქცია.

დედა 83 წლისაა, ასე უცბად არ გვინდოდა გვეთქვა ეს ამბავი, თანდათანობით შევაგუეთ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... ისეთი ემოციებით ვართ დატვირთული, ვერ წარმოიდგენთ. ბაბუა როცა ფრონტზე წავიდა. შინ 5 და 4 წლის შვილები დარჩა, მესამეზე - დედაჩემზე კი ბებია ორსულად იყო. დედა 1942 წელს დაიბადა და მამა არც უნახავს. მერე ზაზა მილაძეს დავუკავშირდი, მან კი სევასტოპოლთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაგვაკავშირა, რომელიც იმ ადგილას გათხრებს ატარებს (მოხალისეები არიან, საძიებო რაზმებია). მათ წინა დღეებშიც უპოვიათ იმავე ტერიტორიაზე ორი ნეშტი და უფიქრიათ, რომ სხვებიც უნდა ყოფილიყო.

- რას საქმიანობდა ლევან ხაჯალია ფრონტზე წასვლამდე?

- ბაბუა ომამდე აფთიაქს ხელმძღვანელობდა. სამუშო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე თავისი ნებით წავიდა, ნათესავებისთვის უთქვამს: "ჩემი ადგილი ფრონტზეა, იქ ვარ საჭიროო...“

დედას და თავის დებს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, უმამოდ დარჩნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახს კი არანაირი შეღავათი არ ჰქონდათ. ბებიისგან მახსოვს, რომ სენაკში ლევანს მიწები დარჩა და კომუნისტების დროს მასზე ოჯახს გადასახადებს აკისრებდნენ. ბებია ითხოვდა, ომში დაღუპულის ოჯახი ვართ, იქნებ რაღაც შეღავათი დაგვიწესოთო, მაგრამ ეუბნებოდნენ, - რა ვქნათ, თქვენი მეუღლე არსად იძებნა, დაღუპულთა სიაში არა არის, შეიძლება ტყვედ ჩაბარდაო. ასე ობლობაში და ვაივაგლახით დაზარდა ბებიამ სამი შვილი.

- კონკრეტულად სად აღმოაჩინეს ბაბუას ნეშტი და როგორ მოხდა მისი იდენტიფიცირება?

- ეს ძალიან რთული ადგილი ყოფილა, სევასტოპოლთან არის მაკენზიეს მთა (როგორც ჩვენთან მთაწმინდა), დამცავი ზღუდეა და იქ, სანგრებში იპოვეს ბაბუას ნეშტი. ბაბუა ფარმაცევტი იყო და სადაც სამარხი გათხარეს, იქ შესახვევით სამედიცინო მასალა და მინის პიპეტები აღმოჩნდა. იქვე იყო მეზღვაურის ნეშტიც, რომელსაც ფეხი ჰქონდა გადაჭრილი, ორივე ეტყობა მაშინ დაიღუპა, როცა ბაბუა დაჭრილს სამედიცინო დახმარებას უწევდა. დროთა განმავლობაში მათ ზემოდან მიწა გადაეყარათ და ასე ჩაიმარხნენ.

"ყირიმის საზღვარმა“ 120-მდე დაღუპული აღმოაჩინა და ვერც ერთის ვინაობა ვერ დაადგინეს, გამონაკლისი ბაბუა იყო - მას ებონიტის მედალიონი ("სიკვდილის მედალიონს" ეძახიან, ასეთ ადგილებში ყველა მებრძოლს ჰქონდა) ეკიდა გულზე, რომლის შიგნით ხელით შევსებული ქაღალდი აღმოაჩინეს. მეორე დაღუპულსაც ჰქონია ებონიტის მედალიონი, მაგრამ იმდენად დაშლილი ყოფილა, ვერაფერი გაარჩიეს.

ბებია გვიყვებოდა, რომ 1941 წლის შემოდგომაზე ბაბუა ბათუმის ჰოსპიტალში ჩამოვიდა, დაჭრილებს გამოჰყვა სამხედრო მატარებლით, როგორც მედიცინის მუშაკი. მას ბებია იქ შეხვდა და მაშინ გაიგო, მეუღლე რომ მესამე შვილს ელოდა. ბაბუას მაშინაც შეეძლო დარჩენილიყო, მაგრამ უთქვამს, ჩემი ადგილი იქ არის, ქვეყანას უჭირს, ცეცხლი უკიდია და მე სახლში როგორ გავჩერდეო. ის ფრონტზე დაბრუნდა და მას მერე მისი კვალი დაიკარგა. მან ფრონტიდან ერთადერთი წერილი გამოგზავნა, რომელშიც წერდა, წინ წყალია, უკან ცეცხლი, ისეთი რთული მდგომარეობააო. ბაბუას რამდენიმე თვეს მოუწია ფრონტზე ყოფნა. ლევან ხაჯალია 1907 წელსაა დაბადებული და მაშინ 34 წლის იყო. ბაბუას მამა - ზაქარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახლდათ, ძალიან ცნობილი ადამიანი იყო და სენაკის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა.

ყველაზე ტრაგიკული იცით რა არის? ბაბუას უფროსმა ქალიშვილმა 14 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა, მაგრამ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და წითელ დიპლომზეც დაამთავრა. ბებიამ ყველაფერი მიატოვა, თავი გადადო და შვილს ატარებდა უნივერსიტეტში, საგნებსაც ის უკითხავდა, ასე ასწავლიდა კლასიკურ ენებს - ძველბერძნულსა და ლათინურს. როცა დედა-შვილს უნივერსიტეტში მუდმივად ერთად ხედავდნენ, პროფესორები ეუბნებოდნენ თურმე ბებიას, ორივეს მოგცემთ დიპლომს, ორივეს გეკუთვნითო....

- როდის გეგმავთ ნეშტის გადმოსვენებას სამშობლოში?

- გადმოსვენებაზე ვმუშაობთ, რაღაც დოკუმენტებია საჭირო, ის მხარე გადმოასვენებს ლარსის საზღვრამდე და იქ დავხვდებით. ბაბუას ბებიის გვერდზე დავასაფლავებთ, სენაკში. უკრაინაში ბევრი გამოხმაურება იყო, სტატიები დაიბეჭდა გაზეთებში, გადაცემებიც მიუძღვნეს ჩვენს ამბავს, ამის მერე სულ მწერენ, მიგზავნიან ახალ-ახალ ინფორმაციას, მეც აქედან ვაწვდი ბაბუას ფოტოებს, ყველანაირ ინფორმაციას. ბედი ჰქონია ბაბუას, მშობლიურ მიწას რომ ეღირსება. სოციალურ ქსელში ვიდეო დავდე და ჩვენს ამბავს 2 მილიონი ნახვა აქვს, უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები მწერენ, როგორ მოძებნეთო და თითქოს მრცხვენია მათი, ჩვენი რომ ვიპოვეთ და სხვებს ეს სიხარული არ განუცდიათ, საშინელებაა დაკარგული ოჯახის წევრი. უბრუნდება ბაბუა საქართველოს და მშობლიურ მიწას რომ მიებარება, ეს არის ჩვენთვის დიდი შვება და ბედნიერება.

მადლობას ვუხდით სამძებრო რაზმს "ყირიმის საზღვარს“ და მის ხელმძღვანელს ალექსანდრ ეფანოვს, ასევე, ფონდ "დაბრუნების“ თავმჯდომარეს ზაზა მილაძეს. მათი თავდადებული შრომით ერთ ქართველ ჯარისკაცს დაუბრუნდა სახელი, ისტორიას - მეხსიერება, ოჯახს კი - სიმშვიდე და შვების ცრემლი.