ავტორი:

"ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობა ინგრევა, ჩამოიშალა სახურავი. ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები, სტუდენტები... არცერთი დამცავი" - kutaisipost.ge

"ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობა ინგრევა, ჩამოიშალა სახურავი. ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები, სტუდენტები... არცერთი დამცავი" - kutaisipost.ge

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ფოსტის" კუთვნილ შენობაში ჭერი ჩამოინგრა, ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge აქვეყნებს.

"მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა, ჩამოიშალა მთელი სახურავი. ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი დამცავი, არცერთი გაფრთხილება!

"გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი. რას ელოდებით?! უბედურ შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!",- ამბობს მოქალაქე რამზეს კილასონია გამოცემასთან..

მათივე ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის მეორე სართულზე გასული წლის აპრილში ხანძარი გაჩნდა. რადგან მეორე სართული უფუნქციო იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტის პირველი სართული კი, სადაც ფოსტის სერვის ცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრი იყო განთავსებული, დაზიანდა. ამ შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ, შენობაში ცეცხლი მეორედ გაჩნდა.

როგორც გამოცემა წერს, თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა " საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია. შესაბამისად, ქუთაისის მერია ამ შენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობას იხსნის.

გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებით სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა. მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცრისფრად შეღებეს. მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია