ინგლისში კიბოთი დაავადებულები, პირველები იქნებიან ევროპაში, ვისაც იმუნოთერაპიის ინიექციას შესთავაზებენ.
"წელიწადში 15 000-მდე კიბოთი დაავადებულის მკურნალობა შესაძლებელი გახდება სწრაფი ინექციით", - განაცხადა ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა.
ის ევროპაში პირველი ჯანდაცვის სამსახურია, რომელიც პაციენტებს იმუნოთერაპიული პრეპარატის, ნივოლუმაბის საინიექციო ფორმას სთავაზობს.
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დაამტკიცა საინიექციო ნივოლუმაბი, რომელიც ცნობილია როგორც ოპდივო, როგორც პრეპარატის ინტრავენური გადასხმის ალტერნატივა, რომელსაც შეიძლება ერთ საათამდე დასჭირდეს.
ვინაიდან პაციენტებს მკურნალობა ორ კვირაში ან თვეში ერთხელ სჭირდებათ, ჯანდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ყოველწლიურად მკურნალობის დროის ერთ წელზე მეტს დაზოგავს.
პროფესორმა პიტერ ჯონსონმა, ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის კიბოს ეროვნულმა კლინიკურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ დროის დაზოგვა „გუნდს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ პაციენტს უმკურნალონ“ და საავადმყოფოების შესაძლებლობები გაათავისუფლონ.
"იმუნოთერაპია უკვე უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია და კიბოთი დაავადებული პაციენტისთვის მისი ინიექციის სახით რამდენიმე წუთში შეთავაზების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი გაცილებით მოსახერხებელი გავხადოთ“, - თქვა მან.
ნივოლუმაბი ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში სიმსივნური უჯრედებისგან მომდინარე სიგნალების ბლოკირებით, რომლებიც იმუნურ სისტემას მათ თავდასხმაში ხელს უშლიან.
ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, თვეში დაახლოებით 1200 პაციენტს შეუძლია ისარგებლოს ინიექციაზე გადასვლით და ახალი პაციენტების უმეტესობა, სავარაუდოდ, მას მალე მიიღებს.
ინიექციები ჯანდაცვას ინტრავენურ გადასხმაზე მეტი არ დაუჯდება, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამსახურმა და მწარმოებელმა Bristol Myers Squibb-მა ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ნასერ ტურაბიმ, Cancer Research UK-ის მტკიცებულებებისა და იმპლემენტაციის დირექტორი ამბობს: "მსგავსი ინოვაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კიბოთი დაავადებულთა უფრო სწრაფად და ეფექტურად სამკურნალოდ. ჩვენ კიბოს კვლევის ოქროს ხანაში ვართ და აუცილებელია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აგრძელებდეს ადაპტირებას, რათა პაციენტებს ზრუნვის საუკეთესო საშუალება მივაწოდოთ.
მთავრობას აქვს შესაძლებლობა, გააძლიეროს ინგლისის მომავალი ეროვნული კიბოს გეგმით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ინვესტიციებსა და რეფორმებს ჯანდაცვის სისტემაში, რათა პაციენტებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ყველაზე თანამედროვე მკურნალობა.“