ავტორი:

"იმ დროს ესროლეს, როცა შვილები სკოლაში მიჰყავდა" - რა არის ცნობილი ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეზე, რომელიც აშშ-ის მიერ იყო სანქცირებული

"იმ დროს ესროლეს, როცა შვილები სკოლაში მიჰყავდა" - რა არის ცნობილი ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეზე, რომელიც აშშ-ის მიერ იყო სანქცირებული

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდთან ახლოს, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს - იგი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უფროს თანაშემწედ მუშაობდა.

მედიის ინფორმაციით, ანდრეი პორტნოვს იმ დროს ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ანდრეი პორტნოვი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. „ევრომაიდნის“ შემდეგ ანდრეი პორტნოვმა უკრაინა ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდთან ერთად დატოვა და, როგორც მედია იუწყებოდა, ხუთი წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა.

პორტნოვს შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს მაგნიტსკის აქტის თანახმად, კორუფციისა და მექრთამეობისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მას „სარწმუნოდ დასდეს ბრალი უკრაინის სასამართლოებში წვდომისა და გადაწყვეტილებების მოსაპოვებლად თავისი გავლენის გამოყენებასა და რეფორმების ჩაშლაში“.

მაგნიტსკის აქტი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში მიიღეს, აშშ-ში შესვლას კრძალავს და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული გარკვეული რუსი და პრორუსი მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების აქტივებს ყინავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტნოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.