ავტორი:

"წარსულში "კვარა" და მამარდაშვილიც "რუსთავში" თამაშობდნენ" - რას გვიყვება იაპონელი იუტა საქართველოში ცხოვრებაზე, ფეხბურთსა და მისაბაძ ფეხბურთელებზე?

"წარსულში "კვარა" და მამარდაშვილიც "რუსთავში" თამაშობდნენ" - რას გვიყვება იაპონელი იუტა საქართველოში ცხოვრებაზე, ფეხბურთსა და მისაბაძ ფეხბურთელებზე?

რუსთავის საფეხბურთო კლუბის - FC Rustavi-ის ბომბარდირი, 26 წლის იაპონელი ფეხბურთელი იუტა ნაკანო კაგავადან საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა. მან ფეხბურთის თამაში 3 წლის ასაკში დაიწყო მამის გავლენით, რომელიც ცნობილი და პროფესიონალი ფეხბურთელია იაპონიაში. იუტა ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა და დღეს უკვე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მიუხედავად ქართულ-იაპონური კულტურების სხვაობისა, მან ადვილად აუღო ალღო აქაურ ყოფას, ბევრს მუშაობს თავზე და სამომავლოდ პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს.

დღეს იუტა ambebi.ge - ს სტუმარია.

- იუტა, მომიყევი შენზე... საქართველოში ჩამოსვლამდე რას საქმიანობდი იაპონიაში?

- იაპონიის ქალაქ კაგავადან ვარ, 26 წლის. იაპონიაში უნივერსიტეტში მარკეტინგს ვსწავლობდი. თითქმის სამი წელია საქართველოში, კერძოდ, რუსთავში ვარ. სანამ აქ ჩამოვიდოდი, მანამდე 1 წელი პორტუგალიაში ვთამაშობდი, შესანიშნავი ქვეყანაა, იქ ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი, გადასარევი იყო.

- როგორ მოხვდი საქართველოში და რუსთავის საფეხბურთო კლუბში?

- ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, სამხრეთ კორეელი აგენტი მყავს, პორტუგალიაშიც მასთან ერთად ვმუშაობდი და მას ჰქონდა კონტაქტები რუსთავში ჩემს ახლანდელ კლუბთან. მან მკითხა აზრი და მეც დავთანხმდი საქართველოში ტრანსფერს. FC Rustavi ერთადერთი საფეხბურთო კლუბია ქალაქში, გუნდში სამი უცხოელი ვართ - მე, უკრაინელი და ერთიც - განელი.

- რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობ და რას ნიშნავს შენთვის ეს სპორტი?

- ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 3 წლის ასაკიდან დავიწყე. მამა - კეიჩირო ნაკანო იაპონიაში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მეც ბავშვობიდან შემიყვარდა ეს სპორტი, მინდოდა ფეხბურთელობა და მამის კვალს გავყევი.

ფეხბურთელობა ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა, სულ მინდოდა პროფესიონალი მოთამაშე ვყოფილიყავი. ვცდილობ მთელი ძალა და ენერგია ფეხბურთში ჩავდო, გუნდში ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობ, გოლები და ასისტებია ჩემი საქმე. ფეხბურთი ჩემი სამსახურიცაა და ის განსაკუთრებული სფეროა ჩემთვის, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.

- გუნდზე რას იტყვით, როგორ შეეწყვეთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ თანაგუნდელებს?

- კარგი გუნდია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ზოგიერთი სხვებზე უკეთ მიცნობს, ხშირად ბავშვები, ფანები მომიკითხავენ ხოლმე და მეუბნებიან, რომ საუკეთესო მოთამაშე ვარ, რაც ძალიან მაბედნიერებს.

- ანუ რუსთავში პოპულარული ხარ?

- ასე გამოდის, ოღონდ, მთლიანად არა, რუსთავის ნაწილში (იცინის).

- ქართულს თუ სწავლობ?

- კი, ვცდილობ... ცოტა ვისწავლე, ვიცი: გამარჯობა, მე ვარ იუტა, როგორ ხარ? კარგად, შენ? ხინკალი, ხაჭაპური, ყველი, ლობიანი...

- აქაური სამზარეულო მოგწონს?

- კი, ძალიან.

- იაპონური სამზარეულო არის რუსთავში?

- იაპონური სადილი თუ მომინდა, თბილისში ჩამოვდივარ, ერთი კარგი რესტორანი ვიცი და იქ ვსადილობ. სხვათა შორის, იაპონურ კერძებს მეც კარგად ვამზადებ, მაგ. ბრინჯი ბოსტნეულით და ხორცით, ხანდახან ოიაკოტოს ვაკეთებ - ქათამი, კვერცხი, ხახვი და სოიოა ძირითადი ინგრედიენტები. ხანდახან ძალიან მინდა წავიდე კორეულ, ჩინურ ან იაპონურ რესტორანში, მაგრამ რუსთავში არჩევანი არ მაქვს, ვრჩები მხოლოდ ქართული სამზარეულოს ამარა ან შაურმას გეახლებით. ყველაფერი მომწონს, მაგრამ ხანდახან მინდა, სხვა რაღაც ვჭამო, არჩევანის სიმწირეა და ეს ცოტა პრობლემაა ჩემთვის.

- ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა, როცა აქ ჩამოდიოდით, საქართველოზე თუ ჰქონდათ წარმოდგენა?

- ჩემები იაპონიაში ცხოვრობენ. მათ საქართველოზე არაფერი იცოდნენ იმის გარდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო და რადგან საქართველო რუსეთთან ახლოსაა, მშობლებს ჩემი აქ წამოსვლის ეშინოდათ. მათ ავუხსენი აქაური სიტუაცია, რომ ჩემთვის აქ ყოფნა უსაფრთხო და კომფორტულია. ახლა მათ იციან, რომ არაფერი მემუქრება და მშვიდად არიან.

- საქართველოსა და იაპონიის კულტურებს შორის დიდი სხვაობაა. ყველაზე მეტად აქ რამ გაგაოცა?

- ერთი რამის გამორჩევა მიჭირს, თუმცა როცა ჩამოვედი, ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ქუჩაში ყველა ეწეოდა. იაპონიაში ქუჩაში სიგარეტის მოწევა აკრძალულია. ეს იყო ჩემთვის პირველი კულტურული შოკი.

- ქართული სუფრისა და სმის კულტურაზე რა წარმოდგენის ხარ?

- იაპონიაში ჩვენი ალკოჰოლური სასმელი - საკე გვაქვს, რომელიც ბრინჯისგან მზადდება. რა თქმა უნდა, ლუდსაც ვსვამთ, ვისკისაც, რომლის უამრავი სახეობა გვაქვს, მაგრამ ღვინოს თითქმის არ ვსვამთ. აქ პირიქითაა - ყველა სვამს ღვინოს, რა გასაკვირია, საქართველოში ხომ ვაზის კულტია, ის ღვინის სამშობლოა. აქ ასევე სვამენ ჭაჭას, რომელიც ძალიან ძლიერია. რა თქმა უნდა, ღვინო მირჩევნია ჭაჭას, უჰ, ნამეტანი ძლიერია...

- საქართველოს კუთხეებს თუ ეცნობი და რომელმა მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?

- რა თქმა უნდა, დავდივარ როგორც ტურისტი... ყაზბეგი და სიღნაღი მომეწონა ძალიან, ულამაზესი ბუნება და ხედები ვნახე, მშვენიერი ატმოსფერო, კმაყოფილი დავრჩი.

- შენი კუმირი ფეხბურთელი რომელია?

- ძალიან მომწონს მესი, კევინ დე ბრუინე - "მანჩესტერ სიტიდან“. ისინი ჩეთვის მისაბაძი ფეხბურთელები არიან. ქართველებიდან მომწონს "კვარა", მამარდაშვილი, რომლებიც როგორც ვიცი, წარსულში რუსთავის კლუბში თამაშობდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები წინ მიიწევს, უფრო და უფრო უმჯობესდება, მათი წარმატებები მეც მოტივაციას მაძლევს და ვფიქრობ, საქართველოში ჩემი ჩამოსვლა კარგი არჩევანი იყო.

- რაზე ოცნებობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- მინდა მომავალში პრემიერ ლიგაში ვითამაშო, ჩემთვის ესაა მთავარი ოცნება.

არ ვიცი, მომავალში სად ვიქნები, რომელ ქვეყანაში და რომელ გუნდში, მაგრამ ამჟამად ვარ “FC RUSTAVI”-ში და მასზე ვარ კონცენტრირებული. გვქონდა რთული მომენტები, მაგრამ ბრძოლა გავაგრძელეთ და მესამე დივიზიონიდან მეორეში გადავედით, რაშიც, გარკვეულწილად, ჩემს წვლილსაც ვხედავ. აქ ყველანი, თანაგუნდელები ერთად გავიზარდეთ და შარშან მოგვეცა საშუალება, ერთად გადავსულიყავით მეორე დივიზიონში, წელს ჩვენი მიზანია პირველში მოვხვდეთ. კლუბს აქვს კარგი ხედვა, ძალიან კარგი ქოუჩი გვყავს... მინდა დავამატო, რომ აქ ფეხბურთის აკადემიას და ახალ სტადიონს ხსნიან და მინდა ამაში წვლილი მეც შევიტანო, დავეხმარო. მთელი სამი წლის განმავლობაში აქაურების მხარდაჭერა არ მაკლდა მოედანს გარეთაც, რაც აქ ყოფნას მიადვილებს. მინდა, რუსთავში გავაგრძელო კარიერა, მერე ვნახოთ, რა იქნება...

- წარმატებას გისურვებ, იუტა.

- დიდი მადლობა, თქვენც ასევე.