ავტორი:

"ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით" - რუსეთი ფინეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებს: რა ჩანს სატელიტურ სურათებზე?

"ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით" - რუსეთი ფინეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებს: რა ჩანს სატელიტურ სურათებზე?

გავრცელებული ცნობებით, რუსეთი ფინეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო ინფრასტრუქტურას აფართოებს, რაც ნატოსა და ფინეთის ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს.

როგორც ფინეთმა განაცხადა, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ელიან რუსეთის მიერ საერთო საზღვარზე ჯარების გაძლიერებას.

ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ მოსკოვმა ნატოს საზღვრის მახლობლად თავისი სამხედრო ბაზები გააძლიერა.

  • რუსეთის ძირითადი სამხედრო აქტივობები

სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთი არემონტებს და აშენებს ახალ სამხედრო ობიექტებს ფინეთის საზღვრის მახლობლად..

ამ ობიექტებში შედის:

  • ბანაკები და საწყობები ჯავშანტექნიკისთვის;
  • მფრინავი აპარატების თავშესაფრები;
  • დრონებისა და ვერტმფრენების ბაზები.

ეს ინფრასტრუქტურა აშენებულია ისეთ ადგილებში, როგორიცაა კამენკა, პეტროზავოდსკი, ოლენია და ალაკურტი.

ნატოს ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს მოქმედებები შესაძლოა მიუთითებდეს რუსეთის გრძელვადიან სტრატეგიაზე ფინეთის საზღვართან სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე.

გენერალ-მაიორმა სამი ნურმიმ, ფინეთის თავდაცვითი ძალების სტრატეგიის მეთაურმა, თქვა, რომ მოსკოვის მანევრებს "ძალიან ყურადღებით" აკვირდებიან და რომ მათი, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ვალდებულებაა, "ყველაზე უარესისთვის მოემზადონ".

ფინეთის საზღვრის დაცვამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ თავის აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთთან გამყოფი 200 კმ-იანი ღობის პირველი 35 კმ-ის მშენებლობა დაასრულა, რომელიც აღჭურვილია სათვალთვალო სისტემებით. სამუშაოები ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში შეჩერებული იყო. მანამდე ჰელსინკიმ მოსკოვი დაადანაშაულა, რომ "ჰიბრიდული ოპერაციის" ფარგლებში თავშესაფრის მაძიებლებს ფინეთისკენ გზავნიდა.

თანამგზავრული სურათები, რომლებიც New York Times-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას ფინეთის საზღვრის მახლობლად, მათ შორის კარვების რიგებს, სამხედრო ტექნიკას, გამანადგურებელი თვითმფრინავების თავშესაფრების რემონტს და ვერტმფრენების მანამდე გამოუყენებელი ბაზის რეაბილიტაციას.

"ისინი სტრუქტურებს ცვლიან და ვხედავთ ზომიერ მზადებას ჩვენი საზღვრების მახლობლად, სადაც, დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, დაიწყებენ იმ ძალების დაბრუნებას, რომლებითაც უკრაინაში იბრძოდნენ. ეს განსაკუთრებით სახმელეთო ძალებს შეეხება", - განაცხადა ნურმიმ.

მისივე თქმით, ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთი 2023 წელს რეკორდული სისწრაფით შეუერთდა ნატოს:

"ისინი ამას ეტაპობრივად აკეთებენ. ვიტყვი, რომ ეს ჯერ კიდევ ზომიერი რაოდენობაა. დიდი მშენებლობა არ არის, არამედ, გარკვეულ ადგილებში ახალი ინფრასტრუქტურის აშენება და მომზადება, ახალი აღჭურვილობის შემოსატანად. ასევე უნდა შეფასდეს, ემზადებიან თუ არა უკრაინაში მეტი ჯარის გაგზავნისთვის, ან - ჩვენი საზღვრის მახლობლად თავიანთი ძალების გაძლიერებისთვის. მაგრამ ჩემი აზრით, ორივეს აკეთებენ".

რუსეთის აქტივობებზე საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის გამო საერთოდ არ ღელავს და დასძინა, რომ ფინეთი და ნორვეგია "ძალიან უსაფრთხოდ იქნებიან".

აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის გამოძახილით, ნურმიმ თქვა, რომ "ფინეთისთვის ან ნატოსთვის ამ მიმართულებიდან უშუალო სამხედრო საფრთხე არ არსებობს".

ფინელი მოქალაქეები აღმოსავლეთ მეზობლისგან საფრთხის შეგრძნებას შეეჩვივნენ, ასობით ადამიანი კვლავ რეგისტრირდება სასწავლო კურსებზე, რათა საგანგებო სიტუაციებისთვის მოემზადოს.

წყარო