როკის და არამხოლოდ როკის მოყვარულებისთვის 30 მაისი დაუვიწყარი დღე იქნება. შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკინგის ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ საფესტივალო ქალაქში შეკრებილი ათობით ათასი მელომანის წინაშე მსოფლიო მუსიკისა და როკის ლეგენდა, „Guns N' Roses“ წარდგება. ღონისძიების მასპინძელი „Starring Georgia“ წლევანდელ მუსიკალურ „ვარსკვლავთცვენას“ გრანდიოზულად იწყებს.
საფესტივალო ქალაქის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი განმარტავს, დღესდღეობით, მასშტაბური კონცერტების ჩასატარებლად, სტადიონებთან ერთად, მსგავსი ტიპის ღია სივრცეები უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება.

„ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ სანერვიულო და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო. ახალი კონცერტი ყოველთვის ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სეზონის გახსნა ორმაგად ემოციურია. „ციცინათელას“ ტერიტორიაზე დიდი სამზადისია. იმ ადგილას, სადაც მხოლოდ ასფალტი იყო, ფაქტობრივად, ახალი ქალაქი შენდება. კარგია, რომ საფარი მყარია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, სტუმრების დამატებით კომფორტზე ვიზრუნოთ.
სამუშაოები 2 ეტაპადაა დაყოფილი. მძიმე წონები და კონსტრუქციები უკვე შემოტანილია, მეორე ეტაპი კი, უშუალოდ ტექნიკის შემოტანას გულისხმობს: განათებას, გახმოვანებას, ეკრანს და ა.შ. ამ ეტაპზე, ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში 70-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. გარდა ამისა, პროექტში ჩართულია 100-ზე მეტი მოხალისე და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. მათი ნაწილი, ვინც პროექტში შარშან და შარშანწინ მონაწილეობდნენ, წელს უკვე სხვადასხვა პოზიციაზე არიან დაწინაურებულნი.

შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ 30 მაისს მაყურებლები 2 კონცერტის მომსწრენი გახდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბენდს თვითონ ჰყავს მოწვეული ე.წ. საფორთ ბენდი — „Rival Sons. გვჯერა, რომ „ციცინათელას“ პარკისა და შეკვეთილისთვის, როგორც კურორტისთვის, ეს ახალი ისტორიის დასაწყისი იქნება“, — აცხადებს ციცი იაშვილი და ღონისძიების სტუმრებს იმ რჩევებს უზიარებს, რომლებიც კონცერტზე დასწრების მსურველებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.
მაგალითად, საფესტივალო ქალაქამდე მანქანით მისვლა შესაძლებელი არ იქნება. შესაბამისად, სტუმრებს 3 საპარკინგე სივრცე მოემსახურება. თბილისის მხრიდან მომავალი ვიზიტორები „ბლექ სი არენას“ პარკინგით ისარგებლებენ, ხოლო ბათუმის მხრიდან მომავალი მაყურებლები ავტომობილებს „ციცინათელას“ გვერდით არსებულ 2 საპარკინგე ტერიტორიაზე გააჩერებენ. აღნიშნულ ლოკაციებზე მოწყობილი იქნება სპეციალური გაჩერებები ავტობუსებისთვის, რომლებიც სტუმრებს უშუალოდ საფესტივალო ქალაქის ტერიტორიამდე მიიყვანს.
„სტუმრებს შეუძლიათ, საფესტივალო ქალაქში 16:00-დან მშვიდად მოვიდნენ, თავი აარიდონ რიგებს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შექმნილ აქტივაციის ზონებში წინასაკონცერტო განწყობა შეიქმნან და წინასწარ დაიკავონ კონკრეტული წერტილი, საიდანაც ღონისძიებისთვის თვალყურის დევნებას გადაწყვეტენ. დაახლოებით, 18:00-დან დაიწყება „Rival Sons-ის“ კონცერტი, ხოლო 20:00-დან მსმენელი სცენაზე როკის ლეგენდებს იხილავს. „Guns N' Roses-ის“ კონცერტი უპრეცედენტო ხანგრძლივობის იქნება და 3 საათი და 15 წუთი გაგრძელდება. საფესტივალო ქალაქი კომფორტულად მოეწყობა თითოეული ადამიანისთვის, რათა 5 საათი მაქსიმალურად კარგად გაატარონ“, — აღნიშნავს ციცი იაშვილი.

საფესტივალო ქალაქის პარალელურად, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ატრაქციონების პარკ „ციცინათელაშიც“: სრულად ახლდება და იღებება გარე და შიდა ფასადები; ახლდება შემოსასვლელები და სალაროები; იცვლება ატრაქციონების დეტალები, მიმდინარეობს 3 ატრაქციონის სრული რესტავრაცია; იღებება ატრაქციონების ჯებირები; ახლდება და ტენტით იხურება ატრაქციონების მოსაცდელი ზონები; ახლდება ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; იცვლება პარკის აუდიო-ვიზუალური კონცეფცია; სრულად აღდგება დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად ახლდება 3 კვების ობიექტი მაგიდებითა და სკამებით, ახალი მენიუთი და დიზაინით; კარტინგების ზონას ექნება ახალი ტრიბუნა და 8 ახალი მანქანა; პარკს კეთდება ახალი გამწვანება, ახალი მცენარეთა ჯიშები, რომლებიც უფრო დიდ და მასშტაბურ გამწვანებას შექმნის; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე ეწყობა სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; მიმდინარეობს სკამების რესტავრაცია; ახლდება ლამპიონები; შენდება 2 ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონა; ახლდება ნაგვის ურნები; სუფთავდება და ახლდება სველი წერტილები; მკაცრდება პარკის უსაფრთხოების ზომები და რაც მთავარია, „ციცინათელას“ განახლებული პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.

„მთელ ამ პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულნი ადგილობრივები — ვყიდულობთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას და სამუშაო ჯგუფებიც ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული. დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობს კვალიფიციური ადგილობრივი ჯგუფი, რომელსაც „Black Sea Arena-ზე“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ და გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოვუძებნოთ არსებულ ნივთებსა თუ მასალებს,“ — აცხადებს ციცი იაშვილი.
წელს „Starring Georgia“ განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის სექტორთან, რათა საქართველოში დაგეგმილმა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებმა, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს. აღსანიშნავია, რომ „Guns N' Roses-ის“ კონცერტი, ფაქტობრივად, 1 წლით ადრე დაანონსდა, რათა ტურისტულ სააგენტოებს ეფექტიანი მუშაობის საშუალება ჰქონოდათ. ციცი იაშვილის თქმით, „Starring Georgia“, ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით, ყოველი ღონისძიების დაანონსებამდე აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოში რეგისტრირებულ ტურისტულ სააგენტოებს და სანამ ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყება, მათ საჭირო რაოდენობის ბილეთების დარეზერვების საშუალებას აძლევს. ამ მხრივ, 2025 წლის სეზონი რეკორდულია. საქართველოში დაგეგმილი კონცერტებისადმი არსებულმა მზარდმა ტურისტულმა ინტერესმა წელს, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია.
„ტურისტული ინტერესი ძალიან დიდია და ყოველწლიურად იზრდება. გაზრდილ ინტერესზე მეტყველებს ისიც, თუ რა რაოდენობით და სისწრაფით იყიდება ბილეთები. ყოველწლიურად ახალ რეკორდს ვამყარებთ, რაც წელს ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 6 საათში გაყიდულ 50 000-ზე მეტ ბილეთში გადაითარგმნა. ბილეთების, დაახლოებით, 20 პროცენტი უცხოური IP მისამართებიდანაა შეძენილი. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო ნამდვილად შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების ღონისძების მასპინძლობა შეუძლიათ; რაც შეეხება რეგიონს, ჩვენ აქ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ.
ჩვენთვის ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები კამპანიის — „გურია მთავარ როლში" — სახით, რომლის ფარგლებშიც, მეწარმეები სხვადასხვა მიმართულებით გადავამზადეთ. წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა, მაგალითად, კვების მიმართულებით, ადგილობრივ მეწარმესთან ვითანამშრომლებთ. გამოჩნდნენ ახალი სტარტაპები, რომლებსაც სურთ, საკუთარი საქმიანობა „Starring Georgia-ს“ კონცერტებს დაუკავშირონ, იქნება ეს სახის მოხატვა თუ სხვა მსგავსი მომსახურებები. გარდა ამისა, გამოვყოფდი 2 კომპანიას, რომელთაც ჩაის პლანტაციები აქვთ. მათ გადაწყვიტეს, თავიანთ სერვისს დამატებითი აქტივობები მიაბან და სტუმრებს, მაგალითად, ჩაის ცერემონიები შესთავაზონ. ადგილობრივი მეწარმეები უკვე ხვდებიან იმასაც, რომ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და სოციალური არხების ქონაც აუცილებელია. ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯებია და მჯერა, რომ ამ სეზონის შემდეგ, როდესაც რეალურ სიკეთეებს დაინახავენ, მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება,“ — აცხადებს ციცი იაშვილი.
R