ქუთაისში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. დანაშაული 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 35 წლის თეიმურაზ ჩოგოვაძემ მეზობელს, 55 წლის იოსებ ხარაბაძეს დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი, მართალია, სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სამართალდამცველებმა 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს, დაკავებულს ბრალი წაუყენეს და სასამართლომაც უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე. მართალია, ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ ბრალდებული, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იმ დღეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულს ქუჩაში შეხვდა, რათა გაერკვია მათი უთანხმოების დეტალები, სწორედ ამ დროს დასრულდა მათი კონფლიქტი სისხლისღვრით. ბრალდებულის ადვოკატის, გელა სიორდიას თქმით, მისი დასაცავი თავს იცავდა, რადგან მოკლული მამაკაცი მას აქეთ ემუქრებოდა მოკვლით და როგორც აღნიშნავს, არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.
იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, ადვოკატი გელა სიორდია:
- 55 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტი 19 მაისს, ღამის საათებში მოხდა. შემდეგ, ის სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თეიმურაზ ჩოგოვაძე, გამთენიისას ჩაბარდა სამართალდამცველებს. ცნობილია, რომ გარდაცვლილს ჰქონდა დანა, რომელსაც იქნევდა ბრალდებულის მისამართით, ჩოგოვაძეს შეეშინდა, მას თვითონაც ჰქონდა დანა, ამოიღო და დაარტყა, ანუ თავი დაიცვა. ეს არის აუცილებელი მოგერიება და არა - განზრახ მკვლელობა. დადგა ცუდი შედეგი და გარდაიცვალა 55 წლის იოსებ ხარაბაძე. თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ის თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია...წაიკითხეთ ასევე