თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა აღმაშენებელზე ხეივანზე გასასვლელი გზა ჩაკეტეს.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩის გახსნას ცდილობენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების პირისპირ კორდონიც გააკეთა, რომ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა არ სცადონ.
ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან აქციის მონაწილეები. ასევე ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებიც როგორც საქალაქო სასამართლოს ეზოში, ისე მთელს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
"ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ", - ასე მიმართა საზოგადოებას ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბორკილების დადებისას მას შემდეგ, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი კი არსებით განსახილველად გადავიდა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წაიკითხეთ ასევე: