ოფიციალური ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯარის საგარეო დისლოკაციას პირველად მოახდენს. გერმანიის კანცლერმა ლიეტუვაში ვიზიტისას მოუწოდა მოკავშირეებს, რუსული საფრთხის ფონზე ევროპული თავდაცვის გაძლიერებისთვის ძალისხმევა მნიშვნელოვნად გააფართოონ.
ფრიდრიხ მერცმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომლითაც ოფიციალურად ჩამოყალიბდა შეიარაღებული ბრიგადა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას ისახავს მიზნად.
მერცმა თქვა: "ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, დავიცვათ ალიანსის ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან. ჩვენი ბალტიელი მოკავშირეების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა".
ჯარის განლაგება, რომელიც ბუნდესვერისთვის უპრეცედენტოა, მიზნად ისახავს ლიეტუვისა და მისი მეზობელი ბალტიის ქვეყნების, ესტონეთისა და ლატვიის დაცვას. ეს ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომლებიც ახლა ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან და რუსეთის შესაძლო აგრესიას უფრთხიან.

ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა აღნიშნა, რომ „რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი“, რომელიც ევროპის რუკის ხელახლა დახაზვას ცდილობს, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის მძიმე საფრთხეს ქმნის.
მერცმა, რომელიც პირველი კანცლერია ბუნდესვერში სამსახურის გამოცდილებით, დაამატა: "ჩვენ მტკიცედ ვუდგავართ გვერდში უკრაინას, მაგრამ ასევე ვდგავართ ერთად, როგორც ევროპელები და, სადაც შესაძლებელია, როგორც გუნდი აშშ-სთან ერთად".
ნაუსედამ მადლობა გადაუხადა მერცს გერმანიის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ახალი საბრძოლო ბრიგადის შექმნისთვის, რომელიც ლიეტუვის თხოვნით ჩამოყალიბდა.

"ჩვენ კარგად გვესმის საფრთხის სერიოზულობა და გვჯერა, რომ მას ჩვენი მოკავშირეების გვერდით დადგომით შევხვდებით“, ხაზი გაუსვა მან. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს ნატოს ახალი მიზნის მიღწევას – მშპ-ის 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვას გეგმავს.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა, ამავე მაჩვენებელს 2032 წლისთვის მიაღწევს - მშპ-ის 3.5% სამხედრო შესყიდვებს მოხმარდება, ხოლო 1.5% – სამხედრო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა გზები, ხიდები და პორტები.