გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა 4 მარტს დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.
საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი, რადგან თეონა ორსულობის პერიოდს არ აფიშირებდა. არც სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა საკუთარი ფეხმძიმობის ფოტოებს.
AMBEBI.GE თეონა ცირამუას ახალშობილ ტყუპზე, დედობით გამოწვეულ სიხარულზე, ასევე ემოციასა და პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.
თეონა ცირამუა:
- საზოგადოებისთვის მოულოდნელი ალბათ იმიტომ აღმოჩნდა ჩვენი ოჯახის ამბავი, რომ მაინცდამაინც რაღაცების აფიშირება არ მიყვარს. სოციალურ ქსელშიც ორსულობის დროს ფოტოებს არ ვდებდი. მაგრამ როცა უკვე კირასა და თუთას სახელებით სტატუსი გამოვაქვეყნე, ამ ყველაფერს დიდი ეფექტი ჰქონდა. მოკლედ, რადგან ჩემი ორსულობის აფიშირება მაინცდამაინც არ მხიბლავდა, ეს გზა ამიტომ ავირჩიე... ტყუპამდე ცოტა ვიწვალეთ, გამოვიდა, რომ 5 წელი ჩვენს ტყუპ გოგოს ველოდებოდით. ვნატრობდით, ერთი ბავშვი გამაჩენინა და ისე მოხდა, რომ ერთის ნაცვლად ორი დაიბადა...
ექოსკოპიის ეკრანზე ორი შემომრგვალებული და შიგნით ორი წერტილი, რომ დავინახე, ნეტავ, ტყუპი ხომ არ არის-მეთქი? - გავიფიქრე. ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ ექოსკოპისტმა მითხრა, - ტყუპს ელოდებითო.
- როგორი რეაქცია გქონდათ?
- უცებ გავიაზრე ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც გორის ქალთა გუნდის წინაშე მაქვს აღებული, გამახსენდა ასევე რა ენერგიას ვხარჯავ მარტო გზაში, ვიდრე თბილისიდან გორში ჩავალ და ამის ფონზე ერთდროულად ორი ბავშვი. ყველაფერმა თავში წამიერად რომ გამიელვა, იქვე კითხვაც გამიჩნდა - ამდენს როგორ შევძლებ. ამხელა საქმეებს ერთად როგორ წავუძღვები-მეთქი? - ეს ფიქრები უეცრად წამოვიდა. ის კი არა, ასეთი აზრები მაშინაც მქონდა, როცა ერთი ბავშვის გაჩენას ვფიქრობდი და უცებ ერთდროულად ორი პატარა...
მერე ყველაფერი კარგად გავიაზრე და ამ ამბავში ბევრი დადებითი მომენტიც დავინახე. ერთმანეთს გაართობენ-მეთქი... საერთოდაც ორი ბავშვი მინდოდა, რადგან მიმაჩნია, რომ დედისერთობა სასურველი არ არის. მოკლედ, კირა და თუთა ჭანტურიები 4 მარტს საკეისრო კვეთით დაიბადნენ.

- როგორი გოგოები არიან?
- ფერებით დაახლოებით ერთნაირები, - თმის და თვალის ფერს ვგულისხმობ. ორივე ლურჯთვალები არიან, მეუღლეც ლურჯთვალაა. უკიდურეს უმცირესობაში აღმოვჩნდი - ოჯახში მხოლოდ მე მაქვს ყავისფერი თვალი. იდენტური ტყუპი არ არის, სხვადასხვა კვერცხუჯრედში ისხდნენ. შესაბამისად არც ხასიათებით აღმოჩნდნენ იდენტურები, ყველანაირად სხვადასხვანაირები არიან. აბსოლუტურად განსხვავებული ნაკვთები აქვთ... თუთა „ბულკივით“ ბავშვია. კირა ცოტა წონა ნაკლული (კილო-ნახევარი. თვე-ნახევარი ინკუბატორში იყო) გაჩნდა. თუთა 2 კილო და 900 გრამი გახლდათ... მოკლედ, კირას უნდა, რომ თავისი გაიტანოს, მაგრამ მე ვებრძვი, ისიც - არ მეპუება...
- რას ატყობთ, მუსიკალური მიმართულებით ავლენენ გარკვეულ უნარებს?
- თუთა გამოსაცვლელ დაფაზე რომ წევს და ვუცვლი, ღიღინებს, ბგერებს აგრძელებს და კარგად იჭერს. გაჩერებული ბგერები მოსწონს. მოკლედ, არის სულ რაღაც მიმიკებში და „სიმღერებში“, ღუღუნებს მტრედივით. კირა რადგან ხშირად ტირის, ჯერ მისი მუსიკალური უნარები ვერ დავადგინე.
- არადა, რა იციან, როგორი მუსიკოსისა და დირიჟორის ოჯახში დაიბადნენ...
- (იცინის) მაგათ დირიჟორის ჯოხს რომ ვაჩვენებ, მერე ნახავენ...
- ამ შესანიშნავ პატარებს 5 წელი ელოდებოდით - რა იყო ეს მოლოდინი თქვენთვის?
- ფაქტობრივად მოლოდინის და წვალების წლები. თავიდან გარე ორსულობა იყო და ოპერაცია დამჭირდა, მერე იყო შეწყვეტილი ორსულობა... ახლა ტყუპს ვუვლი, დეკრეტში ვარ. სამსახურში ოფიციალურად სექტემბერში გავდივარ, მაგრამ რაღაც კონცერტები როცა არის, სადაც შემიძლია, რომ უარი არ ვთქვა, არ ვამბობ უარს. ჩემ გამო 6 თვე გაჩერება გუნდისთვის არ არის სასურველი. გუნდის წევრებიც მერე ინტერესს კარგავენ, რადგან კონცერტი შემოქმედისთვის მთავარი რამაა. სექტემბრიდან ისევ ისეთ რეჟიმში რომ ვიქნები და ბავშვებმა რომ ვერ უნდა მნახონ ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ გადავწყვიტე, 6 თვემდე მათთან აქტიურად ვიყო. თან ბუნებრივ კვებაზე მყავს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. გოჩამაც სამსახურიდან შვებულება აიღო და როგორღაც ვაგვარებთ საქმეებს. დედისა და ბავშვების ურთიერთობა 6 თვის მერეც მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ თვეებში პატარები დედის გარეშე ცოდოები არიან. ამიტომ მათთანაც ვარ და რაღაცნაირად გუნდიც არ „დავაძინე“. იმ 5 წლის მანძილზე კი იყო გულისწყვეტა, ცოტა გაბრაზებაც, რა გახდა ერთი ბავშვი-თქო?! - სულ ვამბობდი, მაგრამ ცხოვრებაში ლანგრით არასდროს არაფერი მომსვლია...

- რას გულისხმობთ?
- ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ის თანამდებობა, რაც გორის ქალთა გუნდში მიჭირავს, ხონჩით მომართვეს... ბევრი ფეხის დადება მქონდა, ამიტომ ბრძოლას მიჩვეული ვარ... ნებისმიერი საქმის დაწყების წინ მითქვამს, რომ ყველა ვარიანტში შედეგი იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება ცხოვრებაში რაღაც ადვილად გამომივიდეს-მეთქი?! არა, ასე არ ხდება. ბოლოს აუცილებლად კი გამოდის, მაგრამ მთელი ძალისხმევა, ენერგიაა მასში ჩადებული. შვილებიც შემთხვევაშიც ასე მოხდა... მჯეროდა, რომ დედა აუცილებლად გავხდებოდი, რადგან ყველაფერი ჯანმრთელობის მხრივ წესრიგში მქონდა. ჩემი ექიმიც მეუბნებოდა, მთავარია, გამომყვე, მომენდო და დედას გახდიო. ექიმი ამას ჰაერზე არ იტყვის. მის ხელში ვიყავი და ყველაფერი იცოდა ჩემ შემთხვევაში რა ხდებოდა და ამის საფუძველზე ამბობდა.
- როგორც შევიტყვეთ, ტყუპის დაბადება რამდენიმე წლით ადრე მეუფე ისაიამ იწინასწარმეტყველაო...
- მეუფე ისაია ჩვენი მოძღვარია - ჩემი და გოჩასი. ის ნიქოზის ფესტივალს (ანიმაციური ფილმების ფესტივალი) ატარებს. რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერ გორის ქალთა გუნდი გამოვედით. ფესტივალს ჩვენი კონცერტით ვხურავთ. სულ თავიდან, როცა იქ მიგვიწვიეს, მეუფე ისაია მაშინ გავიცანი. მერე ძალიან დავახლოვდით, გვარად ჭანტურიაა, ჩემი მეუღლის მოგვარე... მოკლედ, ჩვენ შორის ძაფები გაიბა, - მასაც ძალიან ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს. ნიქოზში ჯვარი მან დაგვწერა.

მისმა მრევლმა ეკა იმერლიშვილმა, რომელიც გორის გუნდის წევრია, მითხრა - მეუფემ თქვა - თეონას ტყუპი ეყოლებაო. ეს ჩემი ერთ-ერთი უშედეგო ფეხმძიმობის შემდეგ უთქვამს, როდესაც მათ ჩემზე უსაუბრიათ. ამას მაშინ კი მივაქციე ყურადღება, მაგრამ მერე მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ტყუპი რომ შემეძინა, მეუფის ის ნათქვამი მერე გამახსენდა... ახლა მასთან კი გვინდა, ჩავიდეთ, მაგრამ ჯერ ასე ორი ჩვილი ბავშვით ვერ ვახერხებთ, თან ორთვე-ნახევრისები არიან.
- მუსიკოსისა და დირიჟორისთვის, თეონა ცირამუასთვის დედის ამპლუა ემოციურად როგორია?
- ამას ახლა უფრო ვაცნობიერებ, თავიდან ვერ აღვიქვამდი. თეორიულად კი ვიცოდი, რომ დედა გავხდი, მაგრამ რაღაცნაირად მაგ დროს ტვინი არეულია, ყველაფერი მაჭარივით ტრიალებს. ახლა უკვე რაღაცები ნელ-ნელა დალაგდა და დაღვინდა. დედის სტატუსს ვაცნობიერებ, ასევე დიდ პასუხისმგებლობას, რასაც დედობა ჰქვია. მადლობა ღმერთს ამისთვის...

შეიძლება ვიღაც ამას რთულად სულაც არ უყურებს, მაგრამ მე ასეთი ტიპაჟი ვარ, რომ ყველაფერს ძირფესვიანად ვუღრმავდები და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. შვილების მომავალზეც ვფიქრობ... არ გიკითხავთ, მაგრამ ვიტყვი, ისე არ არის, რომ გინდა თუ არა მუსიკოსები უნდა იყვნენ. ასეთი მიდგომა არ მაქვს. რა პროფესიის იქნება თითოეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პროფესიონალები იყვნენ თავიანთ საქმეში, რასაც აირჩევენ.
ბოლოს კი თეონა ანთიას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვისი დამსახურებითაც ეს ორსულობა დადგა და ასევე მადლობა ზაზა სინაურიძეს, რომელიც მფარველი ანგელოზივით იყო - გვერდით მედგა. ორივეს მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი რამ იყო. მთელი ცხოვრება მათი უზომო მადლობელი ვიქნები.