გუშინ, გერმანიაში, ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი იყო.
ჰამბურგის პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, 39 წლის ქალი დააკავეს.
"იმის გათვალისწინებით, რაც ამ დროისთვის ვიცით, ვვარაუდობთ, რომ ის მარტო მოქმედებდა. საქმის გარემოებების გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე.
ჰამბურგის ცენტრალური სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქალი პლატფორმაზე მარტო მოქმედებდა და, შესაბამისად, სხვა თანამზრახველები არ არსებობენ.

მოგვიანებით, პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან აბენსეტმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს ვერსიას, რომ შესაძლოა, ეჭვმიტანილს „ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონოდა“.
"ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქალს პოლიტიკური მოტივები ჰქონდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებისას ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
Bild-ის ინფორმაციით, ზოგიერთ დაშავებულს დახმარება პირდაპირ მატარებლებში აღმოუჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთ პლატფორმაზე, მე-13 და მე-14 ლიანდაგებს შორის მოხდა.
მანამდე პოლიციამ განაცხადა, რომ სადგურზე მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ტარდებოდა.
სადგური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია. პარასკევის საღამოს საათებში იქ რეგულარულად დიდი ხალხმრავლობაა. გარდა ამისა, პარასკევს სასკოლო არდადეგები დაიწყო.
კომპანია Deutsche Bahn-მა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ოთხი პლატფორმა დაიხურა და ინციდენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს „შორ მანძილზე მიმავალი მატარებლების შეფერხებები“.