ავტორი:

"ჯანმრთელობის პრობლემებმა ფსიქოლოგიასთან დამაახლოვა... 12 წელი ძალიან სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი იაპონელებთან" - ცისანა სეფიაშვილი ოჯახსა და კარიერაზე

"ჯანმრთელობის პრობლემებმა ფსიქოლოგიასთან დამაახლოვა... 12 წელი ძალიან სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი იაპონელებთან" - ცისანა სეფიაშვილი ოჯახსა და კარიერაზე

"ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის ოთხი შვილის დედობა", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი. ამ სამყაროში რა აკვირვებს ყველაზე მეტად, რაში ხედავს ბედნიერებას, რის გამო იღებს საყვედურებს და შეცვლიდა თუ არა რამეს ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მოლარე. მაშინ სულ სხვაგვარი სალაროები იყო, თავისებურ ხმას გამოსცემდა და ძალიან მომწონდა. მერე ექიმობის სურვილი გამიჩნდა და მალე საუკეთესო "სამსახური" გამოვიგონე, საავადმყოფოს შესასვლელში მოლარედ მუშაობა გადავწყვიტე.

- ჩემზე ამბობენ...

- ახლობლები იმდენ კარგ რამეს ამბობენ, რომ გამეორება მეუხერხულება. უცნობებისგან ხშირად გამიგია, ვიდრე გაგიცნობდი, სხვაგვარი ადამიანი გვეგონეო.

- სხვაგვარში რას გულისხმობენ?

- ჯემალ სეფიაშვილის შვილი უნდა ყოფილიყო ცხვირაწეული, ცივი... ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი. გავიზარდე სიყვარულით სავსე გარემოში, სადაც მასწავლიდნენ, ადამიანი რაც უფრო დიდია, მით უფრო თავმდაბალი და მოსიყვარულეა. ქედმაღლობა და ამბიციურობა კომპლექსიან ადამიანებს ახასიათებთ. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი სიყვარული და პოზიტივი გავცე, ჩემი ოჯახის წევრები ასე ცხოვრობდნენ და მაგალითს მაძლევდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ახლანდელი გამოცდილებით და ტვინით? რაღაცებს შევცვლიდი, თუმცა, რომ არა ის ტკივილები და განსაცდელები, რომლებიც მქონდა, ალბათ, დღეს ასეთი ადამიანი არ ვიქნებოდი. ალბათ, ასე იყო საჭირო, ყველაფერი უფლის ნებაა...

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატება...

- არის ოთხი შვილის დედობა. ყოველთვის ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ადამიანების სიყვარულს ვინარჩუნებ, ამისთვის დიდი მადლობა მათ. ძალიან ადვილია მოიპოვო პოპულარობა, მაგრამ რთულია ხალხის სიყვარული შეინარჩუნო. 12 წელი ძალიან სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი იაპონელებთან და იქ ბევრი რამ ვისწავლე. ცხოვრების ყველა ეტაპი ჩემთვის მუდმივი განვითარების პროცესია. ჯანმრთელობის პრობლემებმა ფსიქოლოგიასთან დამაახლოვა. დღემდე ვვითარდები, ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობ და ეს მომწონს.

მეუღლესთან ერთად

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ყველაფერი მაბედნიერებს, წვრილმანი დეტალებიც კი, ყოველთვის ასეთი ვიყავი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ცისანას რა ენაღვლება? მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი განსაცდელი, სატკივარი, პრობლემა, თუმცა ამასთან ერთად ბევრი კარგი რამ ხდება. რომ ვიღვიძებთ და თვალს ვახელთ, ეს უკვე ბედნიერებაა. თუ გვინდა მოწყენილები და უმადურები ვიყოთ, ასეთები ვიქნებით. სასწაული შვილები მყავს, უკარგესი მეუღლე, მშობლები, საყვარელი საქმე... რამდენიმე დღის წინ ჩემმა პატარამ მითხრა, - რა ცუდია, წვიმს. მე კი ვუთხარი, - არა, ამინდი ჩვენშია. ასე ვზრდი, ასე ვასწავლი, ცხოვრება ძალიან ლამაზია. როგორ დავძლევთ სირთულეებს, როგორ გავივლით ამ გზას, მთავარი ხიბლიც ამაშია...წაიკითხეთ ასევე

ნახეთ ასევე: